უწყვეტი გზავნილები დასავლეთიდან - რა არ უნდა გამოგრჩეს 16 ივლისს

ევროკავშირის ქვეყნების 25 ელჩი ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშო ფაქტს უწოდებენ

დასავლეთიდან თითქმის უწყვეტ რეჟიმში ისმის ახალი გზავნილები 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით. ჟურნალისტებზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირების დასჯა ყველა განცხადების მთავარი მოწოდებაა.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ამერიკელი სენატორი ბენ კარდინი „შოკისმომგვრელს“ უწოდებს მომხდარს და ამბობს:

"ამ ჰომოფობიური ძალადობის შემოქმედებს, ისევე როგორც მათ, ვინც პასუხისმგებელია ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. სამარცხვინოა, რომ ქართული ოცნების ლიდერები ყურადღების გადატანას იმ პროფესიონალი ჟურნალისტების დაგმობით ცდილობენ, რომლებიც მხოლოდ თავის საქმეს აკეთებდნენ", - ამბობს სენატორი კარდინი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

მანამდე კი იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების განცხადება, მათი დიპლომატების ხელმოწერით საქართველოში. 25 ელჩი ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშო ფაქტს უწოდებს. ამის შესახებ საუბარია მათ ერთობლივ წერილში, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრს, პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს გაუგზავნეს.

წაიკითხე მეტი.

პროკურორი არ ამბობს, რამდენი სასულიერო პირი ჰყავს გამოძიებას დაკითხული 5 ივლისის საქმეზე

5 ივლისს თბილისის ქუჩებში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე გამოძიებას ათეულობით მოწმე ჰყავს დაკითხული. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, არიან თუ არა მათ შორის სასულიერო პირებიც, რომლებიც გასულ ორშაბათს აქციაზე მრავლად იყვნენ და სიტყვითაც გამოდიოდნენ.

პროკურორი ლევან ვეფხვაძე არ პასუხობს რადიო თავისუფლების კითხვას, რამდენი სასულიერო პირი ჰყავს დაკითხული შსს-ს 5 ივლისს მომხდარი ძალადობების საქმეზე.

„გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები და დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შემხებლობაშია ამ საქმესთან“, - ასე უპასუხა მან კითხვას სასულიერო პირებთან დაკავშირებით.

გუშინ კიდევ ერთ ბრალდებულს, გიორგი მაღრაძეს შეუფარდა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა. ის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის ილია თვალიაშვილის ცემის ფაქტზეა დაკავებული. თვალიაშვილს აქვს თვალის ქიმიური დამწვრობა და თავის ძლიერი ტკივილები თავდასხმის შედეგად.

ბრალდებული ამბობს, რომ არცერთ ძალადობრივ ჯგუფთან არ აქვს კავშირი. კიდევ რა თქვა მან სასამართლო პროცესზე, წაიკითხე აქ.

ამ თემაზე ასევე ნახე:

გაცვლა თუ შეწყალება? - ერთიც და მეორეც

ზაზა გახელაძის გათავისუფლებიდან ორი დღე გავიდა. მის ოჯახში ლხინი ჯერ არ დასრულებულა. ზაზამ ისიც კი ვერ მოასწრო, რომ ოჯახის წევრებისთვის ცხინვალის ციხისა და გათავისუფლების ამბები მოეყოლა.

მან 14 ივლისს გათავისუფლებამდე 1 საათით ადრე გაიგო, რომ ბარგი უნდა ჩაელაგებინა. არადა, დილით წითელმა ჯვარმა მას ცხინვალის ციხეში ამანათი შეუტანა და სკაიპით ოჯახთან ალაპარაკა. არაფერი იცოდა ცოლმა, ირმა ბუთხუზმა, შუადღით კი დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მისი შეწყალების აქტი გამოსცა.

სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, ზაზა გახელაძის ერთწლიანი პატიმრობა ფაქტობრივად გაცვლით დასრულდა. ის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქე ვადიმ გობოზოვში გაცვალეს.

გაცვლის შესახებ საუბარს ერიდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა რადიო თავისუფლების კითხვას ასე უპასუხა:

„ძალიან ბევრ ვერსიას მოისმენთ. მე გთხოვთ, რომ ვერსიებს აღარ მოუსმინოთ, ჩვენ შევხედოთ შედეგს. შედეგია ის, რომ ზაზა არის თავისუფალი“.

სავარაუდოდ, არც ვადიმ გობოზოვმა იცოდა, რომ ზაზა გახელაძეში გაცვალეს. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტელეკომპანია „ირმა“ გაავრცელა კადრები, თუ როგორ შეხვდა დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი საქართველოს ციხიდან გათავისუფლებულ ვადიმ გობოზოვს. 14 ივლისს ოსური მედიის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, ზაზა გახელაძე გობოზოვში გაიცვალა.

რა გარემოებაში მოხდა გახელაძის გათავისუფლება? დეტალები წაიკითხე გოგა აფციაურის სტატიაში.

თამარ გაბუნია: დავიწყეთ ფიქრი გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოში სტატისტიკის თანახმად ეპიდემიოლოგიური ვითარება უარესდება და პროცესში აქტიური ჩარევის გარეშე, ვირუსი კიდევ უფრო მეტად გავრცელდება. თამარ გაბუნიას განმარტებით, აქტიური ჩარევის პირველი რესურსი ვაქცინაციის პროცესის სწრაფი ტემპით წარმართვაა, ხოლო მეორე - მოქალაქეთა პირადი დაცვა. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მთავრობაში უკვე ფიქრობენ გასართობის ღონისძიებების შეზღუდვაზე.

„მესმის, ზაფხულია, კურორტები გაიხსნა, გასართობი ღონისძიებები ტარდება. გასართობ ღონისძიებაზე არ არის განწყობილი ადამიანი, რომ ნიღბით იყოს და დისტანცია დაიცვას, მაგრამ ასე არ გამოვა. ჩვენ მოგვიწევს ისევ, რომ ვისაუბროთ გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე. ამაზე დავიწყეთ უკვე ფიქრი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებული შეზღუდვებიდან "კომენდანტის საათი" პრაქტიკულად ერთ-ერთი ბოლო შეზღუდვა იყო, რომლის მოხსნის გადაწყვეტილებაც საქართველოს მთავრობამ მიიღო. "კომენდანტის საათი" 1 ივლისიდან გაუქმდა.

წაიკითხე მეტი.

ასევე ნახეთ როგორ გადანაწილდა 28 000 დოზა „ფაიზერი“ - ჯანდაცვის სამინისტროს ვერსია

საქართველოს მოქალაქეს ჯანდაცვა საშუალო ევროპულზე მეტი უჯდება - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების წილი საქართველოში აღემატება ჯანმოს ევროპული რეგიონის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. ჯიბიდან გადახდა გულისხმობს ოჯახის მიერ გაწეულ ხარჯს ნებისმიერ სამედიცინო სერვისსა თუ პროდუქტზე.

ამის მიზეზი, ძირითადად, მედიკამენტებზე დახარჯული თანხებია - საყოველთაო ჯანდაცვა წამლების დაფინანსებას შეზღუდულად მოიცავს, მედიკამენტების ფასები კი მაღალია. გარდა ამისა, საქართველოში ადამიანები პირველად ჯანდაცვას ნაკლებად ენდობიან და ურჩევნიათ, პირდაპირ სპეციალისტს მიმართონ, ოჯახის ექიმის მიმართვის არიდებით, ეს კი, საბოლოო ჯამში, უფრო ძვირი უჯდებათ.

წაიკითხე მეტი.

15 მაისს დედაენის ბაღში ლგბტ ინსტალაციის დაზიანებისთვის ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუკავებია არცერთი ის ადამიანი, რომელმაც 15 მაისს დედაენის ბაღში ლგბტ ინსტალაცია დააზიანა. ამ შემთხვევიდან უკვე ორი თვე გავიდა.

ამ ორ თვეში იმავე პირების (მათ შორის გურამ ფალავანდიშვილის) მიერ, ვინც რადიო თავისუფლების გადაღებულ კადრებში ჩანს, ჰომოფობიური მოტივით დაიგეგმა ლგბტ ჯგუფების "ღირსების მარშის" ჩაშლაც. მარში არ შედგა - ამ დღეს, 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მინიმუმ 53 ჟურნალისტს.

15 მაისს სიძულვილის ჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ ფალავანდიშვილმა დააზიანა ლგბტ ინსტალაცია, აქტივისტების ნაწილს კი შეურაცხყოფას აყენებდა. იქვე იდგა პოლიცია, თუმცა ფალავანდიშვილის არც ადმინისტრაციული და არც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა.

წაიკითხე მეტი.

შარლ მიშელი საქართველოში ჩამოდის

საქართველოს მორიგი ოფიციალური ვიზიტით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევა, - ინფორმაცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დაადასტურა.

ვიზიტი, სავარაუდოდ, 19 ივლისისთვის არის დაგეგმილი, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შარლ მიშელი ბათუმში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მმართველი გუნდი მიაწვდის სრულ ინფორმაციას 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებსა და იმ რეაგირებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლებას ძალადობის ფაქტებზე აქვს.

„5 ივლისთან დაკავშირებით უშუალოდ შარლ მიშელსაც მივაწვდით სრულ ინფორმაციას, თუ რა რისკები იყო მოსალოდნელი, რა რისკები იყო გათვლილი, როგორ იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა. მივაწვდით ინფორმაციას ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის იმაზე, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა სახელმწიფოს უკვე მას შემდეგ, რაც სამწუხაროდ ეს ძალადობა უკვე იყო ჩადენილი. საუბარია შემდგომ რეაგირებებზე, კონკრეტულ დაკავებებსა და გამოძიებებზე, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. ამაზე, შარლ მიშელსაც, ისევე როგორც სხვა პარტნიორებს, მივაწვდით სრულ ინფორმაციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წაიკითხე მეტი.

ქუჩაში საშიშია, სახლში საშიშია - როგორ შეიცვალა ქვიარების ცხოვრება

ბოლო ოთხი წელია, სანდრო თავის ბინაში უსაფრთხოდ გრძნობდა თავს. უბანშიც ყველა თითქოს შეჩვეული იყო მის ფერად, განსხვავებულ ჩაცმულობასა და საყურეებს. მას შემდეგ, რაც „ღირსების მარშის”- თბილისის პრაიდისთვის დაიწყო მზადება, ყველაფერი ამოყირავდა - სანდროს სახლის დატოვება და მეგობრებთან შეკედლება მოუწია. რამდენიმე დღის წინ მეგობრებთან ერთად მაღაზიაში იყო, როდესაც ჰომოფობი მოძალადე დაესხა თავს. თავდასხმები გაძლიერდა ტრანს-თემშიც, სადაც გახშირებული ძალადობის გამო, ტრანსგენდერი ადამიანების შემოსავლის ერთადერთი წყარო, სექსსამუშაო სიცოცხლისთვის საშიში გახდა. ქვიარ ადამიანები რადიო თავისუფლებას უყვებიან, როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება ბოლო ერთი თვის განმავლობაში.

სანდრო (სახელი შეცვლილია) და მისი ორი მეგობარი ბიჭი - შეყვარებული წყვილი - მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად იყვნენ შესულები, როცა უცნობი კაცი დაესხათ თავს:

„დაგვიწყო გინება, იმიტომ რომ ჩემ მეგობარს "ჩოკერი" ეკეთა. პიდარასტებო, თქვენ მოგიტ*ნავთო, ყელს გამოგჭრითო, ეგრევე მუქარა დაიწყო. მერე რომ გამოვედით, ჩემ მეგობარს სთხოვა სიგარეტი და უარი რომ მიიღო, დაიწყო ჩხუბი ამათთან, რტყმა. ჩემი მეგობარი დავარდა, მეორე შუაში ჩაუდგა, იმის დახრჩობა სცადა. მოკლედ რაღაცნაირად გავერიდეთ ამ სიტუაციას და წავედით მეტროსკენ. არავინ ჩარეულა - ერთი ოცი კაცი იდგა და ურტყით ურტყითო იძახდნენ. არც მაღაზიის თანამშრომლები ჩარეულან. ძალიან უხაროდა ყველას“, - იხსენებს სანდრო.

როგორ უმკლავდებიან ქვიარ ადამიანები მოზღვავებულ აგრესიასა და გახშირებულ ძალადობის ფაქტებს თბილისში? ვრცლად წაიკითხე თამუნა ჩქარეულის სტატიაში.

ქედელის თემის მცხოვრები ანა ხუნაშვილის მოულოდნელი, უკვე გახმაურებული მიმართვა ბოდბის მთავარეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილისადმი, მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა და მოისმინა.