26 წლის ყაზახი ქალის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ბესიკ თორდუას ადვოკატი პროკურატურას მიმართავს წერილით და ბესიკ თორდუას ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს. ბესიკ თორდუა, რომელსაც პროკურატურა ქალის გაუპატიურებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავებოდა, 14 ივლისს, კლინიკა „ვივა მედიში“ გარდაიცვალა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალური ცნობით, 56 წლის კაცი, რომელიც წინასწარ ორთვიან პატიმრობაში იმყოფებოდა, გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში 30 ივნისს, ძლიერი თავის ტკივილით, გონების კარგვითა და მაღალი წნევით გადაიყვანეს, სადაც მას დაუდგინდა ტვინის ინფარქტი, საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევაც, თუმცა, საავადმყოფოში მოთავსებიდან ორ კვირაში, ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
ბესიკ თორდუას ადვოკატმა, ლაშა შუკაკიძემ, წერილი გენერალური პროკურორის სახელზე უწყებაში 20 ივლისს შეიტანა. ადვოკატი ეჭვობს, რომ კაცი „ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა“. მას კითხვები აქვს როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, ისე გამოძიებასთან. ადვოკატი ვარაუდობს, რომ გამოძიება ხარვეზებით მიმდინარეობს და მიმართავს პროკურატურას, დაუყოვნებლივ ცნოს გარდაცვლილის ოჯახი დაზარალებულად, რათა მათ საქმის მასალებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცეთ:
„მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო გავიდა ბესიკ თორდუას გარდაცვალებიდან, პროკურატურამ ჯერ კიდევ არ გვცნო დაზარალებულად. ჩვენ არ გვაქვს სრული წვდომა მასალებზე, არ გვაქვს შესაძლებლობა გავეცნოთ იმ ქმედებებს, რაც პროკურატურამ და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიების პროცესში განახორციელა. ეს საქმე დაიწყო კანონდარღვევით ჯერ კიდევ სასჯელაღსრულებიდან, რადგან ბესიკ თორდუას ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ, დროულად არ შეგვატყობინებს. მისი გარდაცვალების შემდეგ, ექსპერტიზაც ჩუმად ჩაატარეს. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ პროკურატურას, რომ დაუყოვნებლივ გვცნონ დაზარალებულად, რადგან გვქონდეს საქმის მასალებზე წვდომა. ვხედავ უკვე, რომ პროკურატურა და სასჯელაღსრულება ცდილობენ დამალონ ფაქტები, გარემოებები, გააქრონ მტკიცებულებები აღნიშნულ საქმეზე“.
გარდაცვლილის ადვოკატი ირწმუნება, რომ ბესიკ თორდუა, რომელიც 8 მაისიდან იმყოფებოდა წინასწარ ორთვიან პატიმრობაში, გლდანის დაწესებულებაში ჯანმრთელი შევიდა. მისი თქმით, ბრალდებულს არ ჰქონია ჯანმრთელობის გამოკვეთილი პრობლემები. ლაშა შუკაკიძე აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებას, ამ დრომდე, არ ჩაუტარებია შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები:
„კონკრეტულად, გარდაცვლილის თანამესაკნეები არ არიან გამოკითხულები, შესაბამისი ვიდეო-ჩანაწერები დღემდე არ არის ამოღებული, რას ითხოვდა, როგორ ითხოვდა, რა პრეპარატებს იღებდა, შესაძლებელი იყო თუ არა პრეპარატის შეცვლა და ა.შ. მისი ავადმყოფობის შესახებ ოჯახის წევრებს ინფორმაცია არ შეატყობინა სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა, ისე გადაიყვანეს კლინიკაში, რომ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ასევე, დროულად არ შეგვატყობინეს ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ“.
ბესიკ თორდუას გარდაცვალებისა და მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, ბრალდებულის გარდაცვალებიდან თითქმის 24 საათის შემდეგ, 15 ივლისს გაავრცელა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის დროს ჩატარებული სამედიცინო შემოწმებისას, მას არტერიული ჰიპერტენზია დაუდგინდა, მიეცა შესაბამისი დანიშნულება და მუდმივად იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ:
„30 ივნისს, დაწესებულების ექიმთან დააფიქსირა ძლიერი თავის ტკივილი, გონების კარგვა, რის შემდგომაც გაუარესდა მეტყველება, დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა. პატიმარი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის (სავარაუდო) გამო, გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში სასწრაფო დახმარების მიერ.
კლინიკაში ჩატარებული თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგებისა და ნევროლოგის კონსულტაციის საფუძველზე, დაუდგინდა დიაგნოზი: თავის ტვინის ინფარქტი, დაუზუსტებელი. მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მოთავსდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, უტარდებოდა დანიშნული მკურნალობა, ინტენსიური მონიტორული მეთვალყურეობა. ნეიროქირურგის საკონტროლო კონსულტაციის შედეგად საჭირო გახდა სასწრაფო ოპერაციული ჩარევა. ოპერაციის შემდეგ ზოგადი მდგომარეობა რჩებოდა მძიმე, ჰემოდინამიკური პარამეტრები არასტაბილური.
მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, 14 ივლისს დაფიქსირდა ბრადიარითმია, რომელიც მალევე გადავიდა ასისტოლიაში. დაწყებულ იქნა გულ-ფილტვის რეანიმაცია პროტოკოლის სრული დაცვით, თუმცა გულის მექანიკური ფუნქციის აღდგენა ვერ მოხერხდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“.
რას პასუხობს პროკურატურა და სახელმწიფო ინსპექტორი რადიო თავისუფლებას?
რა საგამოძიებო მოქმედებები ატარებს პროკურატურა პატიმრის გარდაცვალების საქმეზე? რას პასუხობს უწყება ადვოკატის ბრალდებებს და აპირებს თუ არა, რომ გარდაცვლილი პატიმრის ოჯახს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიანიჭოს? ამ კითხვებით რადიო თავისუფლებამ გენერალური პროკურატურის პრეს-სამსახურს მიმართა.
როგორც პრეს-სამსახურში განგვიმარტეს, ბესიკ თორდუას გარდაცვალების საქმეზე მოკვლევას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აწარმოებს. მათივე ცნობით, გარდაცვლილის ადვოკატსა და ოჯახს, ინსპექტორის სამსახურმა საქმის მასალების გაცნობა უკვე შესთავაზა:
„რაც ჩვენ გავარკვიეთ, ოჯახს და ადვოკატს ინსპექტორის სამსახურმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ მათ ნებისმიერ დროს აქვთ საქმის მასალების გაცნობის საშუალება. ჩვენ საპროცესო ზედამხედველობას ვაწარმოებთ ინსპექტორის სამსახურზე, მაგრამ ამ საქმის შესწავლა მიმდინარეობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. რაც შეეხება დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, ოჯახისთვის ეს სტატუსი არ მიგვინიჭებია. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ჯერჯერობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მიმდინარეობს ამ საქმის შესწავლა, მომავალში რა იქნება, ვნახოთ“.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი ბესიკ თორდუას გარდაცვალების საქმეს სწავლობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობის ფაქტს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აცნობა.
როგორ უწყების მიერ გამოგზავნილ წერილობით პასუხში ვკითხულობთ, გამოძიების დაწყებიდან, საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდა ათობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, კერძოდ:
„მოწმის სახით გამოიკითხა სპეციალური პენიტენციური სამსახურის და სამედიცინო კლინიკა "ვივამედის" თანამშრომლები; დათვალიერდა შემთხვევის ადგილი; ამოღებული იქნა გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ნივთიერი მტკიცებულებები და დოკუმენტაცია; გარდაცვლილის გვამზე დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის დასკვნა ამ დროისთვის მიღებული არ არის; სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან მოთხოვნილი იქნა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბ.თ.-ს გადაადგილების ამსახველი სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მათი გამოთხოვის მიზნით; ამასთან, გამოძიების დაწყების დღესვე შედგა კომუნიკაცია გარდაცვლილის ნათესავთან, რომელსაც მიეწოდა ინფორმაცია ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე. კომუნიკაცია ასევე შედგა გარდაცვლილის ინტერესების დამცველ ადვოკატთან, რომელსაც შეეთავაზა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება, გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით; ამ დრომდე ადვოკატი სხვადასხვა მიზეზით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში არ გამოცხადებულა. რაც შეეხება, მოთხოვნას დაზარალებულად ცნობის თაობაზე, აღნიშნული საკითხი სცდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციას, ვინაიდან პირის დაზარალებულად ცნობის საკითხს წყვეტს საქართველოს პროკურატურა. ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას“.
ბესიკ თორდუას გამოძიებამ ბრალი მიმდინარე წლის 6 მაისს წარუდგინა. ის წინასწარ ორთვიან პატიმრობაში იმყოფებოდა და წინასასამართლო სხდომა 9 აგვისტოს იყო დანიშნული. ბესიკ თორდუა ბრალს არ აღიარებდა.
ასევე ნახეთ ასსელის საქმე - რას უყვება ბრალდებული გამოძიებას? სუიციდი თუ მკვლელობა?26 წლის ყაზახი ქალი, ასსელ აიტპაევა საქართველოში 27 აპრილს, სამუშაოდ ჩამოვიდა. ერთ კვირაში, 5 მაისს, ის თბილისში, კედიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრების ქვეშ, გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის ოფიციალური განცხადების თანახმად, 5 მაისს, თბილისში, 56 წლის ბესიკ თორდუამ ქალი ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააუპატიურა, რის შემდეგაც, ასსელ აიტპაევა მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, მან ერთსაათიანი აუდიოჩანაწერი გაუგზავნა მეგობარს ყაზახეთში. აუდიოჩანაწერი ქალისა და კაცის დიალოგისგან შედგება. ჩანაწერი, სავარაუდოდ, საცხოვრებელ ბინაშია გაკეთებული. დიალოგი, სავარაუდოდ, მიმდინარეობს ასსელ აიტპაევასა და ბესიკ თორდუას შორის. ჩანაწერის თანახმად, კაცი ქალს შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სიტყვებით მიმართავს, აგინებს, ემუქრება „დამდუღვრით“ და ფანჯრიდან გადაგდებით. ასსელის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სწორედ ამ აუდიოჩანაწერიდან შეიტყვეს მათ ისიც, რომ ასსელი მათმა ნათესავმა მურატ მეირბეკოვმა ორჯერ გააუპატიურა.
სწორედ 36 წლის მურატ მეირბეკოვს ასახელებს ქალიშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ ასსელის დედა. ქალი ამბობს, რომ მის შვილს თავი არ მოუკლავს, ის ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო, ხოლო ამ დანაშაულებრივ სქემაში სწორედ მისმა ნათესავმა, მურატ მეირბეკოვმა ჩართო და საქართველოში ჩამოიყვანა.
საქმის მასალებისა და გარდაცვლილი ქალის დედის თანახმად, მისი შვილის საქართველოში ჩამოსვლის ინიციატორი მათი ნათესავი კაცი, მურატ მეირბეკოვი იყო. კაცი რუსთავში, ახლად დაფუძნებულ ყაზახურ-ქართულ საავტომობილო ფირმაში, „ყაზავტოტრანსში“ მუშაობდა და მან ნათესავი ქალი სწორედ ამ ფირმაში სამუშაოდ მიიწვია. ქალს ყაზახურ ენაზე უნდა ეწარმოებინა ავტომობილების ყიდვა-გაყიდვისათვის საჭირო დოკუმენტაცია.
ასსელ აიტპაევას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ყაზახეთშიც. იქ საქმე აღძრულია ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით, რაც ადამიანებით ვაჭრობას გულისხმობს. სწორედ ამ მუხლის საფუძველზეა დაკავებული ასსელ აიტპაევას ნათესავი მურატ მეირბეკოვი. საქართველოში მიმდინარე გამოძიება კი მას 26 წლის ქალის გაუპატიურებასაც ედავება და ყაზახეთის მოქალაქის წინააღმდეგ საქმე საქართველოში აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, გაუპატიურების მუხლით.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყაზახი ქალის გარდაცვალების საქმეში მურატ მეირბეკოვის ბრალის შესახებ საქართველოში მიმდინარე გამოძიება სრულად გადაეცა ყაზახურ მხარეს. ამ ინფორმაციას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას უარყოფს გენერალური პროკურატურის პრეს-სამსახური და აცხადებს, რომ ქართული მხარე აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას ყაზახეთთან და საქმის გამოძიება საქართველოში გრძელდება.