რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ზაზა გახელაძე რუსეთის პატრიარქის, კირილის შუამდგომლობით შეიწყალა. ქართულმა მხარემ ზაზა გახელაძის თავისუფლების სანაცვლოდ დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმს "სამხრეთ ოსეთის" მოქალაქე, ვ.გობოზოვი გადასცა, - ინფორმაციას სააგენტო "რეს"-ი ავრცელებს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
სააგენტოს ცნობით, გობოზოვი, რომელიც ქართულმა მხარემ ლარსთან დააკავა, უკვე ცხინვალშია - საქართველომ ის გუშინვე გადასცა დე ფაქტო რეჟიმს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანახმად, გარდა იმისა, რომ გახელაძის გათავისუფლებაში რუსეთის პატრიარქი იყო ჩართული, ანატოლი ბიბილოვს გახელაძემ თავადაც მიმართა შეწყალების წერილით, ბოდიში მოიხადა თავისი ქმედებებისთვის და მადლობა გადაუხადა "ოსეთის ხელისუფლებას ჰუმანური დამოკიდებულებისთვის".
გახელაძე, რომელიც საოკუპაციო ძალებმა 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს, დღეს შეიწყალა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა. ბიბილოვის ბრძანება დღეს გამოქვეყნდა და დღეიდანვე მოქმედია.
11 ივლისს 1 წელი გახდა, რაც ზაზა გახელაძე დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. რამდენიმე კვირის წინ ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს წერილი გაუგზავნა.
"მოგმართავთ თხოვნით, უშუამდგომლოთ გახელაძე ზ.მ-ს, რათა იგი პატიმრობიდან გაათავისუფლონ და ოჯახს დაუბრუნდეს. კარგად გვესმის, რომ ეს რთული საკითხია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ გახელაძე იქ გაუცნობიერებლად მოხვდა.
მისი გათავისუფლება იქნება სიხარულის მომტანი მთელი ქართველი ხალხისათვის, რომელიც გულითადად თანაუგრძნობს მას ამ გაუგებრობის გამო", - ეწერა წერილში.
გახელაძის ოჯახის წევრებმა მხოლოდ ერთხელ შეძლეს მოენახულებინათ ცხინვალის ციხეში წითელი ჯვრის ჩართულობით.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს.