ვინ არიან ნებაყოფლობით უშვილოები (Childfree) და როგორ ცხოვრობენ ისინი უკრაინაში, აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიაში

ნებაყოფლობით უშვილოები (Childfree) არიან ადამიანები, რომელთაც შეგნებულად გადაწყვიტეს არ იყოლიონ შვილები. პოსტსაბჭოთა სივრცეში ამაზე საუბარი არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყეს. ამ ქვეყნებში ადამიანები, რომელთაც ნებაყოფლობით გადაწყვიტეს არ იყოლიონ შვილები, ხშირად გაუგებრობას აწყდებიან და ზეწოლას განიცდიან არა მხოლოდ ნათესავების, არამედ ხანდახან ექიმების მხრიდანაც. რადიო თავისუფლების ტელეპროექტ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ავტორები გვიამბობენ ჩაილდფრის ამბებს უკრაინაში, აზერბაიჯანში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში.

„უარმყოფელები“ და „დამფასებლები“

ინგლისურიდან „ჩაილდფრი“ ითარგმნება, როგორც „ბავშვისგან თავისუფალი“. ეს ის ხალხია, რომლებმაც შეგნებულად თქვეს უარი შვილის ყოლაზე. მათ არ მიეკუთვნებიან ისინი, რომელთაც შვილის ყოლა ჯანმრთელობის გამო არ შეუძლიათ.

ცნება „ჩაილდფრი“ ახალი არ არის. ასეთი ადამიანები ადრეც არსებობდნენ, თუმცა ოდესღაც მათ არა მხოლოდ შვილის ყოლაზე, არამედ სქესობრივ ცხოვრებაზეც უხდებოდათ უარის თქმა და, მაგალითად, მონასტერში წასვლა. ახლა კი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები ხელმისაწვდომი გახდა, ამან ჩაილდფრი ადამიანების რაოდენობაზეც მოახდინა გავლენა.

შვილების ყოლაზე უარის თქმის შესახებ მსოფლიოში 70-იან წლებში ალაპარაკდნენ. პირველი, ვინც ამის კვლევა დაიწყო, იყო კანადელი სოციოლოგი, ჯინ ვივერსი. მან ჩაილდფრი ადამიანები ორ ჯგუფად გაყო. პირველ ჯგუფს მიაკუთვნა „უარმყოფელები“ (rejectors), ანუ ის ადამიანები, ვისაც ბავშვები სიყვარულის გრძნობას არ აღუძრავენ, ორსულობა, მშობიარობა და ძუძუთი კვება კი მათში უსიამოვნო ემოციებს იწვევს. მეორე ჯგუფში შეიყვანა „დამფასებლები“ (aficionados). ამ ადამიანებს შეიძლება უყვარდეთ ბავშვები, მაგრამ არ არიან მზად იმისათვის, რომ შეცვალონ თავიანთი ცხოვრების წესი და საკუთარი თავისუფლება მსხვერპლად გაიღონ ბავშვის გამო.

2008 წელს ბრიტანელმა მკვლევრებმა, ჰიზერ ჯოშიმ და დილან მილმა, ჩაილდფრის კიდევ ორი ჯგუფი აღწერეს. პირველია „ტალღისებური უარმყოფელები“. მათ გარკვეულ მომენტში, შესაძლოა, სურდეთ შვილის ყოლა, მაგრამ მალევე აზრი შეიცვალონ. და ასეთი მერყეობა შეიძლება გაგრძელდეს დიდხანს. მეორე ჯგუფია „მუდმივი გადამდებლები“. ისინი გეგმავენ შვილის ყოლას, თუმცა ახლა არა. და ეს „ახლა არა“ შეიძლება უსასრულოდ გაიწელოს.

უკრაინა: შეუწყნარებლობა

უკრაინაში ჩაილდფრის ცნება ამჟამად აქტიურად განიხილება მედიასა და სოციალურ ქსელებში. სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ადამიანი ღიად აცხადებს, რომ არ აპირებს შვილის ყოლას. თუმცა საზოგადოება ამგვარი განწყობის მიმართ არცთუ ისე შემწყნარებელია. ყველაზე დიდ ზეწოლას ამ მხრივ ქალები გრძნობენ (კაცების მიმართ დამოკიდებულება უფრო შემწყნარებლურია: ისინი კიდევ მოასწრებენ!).

ვიქტორია: „საკუთარი თავისთვის ცხოვრება“

„ხშირად მეკითხებოდნენ: „ახლა თუ არ გააჩენ ბავშვს, მერე რომ ინანო, რას იზამ?“ ადამიანმა, რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიძლება ინანოს, მაგრამ პირადად მე უფრო ის ვარიანტი მაშინებს, რომ გავაჩინო და შემდეგ ვინანო, რადგან აქ უკვე სხვა ადამიანიცაა გარეული, რომელიც არ არის იმაში დამნაშავე, რომ გააჩინეს“.

ოდესელი ვიქტორია სლინიავჩუკი 37 წლისაა, ის პროგრამისტია. ვიქტორია დარწმუნებული ჩაილდფრია და თავისი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.

„მე არასოდეს მინდოდა ბავშვების ყოლა, - ამბობს ვიქტორია. - რაღაც მომენტამდე შეიძლებოდა მეფიქრა, რომ ჯერჯერობით არ მინდა. მაგრამ როცა ოც წელიწადს გადავაბიჯე, მივხვდი, რომ საერთოდ არ მინდა ბავშვები“.

„ბავშვებთან ერთად ცხოვრება არ მიზიდავს. ამ როლში ჩემი თავის წარმოდგენა არ შემიძლია. არ მაქვს არც ინტერესი და არც სურვილი ამით დავკავდე. ეს ძალიან ძნელია და მძიმე. თვითონ მშობიარობა კი ... საშინლად მეშინია ამის. ეს არ არის ის, რასაც ვისურვებდი“.

ვიქტორია ღიად აცხადებს, რომ არ სურს შვილების ყოლა: „პირველ ხანებში ნათესავებს ეგონათ, რომ რაღაც დროის მერე მომინდებოდა. ყველაზე მეტად ამით მაშინ მაწუხებდნენ ხოლმე, როცა სადღაც ოცდაათი წლის ვიყავი. ახლა უკვე - ნაკლებად. ნათესავებს მიაჩნიათ, რომ ეს არასწორია. ერთხელ ჩემმა დამ მკითხა: „როგორ იქნები უშვილოდ? რისთვის იცხოვრებ? შენი თავისთვის?“ ჰო, ჩემი თავისთვის. რატომაც არა?!

საზოგადოებაში ინერციით მიაჩნიათ, რომ ყველამ უნდა გააჩინოს შვილი. რომ თითქოს ყოველთვის ასე იყო და ასეც უნდა იყოს. არც კი უფიქრდებიან, „ამ კონკრეტულ ადამიანს თუ სჭირდება ბავშვი. ეს რაღაც ავტომატიზმია“. ვიქტორიას მიაჩნია, რომ ეკონომიკური ვითარება მაინცდამაინც ძლიერ არ მოქმედებს გადაწყვეტილებაზე იყოლიო თუნდაც ერთი ბავშვი. „ეს უფრო იმაზე მოქმედებს, როცა ადამიანებს, რომლებსაც ორი ან სამი ბავშვის ყოლა სურდათ, ერთს იყოლიებენ. ასეთი ბევრი შემთხვევა ვიცი. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, ისინი, ვისაც მართლა სურთ შვილების ყოლა, ნებისმიერი ეკონომიკური ვითარების მიუხედავად, ერთს მაინც იყოლიებენ“.

„თუ კაცები იკისრებენ ბავშვების მოვლის პასუხისმგებლობას, ამან შეიძლება მოახდინოს გავლენა ზოგიერთ ქალ-ჩაილდფრიზე, მაგრამ ყველაზე, ნამდვილად არა, - ამბობს ვიქტორია. – ჩემთვის თვითონ ფეხმძიმობა და მშობიარობაა დიდი, რთული და სარისკო ამბავი. და ამ შემთხვევაში უკვე ვერანაირი კაცი, დიდი სურვილის მიუხედავადაც, ვერანაირად ვერ შეძლებს დახმარებას“.

იმას, რომ უკრაინულ საზოგადოებაში ჩაილდფრის თემა აქტიურად განიხილება, ვიქტორია დადებითად აფასებს: „მე რომ 20 წლის ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ასეთი რამ არსად არ არსებობს და ერთი მე ვარ ასეთი უცნაური-მეთქი. ახლა უკვე ამაზე წერენ და საუბრობენ. ეს კარგია, იმიტომ რომ ჩნდება რაღაც ალტერნატივები. ხალხმა საერთოდ დაიწყო დაფიქრება, საჭიროა ეს თუ არა. ისინი კი, ვინც მოისურვებს შვილების ყოლას, შეგნებულად მაინც გააკეთებენ ამას და ისიც ეცოდინებათ, რომ სხვა ვარიანტიც არსებობს“.

იულიანა: „სტერეოტიპი ჭიქა წყლის შესახებ“

„მე არ ვარ მზად მსხვერპლად გავიღო ჩემი რესურსები - დრო, კარიერა, ფული და საკუთარი სხეული ე.წ. დედობის ბედნიერების გამო. უმჯობესია, ფული ჩავდო განათლებაში, ჯანმრთელობასა და დასვენებაში“.

39 წლის იულიანა გევჩუკი IT სპეციალისტია. ის კიევში ცხოვრობს და მუშაობს. რამდენიმე წლის წინ საბოლოოდ გადაწყვიტა შვილი არ იყოლიოს: „გადაწყვეტილება მთლიანად ნებაყოფლობითი და შეგნებული იყო, რადგან ბავშვის ყოლის საშუალებას ჯანმრთელობაც მაძლევს და ფინანსური შესაძლებლობებიც“.

„ბავშვებთან ურთიერთობას ჩემთვის არასდროს მოჰქონდა სიამოვნება, - ამბობს იულიანა. - არასდროს მქონია სურვილი, ენა მომეჩლიქა მათთვის და მათთან გამეტარებინა დრო. საზოგადოებრივ სივრცეში ბავშვები არ მაღიზიანებენ, თუმცა სხვისი ბავშვი ჩემს თეფშში ფეხების ჩაყოფას თუ დაიწყებს, მაგას არ მოვითმენ“.

„მე დავთვალე, რომ ბავშვს, სანამ სრულწლოვან ასაკს მიაღწევს, იმდენი ფული სჭირდება, რომ მისი ნახევარი მაინც რომ დავაბანდო გონივრულად ან ვაგროვო, მაშინ პენსიაში გასვლამდე ანგარიშზე საკმაოდ სოლიდური თანხა შეიძლება მქონდეს“.

„სტერეოტიპი „სიბერეში ჭიქა წყლის მომწოდებელზე“ ასევე არ შეესაბამება რეალობას, - აგრძელებს იულიანა. - ჩემი დაკვირვებით, უშვილო ან გაუთხოვარი ქალები სიბერეში ფინანსურად მეტად დამოუკიდებლები არიან. მათ იციან, რამე რომ იყოს, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეთ. ნაცნობი ასაკოვანი ქალების უმრავლესობას კი ჯანმრთელი შვილები ჰყავთ, მაგრამ ხშირად იქით ართმევენ ფულს ისედაც უმნიშვნელო რესურსის მქონეთ: მათ კისერზე არიან, ბავშვებს ბებიას მიუყრიან ან მშობლების სიკვდილს ელოდებიან, რომ ბინას დაეპატრონონ“.

„მე არ მეშინია სიბერისა და მარტოობის, - განაგრძობს იულიანა. - უკიდურეს შემთხვევაში, მარტოობიდან გამოსავალია ე.წ. „ბოსტონური ქორწინება“, როცა ქალები ერთად ცხოვრობენ და ერთმანეთს უვლიან. არ არის აუცილებელი რომანტიკული ურთიერთობები ჰქონდეთ. მე სიღარიბისა და უძლურების შიში მაქვს“.

იულიანას თქმით, ის არასდროს განიცდის ზეწოლას ნათესავების ან მეგობრების მხრიდან: „მაგრამ მე ბავშვობიდანვე „თეთრი ყვავივით“ ვიყავი. მაგალითად, ყოველთვის უფრო მაინტერესებდა წიგნები და კომპიუტერი, ვიდრე ბიჭები და წვეულებები. ამიტომაც, ალბათ, ჩემზე დიდი ხანია, ხელი ჩაიქნიეს“. „თუმცა, ბევრი უშვილო ნაცნობი წააწყდება ხოლმე მოურიდებელ დამოკიდებულებას, მათ შორის ექიმების მხრიდანაც. ერთს გინეკოლოგმა ბავშვის გაჩენა „ჯანმრთელობის გამო“ ურჩია, მეორეს - ანტიდეპრესანტების მიღების ნაცვლად, „გოგონას გაჩენა“ ურჩიეს.

აზერბაიჯანი: აღიარების შიში

აზერბაიჯანულ ოჯახში ბავშვების ყოლა აუცილებლად ითვლება. ქორწინებიდან ერთი თვის შემდეგ გარშემო ყველა - მშობლებით დაწყებული და მეზობლებით დამთავრებული - ახლად შეუღლებულებს გამუდმებით ეკითხება მრავალმნიშვნელოვანი მზერით: „რამე ახალი ხომ არ არის?“ ერთი წლის შემდეგ კი ურჩევენ ექიმთან წასვლას. ერთ-ერთი მეუღლის უნაყოფობის გამო ოჯახი თავისუფლად შეიძლება დაინგრეს. (კაცების უნაყოფობის მიმართ დამოკიდებულება უფრო „ტოლერანტულია“). არცთუ იშვიათად, ახალგაზრდა ქალს, რომელიც ადგილობრივი საზომით, უკვე „შინაბერად ჩარჩა“, ურჩევენ ვინმეს გაჰყვეს, არ აქვს მნიშვნელობა ვის, იმისთვის, რომ შვილი კანონიერ ქორწინებაში გააჩინოს (მერე, უკიდურეს შემთხვევაში, გაშორებაც შეიძლება).

ცნება „ჩაილდფრი“ პერიოდულად ამოტივტივდება ხოლმე მასმედიასა და სოციალურ ქსელებში, მაგრამ ჯერჯერობით ეს მაინც უფრო უცხო ტერმინია, რომელსაც საკუთარი თავისთვის იშვიათად თუ მოიხმარენ. შემაჩერებელი ამ სიტყვის კატეგორიულობაა და იმის შიში, რომ სხვები განიკითხავენ.

მეჰრი: „შეიძლება, ახლო მომავალში“

ასე მაგალითად, 35 წლის მეჰრი (სახელი შეცვლილია მისი თხოვნით) თავს არ უწოდებს ჩაილდფრის, თუმცა დედობა არასოდეს იზიდავდა. როცა მეჰრი გათხოვდა, ის და მისი ქმარი შეთანხმდნენ პირველ ხანებში შვილზე არ ეფიქრათ. მას შემდეგ შვიდი წელი გავიდა, მაგრამ წყვილი ბავშვზე ჯერ ისევ არ ფიქრობს. „მე არასდროს მქონია ისეთი ემოციური დამოკიდებულება ბავშვების მიმართ, როგორც ქალების უმრავლესობას აქვს. არასოდეს მსურდა მათი მოფერება, კოცნა და ასეთი რამეები. ჩემში ასეთ ემოციას თუკი ვინმე იწვევს, ეს კატები არიან. და ასევე, მთავარ როლს ისიც თამაშობს, რომ ჩემი აზრით, ბავშვი სულაც არ ამყარებს ოჯახს, არამედ - პირიქით. ვფიქრობ, აზერბაიჯანში, ძალიან ბევრ ოჯახში, სწორედ ბავშვის დაბადების შემდეგ იწყება ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის გაფუჭება. თუმცა, მეორე მხრივ, ვაცნობიერებ, რომ სხვისი მაგალითი არ უნდა მაშინებდეს“.

მეჰრის დას ჰყავს შვილები და, შესაბამისად, მშობლები „უზრუნველყოფილნი“ არიან შვილიშვილებით, თუმცა ამის გამო ის მაინც არ გათავისუფლებულა - მართალია, მსუბუქი, მაგრამ მაინც - მათი ზეწოლისგან. დედამთილი, თავის მხრივ, თავის ვაჟზე, მეჰრის ქმარზე, ცდილობდა ზეწოლას, თუმცა უშედეგოდ.

რამდენიმე წლის წინ მეჰრი თავის ქმართან ერთად, რომელიც ახლა 33 წლისაა, საცხოვრებლად ევროპაში გადავიდა. ორივე IT სფეროში მუშაობს, ორი კატა ჰყავთ, ქალაქგარეთ დადიან სასეირნოდ, ხოლო საკითხი, გახდებიან თუ არა მშობლები, მათთვის კვლავ ღიად რჩება.

„ზოგიერთ ქალში დედობრივი ინსტინქტი მხოლოდ ბავშვის გაჩენის შემდეგ იჩენს თავს. შესაძლოა, ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდეს. მე შვილების ყოლის სურვილი, როგორც ასეთი, არ მაქვს, მაგრამ არც კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ. შეიძლება, ახლო მომავალში ვიყოლიოთ შვილი, ან, შესაძლოა, მოგვიანებით. ვნახოთ“.

ილგარ: „როდისმე, შეიძლება“

42 წლის ილგარი (სახელი შეცვლილია) მათემატიკას ასწავლის ბაქოს (ერთ-ერთ) პრესტიჟულ ლიცეუმში. მას მოსწონს სხვისი შვილების სწავლება, თუმცა სრულიად არ იზიდავს ის აზრი, რომ საკუთარი შვილი იყოლიოს.

„ჯერ ერთი, არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ჩემი შვილი დღევანდელ აზერბაიჯანში დაიბადოს და გაიზარდოს. მეორეც, თანამედროვე სამყაროში, უფრო გონივრულია, უკვე არსებული ბავშვი იშვილო, ვიდრე ახალი გააჩინო. და მესამე, მე საერთოდაც არ მსურს ოჯახი, არქაიზმად მიმაჩნია“.

ილგარის ეს პოზიცია, როგორც მინიმუმ, სამჯერ, პირდაპირ ან ირიბად, გახდა ქალთან მისი დაშორების მიზეზი.

„ერთს დავშორდი იმიტომ, რომ მას გათხოვება უნდოდა და ეს მის შემთხვევაში ასევე გულისხმობდა ბავშვის გაჩენას, იმიტომ რომ მისი შეხედულებები ბევრად უფრო ტრადიციული იყო, ვიდრე ჩემი. მეორესთან ჩვენი ურთიერთობა აბორტის მერე გაფუჭდა. მას დიდად არ უნდოდა აბორტის გაკეთება, მაგრამ ჩვენ ორივეს გვესმოდა, რომ არ გამოგვივიდოდა, ვყოფილიყავით მშობლები. ამის მერე მალევე დავშორდით. ფორმალურად არა ამის გამო, მაგრამ აბორტმა, ალბათ, მაინც იმოქმედა. მესამე შემთხვევა კი, საერთოდ, ძალიან ულამაზო და უსიამოვნო იყო. იმ ქალს თვითონაც არ უნდოდა გაჩენა, შემთხვევით დაფეხმძიმდა და საკუთარი სურვილით წავიდა აბორტის გასაკეთებლად, მაგრამ ჩემგან მორალურ მხარდაჭერას ელოდა და საკმარისი დოზით ვერ მიიღო. მე რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. საბოლოოდ, ცუდად დავშორდით ერთმანეთს - მისი მხრიდან წყენითა და ბრალდებებით. მაგრამ, ასეა თუ ისე, მე არასოდეს ვაიძულებდი ქალს მოეშორებინა ბავშვი მისი სურვილის საწინააღმდეგოდ“.

ამასთან, ილგარიც არ გამორიცხავს იმას, რომ შესაძლოა, ოდესმე გადაწყვიტოს მამობა.

„შესაძლოა, ერთხელაც შევხვდე ქალს, რომლისგანაც მომინდება ბავშვის ყოლა, ან თვითონ მას ენდომება ეს იმდენად ძლიერ, რომ მე დავნებდე. ერთი სიტყვით, გადაჭრით უარს არ ვამბობ, მაგრამ ჯერჯერობით - არა. მე მგონი, ჩემი მშობლებიც კი დაიღალნენ უკვე ამ თემაზე ჩემთვის გულის გაწყალებით, თუმცა ოცი წლის განმავლობაში ამით იყვნენ დაკავებული. კიდევ კარგი, ჩემი ძმისა და დისგან მაინც ჰყავთ შვილიშვილები“.

სანუბარი: „ჯერ არ ვართ მზად“

სოციოლოგ სანუბარ ჰეიდაროვას ეეჭვება საერთოდ არსებობდეს აზერბაიჯანში ჩაილდფრი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

„რა თქმა უნდა, ახლა გაცილებით მეტი ახალგაზრდა ადამიანია, დაქორწინებულების ჩათვლით, რომლებიც არ ჩქარობენ შვილების ყოლას. თუმცა ეს მაინც სხვა არის. მათ არ სურთ „ჯერჯერობით“ და არა „საერთოდ, არასდროს“. ხშირად ამის არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ ჯერ საკუთარი საცხოვრებელი უნდა შეიძინონ, დაიწყონ კარგად გამომუშავება, ფეხზე დადგნენ და ა.შ., რათა ბავშვი ყველაფერი საუკეთესოთი უზრუნველყონ. მაგრამ ეს კატეგორიაც კი ერთობ არამრავალრიცხოვანია. ზოგადად, აზერბაიჯანელ ახალგაზრდა მამაკაცებსა და ქალებს მაინც სურთ ბავშვების ყოლა“.

თუმცა, სოციოლოგის ვარაუდით, ხანდახან საკითხის მატერიალური მხარე, უბრალოდ, საბაბია, სინამდვილეში კი ახალგაზრდებს ეშინიათ ხმამაღლა აღიარონ, რომ ეს არ უნდათ, რადგან მათ მთელი სანათესაო აღუდგება წინ. ამის შესახებ სანუბარ ჰეიდაროვამ იცის არა მხოლოდ როგორც ექსპერტმა, არამედ საკუთარი გამოცდილებითაც. „მე თვითონაც არასდროს მინდოდა შვილის ყოლა. და ჩემი ყოფილი მეუღლეც - ჩვენ 24 წლისანი ვიყავით, როცა შევუღლდით - ჩემთან სოლიდარული იყო ამ საკითხში. უფრო სწორად, მისთვის სულ ერთი იყო, ამიტომ არჩევანი მე მომანდო და არაფერს მაძალებდა. მაგრამ ჩვენს დედებს, ბებიებსა და დეიდებს სიმართლე რომ გაეგოთ, უბრალოდ, დაგვხოცავდნენ. ამიტომ მათ ვეუბნებოდით, რომ ჯერ მზად არ ვიყავით“.

სანუბარი მალე 37 წლის გახდება და მიაჩნია, რომ ადრე მას, პირველ რიგში, შიში და საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობა ამოძრავებდა.

„მეშინოდა, რომ ვერ გავართმევდი თავს. და ვფიქრობ, ამასვე განიცდის ბევრი მათგანი, ვისაც არ სურს ბავშვების ყოლა. ეს, ალბათ, ერთ-ერთი ძირითადი შემაკავებელი ფაქტორია. ყოველ შემთხვევაში, აზერბაიჯანში. დროთა განმავლობაში მე შევძელი ამ შიშთან გამკლავება, თუმცა ბავშვის ყოლის სურვილი მაინც არ გამჩენია. უბრალოდ, ახლა ეს უკვე არა შიში, არამედ შეგნებული არჩევანია“.

სანუბარი განიხილავს იმ შესაძლებლობას, რომ ერთხელაც გააფორმოს მეურვეობა ბავშვთა სახლში მყოფ რომელიმე ბავშვზე.

„თუკი როდისმე გადავწყვეტ ამას, მაშინ ავიყვან არა ახალშობილს, არამედ 11-12 წლის ბავშვს, იმიტომ რომ ჩემი მთავარი მიზანი ამ შემთხვევაში არის ის, რომ მივცე ბავშვს, რომელიც ამას საჭიროებს, კარგი განათლების საშუალება და დავეხმარო სრულყოფილი, ზრდასრული ცხოვრების დაწყებაში. და, რა თქმა უნდა, მივცე საშუალება იცხოვროს ოჯახში და ჰქონდეს თავისი სახლი“.

]

შუა აზია: საკითხი არ განიხილება

შუა აზიის ქვეყნებში, ისევე როგორც აზერბაიჯანში, ბავშვების ყოლა ოჯახში აუცილებელია. გოგონებს იქ პატარაობიდანვე ასწავლიან, რომ იყვნენ მორჩილი ცოლები და კარგი დედები.

თუ, მაგალითად, ქალი ვერ აჩენს ბავშვს, ქმარს შეუძლია გაიჩინოს მეორე ცოლი და გარემოცვა მას არ გაკიცხავს ამისთვის.

ნებაყოფლობით უშვილობის გაგება საზოგადოებაში, თუნდაც მედიაში, პრაქტიკულად არ განიხილება შუა აზიის ქვეყნებში. იმაზე ლაპარაკი, რომ არ გსურს შვილი, უბრალოდ, არაა მიღებული. თუმცა აქაც არიან ისეთები, ვინც ნებაყოფლობით ამბობს უარს იყოს მშობელი.

აზიზა: ვიცი, იქნება ზეწოლა

26 წლის აზიზა (სახელი შეცვლილია) ბიშკეკში ცხოვრობს. ქორწინების მერე მიხვდა, რომ შვილი არ სურს. „ ეს არ იყო იმდენად გადაწყვეტილება, რამდენადაც იმის გაცნობიერება, რომ არ მსურს ვიყოლიო შვილი, - ამბობს აზიზა. - ვერ გავბედე ამის თქმა ქმრისთვის, რადგან როცა დავქორწინდით, სხვანაირად ვუყურებდი ამას. მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ შვილი მაშინ მეყოლება, როცა მე ვისურვებ“. „ჩემი ქმარი ევროპელია. აზიელი რომ იყოს, ამგვარი შეთანხმება შეუძლებელი იქნებოდა. მე ახლა ვამბობ, რომ არ ვარ მზად შვილის ყოლისთვის, არ ვარ მზად ორსულობისთვის, არ ვარ მზად ფინანსური უზრუნველყოფისთვის. ის თანახმაა და ამბობს, რომ შვილები გვეყოლება მაშინ, როცა მე მოვინდომებ ამას“, -იმეორებს აზიზა.

ამ თავისი არსურვილის შესახებ, იყოლიოს შვილები, მან მხოლოდ დეიდას უამბო. „ის ცხოვრებას უფრო თავისუფლად უყურებს“, ახასიათებს დეიდას აზიზა და ამბობს, რომ დედისთვისაც სცადა თქმა, მაგრამ დედამ დაუწყო ჩაგონება, რომ ეს გაივლიდა და რომ უშვილოდ ცხოვრება შეიძლებოდა, მაგრამ ცხოვრება აზრს დაკარგავდა, რომ „ჩემი ქმარი შვილზე ოცნებობდა და ეს ეგოისტური გადაწყვეტილება იყო ჩემი მხრიდან“.

აზიზას ეშინია ნათესავების ზეწოლისა და მათთან ჯერ ვერ ბედავს ამ თემაზე საუბარს. ვიცი, დაიწყება ზეწოლა, ჯერ ვერ ვგრძნობ საკმარის ძალას და თავდაჯერებულობას, რომ ამ სოციალურ ზეწოლას წინ აღვუდგე. უბრალოდ, ვამბობ, რომ ჯერ ადრეა ჩემთვის შვილების ყოლა“, ამბობს ის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მისი გადაწყვეტილება დროთა განმავლობაში შეიცვალოს: „ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მე ძალიან ტრადიციული ოჯახიდან ვარ და შევძელი აზრის შეცვლა. ასე რომ, შეიძლება საპირისპიროც მოხდეს“.

რუსლანი და ნიგინა: ისედაც ბევრი ხალხია დედამიწაზე

არც 32 წლის რუსლანსა და 26 წლის ნიგინას სურთ ვინაობის გამხელა. უკვე სამი წელიწადია, ქორწინებაში არიან. რუსლანი ფიზიკოსია, ნიგინა -დიზაინერი. ისინი ცხოვრობენ და მუშაობენ დუშანბეში, ტაჯიკეთში. გადაწყვეტილებამდე, რომ არ იყოლიონ შვილები, ქორწინებამდე მივიდნენ.

„მე შემოქმედი ადამიანი ვარ და მესმის, რომ ვერ შევძლებ ერთდროულად გავწვდე სამუშაოს, შვილებს და ქმარს. მომიწევს ცხოვრების წესის შეცვლა და თავის შეწირვა ამ ვითარებისთვის. მხოლოდ იმის გამო, რომ მაქვს გამრავლების უნარი, არ მინდა შვილის გაჩენა... მხოლოდ ის, რომ პატარა ხელუკებს და ფეხუკებს გსურს შეეხო, ან რომ საზოგადოებრივი აზრია ასეთი, არაა საკმარისი იმისთვის, რომ შვილი გააჩინო“, ამბობს ნიგინა და განაგრძობს: „ორსულობა, მშობიარობა და ბავშვის აღზრდა ძალიან ძნელია, მაგრამ იმდენად არის ეს გაუფასურებული, რომ ქალები ორ-სამ ბავშვს აჩენენ მიყოლებით. ხალხმა ეს შეგნებულად უნდა გააკეთოს, მაგრამ აკეთებენ შეუგნებლად, რადგან ასეა საჭირო... გათხოვდა, სწრაფად გააჩინა ორი ან სამი ბავშვი, რადგან მერე უფრო იოლი იქნება ცხოვრება“.

დღემდე ცოლები ბავშვებს იყენებდნენ ქმრის დასაკავებლად, რომ არ მიეტოვებინა ოჯახი. „სულ მირჩევენ, დროზე გააჩინე, ქმარი არ წავიდესო. თვითონ ბავშვზე კი არ ფიქრობენ“, ამბობს ნიგინა, რომლის ქმარი, რუსლანი, ნებაყოფლობით უშვილოა, რადგან ვერ მიუღია პასუხი კითხვაზე, რატომ უნდა იყოლიოს ბავშვი. „ვეკითხები ხალხს, რატომ უნდათ შვილების ყოლა. ყველა მიზეზი ან ეგოისტურია, ან საზოგადოებას უკავშირდება. საზოგადოებრივი აზრი არაა დოგმა, ის ვერ იქნება სწორი გადაწყვეტილების გარანტია. ბავშვის ყოლის ეგოისტური სურვილიც არ უნდა გაჩნდეს ასეთ დროს, რადგან პასუხისმგებლობას კისრულობ სხვა ადამიანზე, შენ არ შეგიძლია ამ ადამიანს შენი აზრი მოახვიო თავს. მე ჩემს თავს ვერ ავუხსენი, რისთვის მინდა ბავშვები და მივხვდი, რომ ისინი მაინცდამაინც არ მჭირდება, რადგან იმაზეც არ მაქვს პასუხი, როგორ აღვზარდო ბავშვი იმ გარემოში, სადაც ვცხოვრობ“.

რუსლანი და ნიგინა არ მალავენ, რომ უშვილობა გადაწყვიტეს, მაგრამ ყველასაც არ ეუბნებიან ამას. „არ ვაპირებ შვილების არყოლის პროპაგანდა გავწიო ტაჯიკეთში. ეს ჩემი არჩევანია და ამას არავის ვახვევ თავს. და სხვებიც ნუ შემაწუხებენ ჩემი არჩევანის გამო. თუ ადამიანს ესმის, რა არის უშვილობა, ანუ „ჩაილდფრი“, და სულელურ შეკითხვებს არ მისვამს, არამედ მეკითხება, რადგან მართლა აინტერესებს, ღირს მასთან საუბარი. თუ ხედავ, რომ ადამიანები არ არიან მზად გაიგონ შენი პოზიცია შვილის ყოლასთან დაკავშირებით, რატომ უნდა ვილაპარაკო მათთან?“- ფიქრობს ნიგინა და იხსენებს, როგორ ცდილობდა თავისი სიმართლე აეხსნა ხოლმე სხვებისთვის, მაგრამ ახლა ამის აზრს ვერ ხედავს. „თუ ადამიანი მეკითხება პირდაპირ, როდის გააჩენო, ეს მისი აღზრდის შესახებ ბევრს მეუბნება. საგნობრივი კამათიც კი არ შეუძლია და გსაყვედურობს, რატომ არ გააჩინეო. თავს ძლივს ვიკავებ. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტ შეკითხვას მისვამენ, ამიტომ ვბრაზობ“.

ორივე - რუსლანიცა და ნიგინაც - ამბობს, რომ ნათესავებმა მათი გადაწყვეტილება ნორმალურად მიიღეს.

„დედა თავიდან ხუმრობდა ხოლმე, როდის გავხდები ბებიაო, იხსენებს ნიგინა. მეც ხუმრობითვე ვუპასუხებდი ხოლმე, რომ ის ჯერ ახალგაზრდაა (44 წლისაა). მერე დავსხედით და ვისაუბრეთ. ავუხსენი, რომ ჩვენ არ გვინდოდა ბავშვები. დედამ გვითხრა, ეს თქვენი ცხოვრებააო. ბებიამაც მხარი დაგვიჭირა. არც ჩემს დას უნდა შვილები, ისიც მხარს გვიჭერს. თავიდან რუსლანის მამა მოდიოდა ხოლმე ჩემთან და მეუბნებოდა, გოგო გააჩინე, შვილიშვილი მინდაო. მერე, ერთ-ერთი შეკრებისას, განვუცხადეთ: „ჯერ არ გვინდა, გადავალთ ჩვენს ბინაში და მერე“... და ეს ნორმალურად მიიღეს.

რუსლანი და ნიგინა არ გამორიცხავენ, რომ მომავალში აზრი შეიცვალონ და ბავშვი აიყვანონ.

„ვიფიქრე, ავიყვანოთ ბავშვი, მე არ გავაჩენ. სადღაც არის ბავშვი, რომელიც მელის. რა აზრი აქვს გაჩენას, ისედაც ბევრი ადამიანია ქვეყანაზე. ვფიქრობდი არაჯანმრთელ ბავშვზე, ისეთზე, რომელიც ყველამ დაივიწყა. ეს არ იქნება ეგოიზმი ჩემი მხრიდან, ეს დახმარება იქნება - უბრალოდ, ვინმეს გაბედნიერება, მისთვის იმედის ჩუქება“, - გვითხრა ნიგინამ. რუსლანიც ფიქრობს, რომ საკმარისი ადამიანია დედამიწაზე და იმისთვის, რომ გახდე დედა ან მამა, არაა აუცილებელი ბავშვი გააჩინო. ხომ არ ჯობია, ახალი ადამიანები კი არ შექმნა, არამედ გააბედნიერო ის, რომელიც უკვე არსებობს?!“