საქართველოს უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის დანიშვნას ევროკომისიის პრესსპიკერი, პიტერ სტანო სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში, კერძოდ, აღნიშნულია, რომ მიუხედავად ევროკავშირის მოწოდებისა, პროცესის გადახედვამდე, მის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად შეჩერებულიყო დანიშვნები, იგი მაინც გაგრძელდა. ევროკომისიის პრესსპიკერის შეფასებით, ამან შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე.
„ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) ახლახან თავის შუალედურ ანგარიშში შეშფოთება გამოთქვა კანდიდატების წარდგენის პროცესის სამართლიანობასა და თანასწორობასთან დაკავშირებით.
დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს, რომელთა თანახმად უნდა გაკეთდეს პაუზა ყველა მიმდინარე დანიშვნასთან დაკავშირებით, სრულად შესრულდეს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და ზოგადად გაიზარდოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმის პროცესში.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის დაწყებამდე მათი შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ასევე არის საქართველოსთვის ევროკავშირის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის შეთანხმებული წინაპირობა, რომელზეც ამ ნაბიჯმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ორშაბათს გამართული კენჭისყრა საქართველოს ხელისუფლებისთვის არის დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი და ყოვლისმომცველი რეფორმის მიმართ თავისი ერთგულების დასამტკიცებლად. ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებით, ეს მოვლენები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საზოგადოების ნდობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის შემცველია.
„ევროკავშირი ღიაა შემდგომი მოლაპარაკებებისთვის უმაღლეს დონეზე, რათა განიხილოს სასამართლო სისტემის რეფორმა და მომავალი ქმედებები ამ მოვლენების შემდეგ, განსაკუთრებით 19 აპრილის შეთანხმებისა და საქართველოსთვის ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების შესახებ გადაწყვეტილებების კონტექსტში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე ნახეთ პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლე უვადოდ დანიშნასაქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 9 კანდიდატიდან 6 აირჩია. კენჭისყრა პარლამენტში 12 ივლისს ჩატარდა, რომელსაც ოპოზიციის 66 დეპუტატიდან მხოლოდ 6 ესწრებოდა.
უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები გახდნენ:
- გოჩა აბუსერიძე: 79 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი;
- გიორგი გოგიაშვილი: 79 - მომხრე, 4 - წინააღმდეგი;
- ლევან თევზაძე: 77 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
- რევაზ ნადარაია: 77 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
- ბიძინა სტურუა: 78 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
- ლაშა ქოჩიაშვილი: 79 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის, როგორც „შარლ მიშელის დოკუმენტის“ ერთ-ერთი პირობის, შეჩერება ევროკავშირის გარდა, არაერთხელ მოითხოვა ასევე აშშ-ის საელჩომ საქართველოში.
ასევე ნახეთ აშშ-ის საელჩომ მარკერით მონიშნა შეთანხმებაში სასამართლოსთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი