კალაძემ ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს შეადარა მედიის მუშაობა

კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც რამდენიმე წუთის წინ კვლავ დაასახელეს დედაქალაქის მერობის კანდიდატად, მთაწმინდის პარკში მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლა 5 ივლისს განვითარებული მოვლენების შეფასებით დაიწყო. კალაძე თავდაპირველად მიესალმა მედიის წარმომადგენლებს და განაცხადა, რომ სურს კიდევ ერთხელ გამოხატოს პოზიცია 5 ივლისის მოვლენების შესახებ. მოგვიანებით კი მედიის საქმიანობა შეაფასა უარყოფითად და ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს შეადარა მათი მუშაობა.

„რასაკვირველია, ძალადობა და სიძულვილი კლავს ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს, და ყველა ის ადამიანი, ვინც 5 ივლისს გიმეტებდათ, გირტყამდათ, ძალადობდა, აზიანებდა ქვეყნის განვითარებასა და ჩვენს ხვალინდელ დღეს. ეს დასჯადი ქმედებაა და ეს ყველაფერი სამარცხვინოა“, - განაცხადა კალაძემ და განაგრძო - „არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, მთელი წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ჩვენს საზოგადოებაში. ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელევიზიიდან, ტელეეთერებიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს, მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო. ამიტომ, როდესაც ხვალინდელ თბილისზე ვსაუბრობთ, ჩემი, თქვენი და ყველას სურვილი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი - დავამარცხოთ სიძულვილი და ერთმანეთის მტრობა“.

5 ივლისს თბილისში "თბილისი პრაიდის" ფარგლებში "ღირსების მარში" იგეგმებოდა, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი მსვლელობის, მედიაზე თავდასხმისა და ოფისების დარბევის შემდეგ "ღირსების მარში" გაუქმდა. ჰომოფობიური, ულტრაკონსერვატორი და ნაციონალისტური, პრორუსული ჯგუფების ძალადობის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 ჟურნალისტი. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.