რა პრობლემები შეიძლება წარმოიშვას, თუ სახელმწიფო რაიმე მასობრივ ღონისძიებას შაბათ დღეს დაგეგმავს? უმრავლესობისთვის - არავითარი. მაგრამ 2020 წელს, როდესაც ეროვნული გამოცდები შაბათ დღეს დაინიშნა, აღმოჩნდა, რომ აბიტურიენტებიდან ზოგს შაბათს გამოცდაზე გასვლა რელიგიური მოსაზრებების გამო არ შეეძლო. იმისთვის, რომ უნივერსიტეტში მოხვედრილიყვნენ და თან რწმენაზეც არ ეთქვათ უარი, ორ მათგანს სასამართლოსთვის მიმართვაც კი დასჭირდა.
ლევანი (სახელი შეცვლილია) მეშვიდე დღის ადვენტისტია. მეშვიდე დღეს, ანუ შაბათს, ადვენტისტები განსაკუთრებული კრძალვით ეპყრობიან. ისინი ამ დღეს მხოლოდ ლოცვისთვის, ახლობლებთან შეხვედრისა და დასვენებისთვის იყენებენ. საქმეს შაბათს არავინ აკეთებს, გამონაკლისი შეიძლება იყოს მხოლოდ ისეთი რამ, რასაც ვერაფრით ვერ გადადებ, მაგალითად, სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია.
შაბათისთვის მზადება ლევანის ოჯახშიც პარასკევ საღამოდან იწყება - ალაგებენ სახლს, ამზადებენ მეორე დღის საჭმელს, უკვე დილით კი ეკლესიაში მსახურებაზე მიდიან.
შარშან, როდესაც ლევანი აბიტურიენტი იყო, მოულოდნელი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ორი გამოცდის - ქართულისა და მათემატიკის - ჩაბარების შემდეგ გაირკვა, რომ მესამე, უცხო ენა, შაბათს არის დანიშნული.
„შაბათს გამოცდაზე ვერ გავიდოდი. ამის არც არანაირი სურვილი არ მქონდა. განცხადება დავწერე, რომ მოეცათ უფლება სხვა დღეს ჩამებარებინა, მით უმეტეს, რომ სხვა დღეებშიც იყო ინგლისურის გამოცდა. უარი მითხრეს. ამ დროს, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, ჩვეულებრივად წერდა განცხადებას და გადაჰქონდათ გამოცდა“.
იგივე პრობლემა შეექმნა კიდევ ერთ აბიტურიენტს, რომელიც, ასევე, მეშვიდე დღის ადვენტისტია. მისი დედა, ტატიანა ოვჩარუკი, იხსენებს, რომ მაშინ ძალიან ბევრი ინერვიულეს.
„გამოდის, რომ წელი უნდა დაეკარგა. გარდა იმისა, რომ თავიდან მომზადება დასჭირდებოდა, ჯარში წაიყვანდნენ. მაშინ ძალიან ვინერვიულეთ“.
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა ამ ორი აბიტურიენტის უფლებების დასაცავად თბილისის საქალაქო სასამართლოში იჩივლა. სასამართლომ ცენტრი დაავალდებულა გამოცდა გადაეტანა. აბიტურიენტებმა მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს გამოცდაზე გასვლა. დღეს ორივე სტუდენტია. ახლა, როცა შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები ან სემინარები შაბათს ემთხვევა, ლექტორებს მიმართავენ და ისევ სხვა დღისთვის გადააქვთ.
ამ საქმეებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველმა ერთიანი ეროვნული გამოცდების მარეგულირებელ აქტში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. წელს ეროვნული გამოცდები შაბათ დღეს აღარ დანიშნულა.
„თავიდანვე შეეძლო ცენტრს გადაეტანა, მაგრამ მათი პასუხი იყო, ამას ობიექტური მიზეზების გამო ვერ ვახერხებთო. ამ დროს, იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც სიცხე ჰქონდათ, გადაუტანეს. ჩნდება განცდა, რომ ეს იყო განსხვავებული მოპყრობა რელიგიური ნიშნით“, - ამბობს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურისტი ანზორ ხატიაშვილი. - „სასამართლომ უნდა შეაფასოს ისიც, იყო თუ არა ეს დისკრიმინაცია“.
შესაბამისი სარჩელი სასამართლოში, უკვე ერთი წელია, შეტანილია, მაგრამ სხდომა ამ დრომდე არ ჩანიშნულა.
მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის წინამძღვარი ბორის ჭარაია ამბობს, რომ საქართველოში სულ, დაახლოებით, 400-მდე ადვენტისტია. გარდა ეროვნული გამოცდებისა, მათთვის პრობლემა გახდა ბოლო ორი არჩევნებიც, რომლებიც, ასევე, შაბათს იყო დანიშნული. წინამძღვრის თქმით, ამ შემთხვევაში სიტუაცია მხოლოდ იმ ფაქტმა განმუხტა, რომ ადვენტისტებისთვის, ისევ როგორც ებრაული თემისთვის, შაბათი პარასკევს მზის ჩასვლის მერე იწყება და შაბათს მზის ჩასვლისას მთავრდება. ეკლესიის წევრებიც საარჩევნო უბნებზე მზის ჩასვლის შემდეგ, უბნის დაკეტვამდე ორიოდე საათით ადრე, მივიდნენ.