5 ივლისს მომხდარ ძალადობაზე საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების 25 ელჩი მთავრობას მიმართავს

5 ივლისს მომხდარი ძალადობის გამო საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების ელჩები საქართველოში მთავრობას მიმართავენ. წერილი შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს; ასლები კი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს; საგარეო საქმეთა მინისტრსა და ვიცე-პრემიერს დავით ზალკალიანსა და იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს გაუგზავნეს.

ელჩები აღნიშნავენ, რომ თბილისის ქუჩებში ძალადობის ფაქტებმა "ჩრდილი მიაყენა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და საქართველოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დამცველი ქვეყნის იმიჯს". წერილში ელჩები საქართველოს ხელისუფლებას ახსენებენ, რომ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი, საყოველთაო უფლებებია და მათ საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს. აქვე აღნიშნულია, რომ ამის მიუხედავად 5 ივლისს, ლგბტქი+ თბილისი პრაიდის მონაწილეებმა ვერ შეძლეს ამ უფლებებით სარგებლობა და მათი უსაფრთხოებისთვის გარდაუვალი რისკი შეიქმნა.

"ვწუხვართ, რომ ხელისუფლებამ საჯაროდ არ მოუწოდა დაეცვათ ისინი, ვინც მშვიდობიანად აღნიშნვდა პრაიდთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ასევე, არ მიიღო სხვა აუცილებელი ზომები, რომ თავიდან აეცილებინა ან აღეკვეთა სიძულვილის გაღვივებაზე მიმართული გამოსვლები. დაბოლოს, არ უზრუნველყო საკმარისი დაცვა, როდესაც აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდა", - წერენ ელჩები.

წერილში ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას ახსენებენ, რომ ადამიანის უფლებების კონსტიტუციით გათვალისწინებული ნორმების დაცვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაშია ასახული.

"მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, დაიცვას კანონის უზენაესობა და იმოქმედოს მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების ეფექტიანი პრევენციისთვის მომავალში. ამ ძალისხმევის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს სიძულვილის ენის, სიძულვილის გაღვივებასა და შეუწყნარებლობის აღკვეთაზე მიმართული შემდგომი ქმედებები", - ვკითხულობთ მიმართვაში.

ელჩებს არ გამორჩენიათ საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ ევროკავშირის დროშის შებღალვის ფაქტი:

"[ამას] საგანგაშოდ მივიჩნევთ. ეს დროშა განასახიერებს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებსაც ევროკავშირი და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება. დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაც არის".

ხელმომწერები:

  1. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
  2. ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო
  3. ბელგიის სამეფოს საელჩო
  4. ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო
  5. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო
  6. დანიის სამეფოს საელჩო
  7. ესპანეთის სამეფოს საელჩო
  8. ესტონეთის რესპუბლიკის საელჩო
  9. ირლანდიის საელჩოს
  10. იტალიის რესპუბლიკის საელჩო
  11. ლატვიის რესპუბლიკის საელჩო
  12. ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო
  13. ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საელჩო
  14. ნიდერლანდის სამეფოს საელჩო
  15. პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო
  16. პორტუგალიის საელჩო
  17. რუმინეთის საელჩო
  18. საბერძნეთის საელჩო
  19. საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩო
  20. სლოვენიის რესპუბლიკის საელჩო
  21. სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო
  22. უნგრეთის საელჩო
  23. ფინეთის საელჩო
  24. შვედეთის სამეფოს საელჩო
  25. ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო