საქართველოს მორიგი ოფიციალური ვიზიტით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევა - ინფორმაცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დაადასტურა.
ვიზიტი სავარუდოდ, 19 ივლისისთვის არის დაგეგმილი, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შარლ მიშელი ბათუმში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მმართველი გუნდი მიაწვდის სრულ ინფორმაციას 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებსა და იმ რეაგირებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლებას ძალადობის ფაქტებზე აქვს.
„ვიზიტი დაგეგმილია და როგორც ვიცი, 19 თუ 18 ივლისს აპირებს ჩამოსვლას.
5 ივლისთან დაკავშირებით უშუალოდ შარლ მიშელსაც მივაწვდით სრულ ინფორმაციას, თუ რა რისკები იყო მოსალოდნელი, რა რისკები იყო გათვლილი, როგორ იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა. მივაწვდით ინფორმაციას ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის იმაზე, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა სახელმწიფოს უკვე მას შემდეგ, რაც სამწუხაროდ ეს ძალადობა უკვე იყო ჩადენილი. საუბარია შემდგომ რეაგირებებზე, კონკრეტულ დაკავებებსა და გამოძიებებზე, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. ამაზე, შარლ მიშელსაც, ისევე როგორც სხვა პარტნიორებს, მივაწვდით სრულ ინფორმაციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი პირადად და აქტიურად იყო ჩართული საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მცდელობაში.
სწორედ შარლ მიშელის ჩართულობით იქნა მიღწეული ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება და ექვსთვიანი ბოიკოტის შემდეგ ოპოზიციის ერთი ნაწილი პარლამენტში შევიდა. მხარეებმა აიღეს ვალდებულება, რომ გაატარებენ ამბიციურ რეფორმებს. ხელისუფლებას შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე მიუთითებენ როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით. საქართველოში ახალი პოლიტიკური კრიზისი მწიფდება - ოპოზიციის ნაწილი კვლავ უარს ამბობს საპარლამენტო მუშაობაზე, მას შემდეგ, ხელისუფლებამ ვერ დაიცვა 5 ივლისს მშვიდობიანი გამოხატვის უფლება, დაუშვა ჟურნალისტებზე სიძულვილის ჯგუფების მასობრივი ძალადობა და გარდაიცვალა ამ თავდასხმისას ერთ-ერთი დაშავებული, ლექსო ლაშქარავა.
5 ივლისს, სიძულვილის ჯგუფების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სასტიკად ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დღის წესრიგში დგას მთავრობის გადაგომის საკითხი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო განცხადებაში საქართველოს შესახებ ახსენეს სანქციები, როგორც ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა მათთვის, ვინც ადამიანის უფლებების დაცვაზე უარს აცხადებს.
მედიის ნაწილი პროტესტის სხვადასხვა ფორმას ეძებს იმისათვის, რომ აიძულოს ხელისუფლება, აიღოს პასუხისმგებლობა ლექსო ლაშქარავას სიკვდილზე და ჯამში 53 ჟურნალისტის დაზიანებაზე 5 ივლისს, როცა "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები თავს ესხმოდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ მედიას.