ჰარცელი გახელაძის გათავისუფლებაზე: მოხარული ვარ, რომ ევროკავშირმა ხელი შეუწყო პოზიტიურ შედეგს

კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში

დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის გათავისუფლების ფაქტს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სოციალურ ქსელ ტვიტერში გამოეხმაურა. ევროკავშირის ელჩი მოხარულია იმით, რომ გახელაძის გათავისუფლებას ხელი სადამკვირვებლო მისიით ევროკავშირმაც შეუწყო:

„კარგია, რომ ზაზა გახელაძე ოჯახს უბრუნდება. დაუშვებელია უკანონო დაკავებები. მოხარული ვარ, რომ სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით ევროკავშირმა ხელი შეუწყო ამ პოზიტიურ შედეგს, ცხელი ხაზისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების საშუალებით“, - აღნიშნავს კარლ ჰარცელი.

ზაზა გახელაძის გათავისუფლებას გამოეხმაურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც. ტვიტერში გამოქვეყნებულ პოსტში მისია აღნიშნავს, რომ პოზიტიური შედეგი ერთწლიანი უწყვეტი ძალისხმევის შედეგად დადგა:

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება ბატონი ზაზა გახელაძის გათავისუფლებას, პოზიტიურ შედეგს, რომელიც ერთწლიანი უწყვეტი ძალისხმევის შედეგად დადგა, მათ შორის ცხელი ხაზისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ერგნეთის ფორმატში ფართო დისკუსიების გზით“, - ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ „ტვიტერზე“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ ზაზა გახელაძე თავისუფალია

დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმმა ზაზა გახელაძე გუშინ, 14 ივლისს გაათავისუფლა. გახელაძე ცხინვალში, უკაკანო პატიმრობაში 1 წლისა და 3 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. რამდენიმე კვირის წინ ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს წერილი გაუგზავნა. დე ფაქტო რეჟიმი ამბობს, რომ მათ გახელაძე სწორედ კირილის შუამდგომლობის შედეგად გაათავისუფლეს.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. მას დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გახელაძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".

გახელაძის ოჯახის წევრებმა მხოლოდ ერთხელ შეძლეს მოენახულებინათ ცხინვალის ციხეში წითელი ჯვრის ჩართულობით.