საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. მაუწყებლის ოპერატორს ჯგუფური თავდასხმის დროს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და თვალები დაუზიანეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ბრალდებულმა - გ.მ.-მ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა... დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები", - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დაკავებულს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.