როგორ მიიღო აჭარამ 100 წლის წინ ავტონომია

100 წლის წინ, 1921 წლის 16 ივლისს ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ - საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა - აჭარის მეჯლისი აჭარის ტერიტორიაზე უმაღლეს ორგანოდ გამოაცხადა, რითაც აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის წარმოქმნას დაუდო საფუძველი. თუმცა, ის, რომ აჭარას, საქართველოს სხვა კუთხეებისგან განსხვავებით, ავტონომია გააჩნია, რეალურად ჯერ კიდევ XVI საუკუნეში დაწყებულმა პროცესებმა განაპირობა. რადიო თავისუფლება ისტორიკოს ბონდო კუპატაძეს ესაუბრა.

ირანსა და ოსმალეთს შორის

XVI საუკუნის პირველ ნახევრიდან სამხრეთ საქართველო ირან-ოსმალეთის ომების პლაცდარმი გახდა. საქართველო ცალკეულ პოლიტიკურ ერთეულებად იყო დაშლილი. ცალკე იყო სამცხე- საათაბაგოც, რომელსაც ჯაყელთა საგვარეულო ედგა სათავეში. ირან-ოსმალეთის ომში ჯაყელები და სხვა მესხი თავადები ხან ერთ, ხან მეორე მხარეს იჭერდნენ. ზოგჯერ კი საერთოდ ცდილობდნენ საკუთარი ინტერესების შესაბამისად ემოქმედათ. ისტორიკოსი ბონდო კუპატაძე ამბობს, რომ სწორედ შიდაფეოდალური დაპირისპირება და შეუთანხმებლობა გახდა სამხრეთ საქართველოს უშუალოდ ოსმალეთის იმპერიაში ინკორპორაციის მთავარი მიზეზი, განსხვავებით დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროებისგან, რომელთაც შეინარჩუნეს ქართული სახელმწიფოებრიობა. სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე შეიქმნა „გურჯისტანის ვილაიეთი“. სარწმუნოების შეცვლის შემთხვევაში მოსახლეობა საგადასახადო შეღავათებს იღებდა.

რუსეთსა და ოსმალეთს შორის

XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიის კავკასიაში შემოსვლის შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა. ოსმალეთის იმპერიამ რუსეთის იმპერიას ადრიანოპოლის ზავის თანახმად 1829 წელს სამცხე-ჯავახეთი დაუთმო, ხოლო 1878 წლის ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, მესხეთის პროვინციები: აჭარა, შავშეთ-იმერხევი, კლარჯეთი, ერუშეთი, ჩრდილი, კოლა, არტაანი, ამიერ-ტაო...

1917 წელს რუსეთის იმპერია დაიშალა. 1918 წლის მარტში, ბრესტის ზავის შესაბამისად, ოსმალეთმა კვლავ დაიკავა მესხეთი. თუმცა იმავე წლის ნოემბერში, „სამთა კავშირი“ (ოსმალეთის, გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის კოალიცია) პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა და ოსმალეთს მუდროსის ზავის პირობებით საკმაოდ დიდი ტერიტორიის, მათ შორის აჭარის დათმობაც მოუხდა. ამ პერიოდში ბრიტანეთის ხელისუფლება, როგორც გამარჯვებული „ანტანტის“ (ინგლისის, საფრანგეთისა და რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი) წარმომადგენელი აჭარას წელიწად-ნახევარი აკონტროლებდა.

2018 წლის 26 მაისი, ბრიტანეთის ჯარი ბათუმში.

ბონდო კუპატაძე: „იმთავითვე იდგა აჭარის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხი. ბრიტანელებთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. ზემო აჭარაში ისლამი საკმაოდ იყო გავრცელებული, მაგრამ ეს ეთნიკურად ქართული რეგიონი იყო. ქვემო აჭარაში კი ქართველების გარდა იყვნენ რუსები, სომხები, ბერძნები და სხვა ეთნოსის წარმომადგენლები“.

რუსეთსა და თურქეთს შორის

აჭარაში იყვნენ პრორუსულად და პროთურქულად განწყობილი ძალები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ თუ აჭარა (დანარჩენ კავკასიასთან ერთად) რუსეთის ფარგლებში შევიდოდა ის ავტონომიას მიიღებდა. ასევე ავტონომიის იმედი ჰქონდათ პროთურქულ ძალებს, იმ შემთხვევაში თუ აჭარა თურქეთს შეუერთდებოდა.

1919 წლის 31 აგვისტოს სამუსლიმანო საქართველოს წარმომადგენელთა პირველმა ყრილობამ მიიღო ფართო ავტონომიის საფუძველზე ბათუმის ოლქის საქართველოსთან შეერთების გადაწყვეტილება. 1919 წლის 9 სექტემბერს დაიწყო საქართველოდან ბრიტანეთის ჯარის ეტაპობრივი გასვლა, რაც დასრულდა 1920 წლის თებერვალში. 1920 წლის მარტში ბათუმში საქალაქო არჩევნები ჩატარდა, აირჩა 36-ხმოსნიანი ქალაქის საბჭო. სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარემ მემედ აბაშიძემ მემორანდუმით მიმართა ბრიტანეთის უმაღლეს კომისარს კავკასიაში ოლივერ უორდროპს, გადაწყვეტილიყო ბათუმის ოლქის საკითხი.

ოლივერ უორდროპი

1920 წლის აპრილში სან-რემოს საზავო კონფერენციაზე იტალიის პრემიერის ნიტტის თავმჯდომარეობით ბათუმის საკითხი განიხილებოდა. პარალელურად, ბათუმის ოლქის წარმომადგენელთა ყრილობამ მიიღო რეზოლუცია: „ქალაქ ბათუმის და ბათუმის ოლქის დედასამშობლო საქართველოსთან ავტონომიურად გაერთიანების შესახებ“. მათ გააპროტესტეს პარიზის კონფერენციის გადაწყვეტილება - ბათუმის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფის და მასზე ერთა ლიგის განსაკუთრებული მანდატის დაწესებაზე.

საბოლოოდ, ანტანტის უმაღლესი საბჭოს თანხმობით, 1920 წლის ივლისში ბათუმში გენერალ გიორგი კვინიტაძის სარდლობით ქართული ჯარი შევიდა. დაწესდა შეთანხმებული მოქმედება აჭარის მეჯლისსა (ლიდერი: მემედ აბაშიძე) და საქართველოს დამფუძნებელ კრებას შორის, სამუსლიმანო საქართველოს ავტონომიის პირობების მოსამზადებლად, რაც აისახა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციაში.

გიორგი კვინიტაძე

როგორც წესი, ავტონომია ყალიბდება იმ ტერიტორიაზე, რომლის მოსახლეობა ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენს. აჭარა ის იშვიათი შემთხვევაა, სადაც ავტონომია რელიგიური ნიშნით ჩამოყალიბდა. თუმცა ისტორიკოსი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ძალიან დიდი როლი ითამაშა საგარეო პოლიტიკურმა ფაქტორმა. ბათუმი ძალიან მნიშვნელოვან საკვანძო პუნქტს წარმოადგენდა, ამიტომ მასზე კონტროლი გადამწყვეტი იყო. 1921 წლის მარტში ბათუმის დასაკავებლად აჭარაში თურქეთის არმია შემოვიდა, რომელსაც გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სარდლობით მოხალისეებისგან შეკრებილმა ჯარმა წინააღმდეგობა გაუწია.

ბონდო კუპატაძე: „როდესაც უკვე ბოლშევიკები შემოვიდნენ ბათუმში, მაზნიაშვილს ის უკვე გათავისუფლებული ჰქონდა. შესაბამისად ფაქტობრივმა საზღვარმა არა მდინარე ჩოლოქზე, არამედ შავშეთის ქედზე გაიარა, რაც შემდგომ დაფიქსირდა საზავო ხელშეკრულებით“.

1990 წელს არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 1921 წელს ბათუმისათვის ბრძოლებში დაღუპული 50 მეომრის ნეშტი აღმოაჩინეს.

ეს ვითარება გახდა წინაპირობა იმისა, რომ 1921 წლის 16 მარტს, როდესაც საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, ჩამოყალიბდა დებულებები, რომელიც შემდეგ აჭარის ავტონომიას დაედო საფუძვლად.

ისევ საქართველოში

რას ფიქრობდა თავად აჭარის მოსახლეობა? განწყობების კვლევა არ არსებობს, მაგრამ ბონდო კუპატაძე ვარაუდობს, რომ მოსახლეობა ძნელად თუ წარმოიდგენდა თავს საქართველოს მიღმა, რადგან ისინი ქართველები იყვნენ და ქართულად საუბრობდნენ.

1921 წლის 16 ივლისს საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა აჭარის მეჯლისი აჭარის ტერიტორიაზე უმაღლეს ორგანოდ გამოაცხადა. ფაქტობრივად ეს თარიღი ითვლება აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დაარსების თარიღად. ამის შემდეგ საქართველოს ყველა კონსტიტუცია აჭარას იხსენიებს, როგორც ავტონომიურ რესპუბლიკას.

ბონდო კუპატაძე: „აქ არის ერთი საინტერესო დეტალი, არც მოსკოვის და არც ყარსის ხელშეკრულება არ აკონკრეტებდა, კერძოდ რა დონის უნდა ყოფილიყო აჭარის ავტონომია. საბჭოთა კავშირში იყო რამდენიმე დონის ავტონომია: პირველი და უმაღლესი გახლდათ ავტონომიური რესპუბლიკა, შემდეგ ავტონომიური ოლქი და ყველაზე დაბალი -ავტონომიური ოკრუგი. საქართველოში იყო აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკები და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. შესაძლოა აჭარაც ყოფილიყო ავტონომიური ოლქი და არა რესპუბლიკა, რადგან ის არ იყო ჩამოყალიბებული ეთნიკური ნიშნით“.

1971 წელი, ზეიმი აჭარის გასაბჭოების 50 წლისთავის აღსანიშნავად.

უკვე საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, 1991 წელს იყო საუბარი იმაზე, რომ აჭარაში ჩატარებულიყო რეფერენდუმი აჭარის ავტონომიის გაუქმების მოთხოვნით. თუმცა საუბრის იქით მაშინ საქმე არ წასულა. ბონდო კუპატაძე მიიჩნევს, რომ დღეს უკვე აჭარის ავტონომიის გაუქმება არ არის ის საკითხი, რომელიც შეიძლება დღის წესრიგში დადგეს. პირიქით, სასურველიც კია, რომ თვითმმართველობის განვითრების თვალსაზრისით, სხვა რეგიონებსაც მიეცეთ საკუთარი ბიუჯეტის მეტად განკარგვის საშუალება, რაც ხელს შეუწყობდა არა მხოლოდ ცენტრის, არამედ იმ რეგიონების განვითარებას, რომლებიც დღეს სიღარიბიდან თავის დაღწევას ვერ ახერხებენ.​