ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ წაახალისოს თავდასხმა მედიის წარმომადგენლებზე

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა თბილისის მერის კახა კალაძის 20 ივლისის განცხადებას, რომელშიც მან მედიის საქმიანობა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს შეადარა. ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა:

„ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით შეშფოთება პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკის გამო, რომლითაც საქართველოში იქმნება არასათანადო გარემო მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების თავისუფალი მუშაობისათვის. აღნიშნული უარყოფითად აისახება ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე. სწორედ მმართველი პარტიის განცხადებებით იქნა წახალისებული 5 ივლისს მედიის 53 წარმომადგენლის მიმართ ძალადობრივი ქმედებები.

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა და შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და გადავიდნენ საქმიანი ურთიერთობის რეჟიმზე“, - აღნიშნულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

ასევე ნახეთ კალაძემ ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს შეადარა მედიის მუშაობა

5 ივლისს თბილისში "თბილისი პრაიდის" ფარგლებში "ღირსების მარში" იგეგმებოდა, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი მსვლელობის, მედიაზე თავდასხმისა და ოფისების დარბევის შემდეგ "ღირსების მარში" გაუქმდა. ჰომოფობიური, ულტრაკონსერვატორი და ნაციონალისტური, პრორუსული ჯგუფების ძალადობის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 ჟურნალისტი. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

მედიაზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ ჟურნალისტები ორგანიზებული აქციებითა და პერფორმანსებით, სტუდიების გარდა, ქუჩიდანაც ცდილობენ თავიანთი პროტესტის გამოხატვას. ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომას და მოძალადეების დასჯას ითხოვენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები მედიას ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით სპეკულირებაში სდებენ ბრალს, კრიტიკულ მედიასთან ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და აღნიშნავენ, რომ მედია ფსიქოლოგიურად ძალადობს მათზე.