გარდაიცვალა ყაზახი ქალის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თორდუა

26 წლის ყაზახი ქალის, ასსელ აიტპაევას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ბესიკ თორდუა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა ბრალდებულის ადვოკატმა ლაშა შუკაკიძემ.

როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, ბესიკ თორდუა გლდანის დაწესებულებიდან ერთი კვირის წინ გადაიყვანეს კლინიკა „ვივა მედში“, სადაც ის 14 ივლისს გარდაიცვალა:

„სამი დღის წინ მივედი კლინიკაში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. ექიმის განმარტებით, მას თავში ჰქონდა დიდი რაოდენობით სისხლი. ჩემი ინფორმაციით, გლდანის დაწესებულებიდან კლინიკაში, ერთი კვირის წინ გადაიყვანეს. მე ქალაქში არ ვიყავი, სამი დღის წინ ჩამოვედი და მაშინვე მივედი კლინიკაში. რამ გამოიწვია თავში სისხლის ჩაქცევა, ამას უკვე ექსპერტიზა დაადგენს. როგორც ვიცი, ბესიკ თორდუას ჯანმრთელობის პრობლემები არ აწუხებდა. მე მას ინტენსიურად ვხვდებოდი მთელი ამ პერიოდს განმავლობაში და არც ის უთქვამს, რომ ვინმე ავიწროებდა ციხეში“.

კლინიკა "ვივა მედის" დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აცხადებს, რომ ის პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ვერ გასცემს. მისი თქმით, ბესიკ თორდუა გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში 30 ივნისს შეიყვანეს:

"მე გარდაცვლილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ვერ გავცემ, რადგან ის პატიმარი იყო. შესაბამისად, მიმართეთ სასჯელაღსრულების დაწესებულებას".

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმაციას ბესიკ თორდუას გარდაცვალების შესახებ უახლოს პერიოდში გაავრცელებენ.

56 წლის ბესიკ თორდუას, საქართველოს პროკურატურა ასსელ აიტპაევას გაუპატიურებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავებოდა. მას გამოძიებამ ბრალი მიმდინარე წლის 6 მაისს წარუდგინა. ის წინასწარ ორთვიან პატიმრობაში იმყოფებოდა და წინასასამართლო სხდომა 9 აგვისტოს იყო დანიშნული. ბესიკ თორდუა ბრალს არ აღიარებდა.

ვინ იყო ასსელ აიტპაევა

26 წლის ყაზახი ქალი, ასსელ აიტპაევა საქართველოში 27 აპრილს, სამუშაოდ ჩამოვიდა. ერთ კვირაში, 5 მაისს, ის თბილისში, კედიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრების ქვეშ, გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის ოფიციალური განცხადების თანახმად, 5 მაისს, თბილისში, 56 წლის ბესიკ თორდუამ ქალი ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააუპატიურა, რის შემდეგაც, ასსელ აიტპაევა მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, მან ერთსაათიანი აუდიოჩანაწერი გაუგზავნა მეგობარს ყაზახეთში. აუდიოჩანაწერი ქალისა და კაცის დიალოგისგან შედგება. ჩანაწერი, სავარაუდოდ, საცხოვრებელ ბინაშია გაკეთებული. დიალოგი, სავარაუდოდ, მიმდინარეობს ასსელ აიტპაევასა და ბესიკ თორდუას შორის. ჩანაწერის თანახმად, კაცი ქალს შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სიტყვებით მიმართავს, აგინებს, ემუქრება „დამდუღვრით“ და ფანჯრიდან გადაგდებით. ასსელის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სწორედ ამ აუდიოჩანაწერიდან შეიტყვეს მათ ისიც, რომ ასსელი მათმა ნათესავმა მურატ მეირბეკოვმა ორჯერ გააუპატიურა.

სწორედ 36 წლის მურატ მეირბეკოვს ასახელებს ქალიშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ ასსელის დედა. ქალი ამბობს, რომ მის შვილს თავი არ მოუკლავს, ის ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო, ხოლო ამ დანაშაულებრივ სქემაში სწორედ მისმა ნათესავმა, მურატ მეირბეკოვმა ჩართო.

რას უყვებოდა ბესიკ თორდუა გამოძიებას

11 მაისს, რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ბესიკ თორდიას გამოკითხვის ოქმი. ის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარ სამმართველოში ასსელის გარდაცვალებიდან 20 საათში, 5 მაისს, ღამით გამოიკითხა.

ბესიკ თორდია ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც აპრილის დასაწყისში, ყაზახ პარტნიორთან, აიდოს შაიმერდენოვთან ერთად დააფუძნა კომპანია „ყაზტრანსაუტო“, გადაწყდა დამატებით თანამშრომლების აყვანა. ამავე კომპანიაში დასაქმდა აიდოსის პარტნიორი, ასევე ყაზახეთის მოქალაქე მურატ მეირბეკოვი, რომელმაც საქართველოში სამუშაოდ მოიწვია მისი ცოლისდა, ასსელ აიტპაევი. ასსელი საქართველოში 27 აპრილს ჩამოვიდა და სიძესთან, რუსთავში დაბინავდა. სამსახურში კი 28 აპრილს გამოცხადდა. ამავე კომპანიაში დაიწყო მუშაობა საქმის კიდევ ერთმა მოწმემ, თ.გ.-მ.

ბესიკ თორდიას თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ თანამშრომელ ქალებს „კლასიკურად ჩაცმა“ სჭირდებოდათ, 30 აპრილს, ბესიკ თორდია, მძღოლთან, თ.გ.-სთან და ასელთან ერთად, სადგურის მოედანზე მდებარე მოლში, ტანსაცმლის საყიდლად წავიდნენ.

ბესიკ თორდია ჰყვება, რომ იმ საღამოს ასსელმა რუსთავში, სიძის სახლში დაბრუნება აღარ მოისურვა და ბესიკ თორდიას გაუმხილა, რომ ის მურატ მეირბეკოვმა ორჯერ გააუპატიურა. ბესიკ თორდიამ ასსელს მის სახლში, თბილისში, კედიას ქუჩაზე მდებარე, ნაქირავებ ბინაში შესთავაზა ღამის გათენება.

ბრალდებულის ჩვენების თანახმად, მას ასსელი „შეეცოდა“, მურატის საქციელმა „ძალიან გააბრაზა“ და ამიტომ, 2 მაისს, მურატს სამსახურში მიაკითხა, ჩაისვა მანქანაში, ოფისის „შორი-ახლოს“ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და საქართველოს დატოვება მოსთხოვა: „მაგრამ შემდეგ თავი დავანებე, დავტოვე აეროპორტში და წამოვედი სახლში“, - ჰყვება ბესიკ თორდია.

მისი ჩვენების ოქმის მიხედვით, მომდევნო დღეებში, 4 მაისის ჩათვლით, ასსელი ღამეს ბესიკ თორდიას სახლში ათენებდა. ბრალდებული ჰყვება, რომ ქალი ოთახში იკეტებოდა, ტიროდა და მხოლოდ საჭმელად გამოდიოდა, თუმცა, მისი თქმით, 4 მაისს, სამსახურიდან დაბრუნებულებმა, მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელი შეიძინეს, დალიეს, რის შემდეგაც მათ ნებაყოფლობითი სექსუალური კავშირი დაამყარეს:

„01:30-ზე შევედი სააბაზანოში, რათა გადამევლო ტანზე. ასსელი იყო ისევ საწოლში. აბაზანის კარი ჩავკეტე. დამჭირდა დაახლოებით 3-5 წუთი და გარედან რაიმე საეჭვო ხმაური არ გამიგია. როდესაც გამოვედი აბაზანიდან, შევედი საძინებელში, რა დროსაც ვნახე, რომ ასსელი საწოლში არ იწვა. მაშინ შევამჩნიე, რომ საძინებლიდან აივანზე გასასვლელი კარი ღია იყო. მე ვიფიქრე, რომ ასსელი შეიძლება ეწეოდა სიგარეტს, მაგრამ აივნისკენ როდესაც გავიხედე, იქ ასსელი ვერ დავინახე. მე მაშინვე მივედი სახლის კართან, რათა გამეხედა, სადარბაზოში ხომ არ იყო გასული, მაგრამ კარი დაკეტილი იყო. მე ავფორიაქდი, რადგან ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. მაშინვე გავვარდი აივანზე და ჩავიხედე ქვევით, რა დროსაც დავინახე, რომ კორპუსის ქვევით, ხრეშზე ესვენა ასსელის გვამი. ის აივნიდან გადახტა თუ გადავარდა, ვერ მოგახსენებთ. ეს იყო ჩემთვის ძლიერი შოკი და შიში. მაშინვე ჩავიცვი ტანსაცმელი. ეს ყველაფერი ხდებოდა წამებში. მაშინვე თავში გამიელვა, რომ ასსელთან მე მქონდა სექსი, რაც შეიძლებოდა საეჭვო ვითარება ყოფილიყო მომხდარ სიტუაციაში, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, ჩავსულიყავი, იქნებ ცოცხალი იყო. როდესაც ჩავედი, ის ადგილი, სადაც ასსელის სხეული იყო, შემოსაზღვრული იყო მაღალი ღობით და გადასვლა ვერ შევძელი. ღობე თუნუქისაა და მეორე მხარეს რა ხდებოდა, არ დამინახავს. მე არ დამიძახია ასსელისთვის. მხოლოდ მივუახლოვდი იმ ადგილს და ყური დავუგდე, ხომ არ საუბრობდა ან შველას ხომ არ ითხოვდა. დაახლოებით გავჩერდი 2 წუთი, მაგრამ არანაირი ხმა არ გამიგია“.

ბესიკ თორდია აგრძელებს თხრობას და ამბობს, რომ მას ძალიან შეეშინდა, სახლში ავიდა, ჩანთაში ჩაალაგა რამდენიმე ხელი ტანსაცმელი და ზუგდიდში წასვლა გადაწყვიტა:

„ჩემი მხრიდან ასსელის მიმართ რაიმე მუქარასა და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ჩემი აზრით, ასსელმა თავი მოიკლა იმის გამო, რომ გააუპატიურა მისი დის ქმარმა, მურატმა“.

გარდა ბესიკ თორდუასი, ასსელ აიტპაევას გარდაცვალების საქმეზე ყაზახეთშია დაკავებული ყაზახეთის მოქალაქე, მურატ მეირბეკოვი. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა ქალის გაუპატიურების ბრალდებით.

ყაზახეთში მის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს კიდევ ერთი, ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით, რაც ადამიანებით ვაჭრობას ითვალისწინებს.