მთავრობის გადაყენების მცდელობა პარლამენტში - რა არ უნდა გამოგრჩეს 14 ივლისს

მთავრობის გადაყენების მცდელობა და ოპოზიციის ახლებური ბოიკოტი პარლამენტში

5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ფონზე, საპარლამენტო ოპოზიციამ დაიწყო მსჯელობა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ.

ფრაქციებს შორის კონსულტაციების პროცესი დაწყებულია. თუმცა, საპარლამენტო მანდატების არითმეტიკისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგობის გათვალისწინებით, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება ამ ეტაპზე შეუსრულებელ მისიად გამოიყურება. 12 ივლისის დემარშის შემდეგ, დარჩა შთაბეჭდილება, რომ სამი ოპოზიციური ფრაქცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმში დაბრუნდა. ირკვევა, რომ ეს მთლად ასე არ არის და ხელმომწერები არ აპირებენ უარი თქვან „შარლ მიშელის შეთანხმებაზე“.

რა პერსპექტივა აქვს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას? „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წარმომადგენლის, დეპუტატ პაატა მანჯგალაძის ინფორმაციით, „რამდენიმე პარტიამ და ჯგუფმა ითხოვა დრო საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად“ და „ამ დღეებში“ გახდება ცნობილი, გროვდება თუ არა საჭირო რაოდენობის ხმები საკითხის ინიცირებისთვის.

„ერთი კარგი საქმე მაინც გამოვა საბოლოოდ - ლუსტრაცია მოხდება, ვის უნდა ქვეყანაში ცვლილებები და ვის უნდა არსებული რეალობის შენარჩუნება“, - აცხადებს მანჯგალაძე.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადებას პრინციპულად არ უჭერენ მხარს ფრიდონ ინჯიას „ევროპელი სოციალისტები“; ხოლო, ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და იაგო ხვიჩიას „გირჩი“ სკეპტიკურად არიან განწყობილი. ისინი მთავრობის შეცვლის გასაღებს მხოლოდ მომავალ არჩევნებში ხედავენ.

რა პოლიტიკური პროცესები შეიძლება ვიხილოთ პარლამენტში უახლოეს დღეებში? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, საჯაროდ დაგმოს ეს ძალადობა

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს ბრიფინგზე გამოეხმაურა. მან კომენტარი სამძიმრით დაიწყო, ამის შემდეგ კი თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი თვალყურს ადევნებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს:

„მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე შეიწირა ერთი სიცოცხლე ტრაგიკულად. ქართველი ჟურნალისტების უსაფრთხოება და დემოკრატიის სანდოობა საქართველოში მოითხოვს, რომ ყველა ინდივიდუალური პირი, რომელიც თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებს 5 და 6 ივლისს, ასევე ისინი, ვინც წააქეზა ძალადობა, იქნეს იდენტიფიცირებული და დაკავებული და მათ აგონ პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით.

ლიდერებს საქართველოში და სამართალდამცველ უწყებას შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობას, რომ დაიცვან ყველას კონსტიტუციური უფლება. შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობასაც, რომ დაიცვან ჟურნალისტები და მედიის თავისუფლება. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ საქართველოში ყველამ, მათ შორის ხელისუფლებამ, საჯაროდ დაგმოს ასეთი ძალადობა. მისი ადგილი არაა დემოკრატიაში“, - თქვა ნედ პრაისმა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის საკითხს, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მომავალი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე მექანიზმი მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევასა და ძალადობაში მსოფლიოს გარშემო. სანქციები ნამდვილად არის ამ მექანიზმებიდან ერთ-ერთი. როგორც იცით, წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, სანამ არ შემოვიღებთ მას, მაგრამ თვალს ვადევნებთ ვითარებას დიდი ყურადღებით. გვინდა დავინახოთ, რომ ყველა, ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხი აგოს“.

წაიკითხე მეტი.

ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებული: შემომთავაზეს ნებისმიერ ქვეყანაში გაქცევა, მაგრამ მე უარი ვთქვი

ტვ პირველის გარდაცვლილ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმაში ბრალდებულ დავით კუტალაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. კუტალაძე ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ ის არა მოძალადე, არამედ "ქართველი ვაჟკაცია" და "არასოდეს იკადრებდა ქალზე აეწია ხელი". კუტალაძეს ბრალად ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა ედება "სირცხვილიას" ოფისთან - სასამართლოზე მან "თბილისი პრაიდის" "ღირსების მარშზე" ილაპარაკა, რომელიც 5 ივლისს, როცა კუტალაძე და მისი თანამოაზრეები "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ ქუჩაში გამოვიდნენ და მედიაზე თავდასხმა მოაწყვეს, საერთოდ არ გამართულა.

"ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი ბიჭი ვარ ქუთაისიდან. აქ არაერთხელ გააჟღერეს ჩემზე, რომ მოძალადე ვარ და ჯგუფურად დავესხი თავს ჟურნალისტებს…

მე ჩამოვედი თბილისში 12 დღით ადრე, ჩემ თანამოაზრეებთან ერთად. მათ სურდათ, რომ ჩვენნაირ ბიჭებზე დაერქვათ მოძალადეები და ისინი გამოსულიყვნენ აზრის თავისუფლების მქონე ადამიანები.

მათ შემოუშვეს ჟურნალისტები. ვერავინ იტყვის, რომ მე მოძალადე ვარ, 5-ჯერ მაქვს ევროპის საზღვარი გადაკვეთილი, საქართველოშიც 29 წლის მანძილზე მაჩვენეთ, წვრილმანი ხულიგნობაც თუ ჩამიდენია, მათ სურთ ჩემგან მოძალადე შექმნან, რადგან შეეხნენ ჩვენს ძვირფასს, მე ვზრუნავ ჩემი მომავლისთვის, მე სანამ ჩემ სახლამდე მივალ, სამაგალითო უნდა ვიყო მომავალი თაობისთვის. თვალებში ჩახედვის არ უნდა მრცხვენოდეს ჩემი კოლეგისთვის და ვეიმედებოდე მოხუცებს",
- თქვა დავით კუტალაძემ სასამართლო სხდომაზე. ის იზიარებს შსს-ს ვერსიას იმის შესახებ, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.

გუშინდელ სხდომაზე დავით კუტალაძეს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

წაიკითხე მეტი.

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი იზრდება

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება. გუშინ გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობამ 1800-ს გადააჭარბა. პირველ ადგილზე თბილისია. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 11-ით გაიზარდა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-19-ის გავრცელების გააქტიურების ტენდენციაა. ამ მხრივ მან განსაკუთრებით გამოყო ვირუსის ბავშვებში გავრცელების მაღალი მაჩვენებელი. თამარ გაბუნიას თქმით, გასული ორი სამი-დღის განმავლობაში საჭირო გახდა პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება:

„თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მეორე, მესამე ტალღის განმავლობაში იყო პრაქტიკულად დაუტვირთავი, უკვე გადატვირთულია და ჩვენ მოგვიხდა კიდევ დამატებითი საწოლების მობილიზება პედიატრიული პაციენტებისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება და ამდენად, ამ შემთხვევაში მთავარი გადაწყვეტა ისევ და ისევ არის ვაქცინაციის პროგრამა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

პუტინმა და ლუკაშენკამ სანქტ-პეტერბურგში გამართეს მორიგი შეხვედრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს სანქტ-პეტერბურგში უმასპინძლა ბელარუსის ავტოკრატ ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, რომელიც კოლექტიური დასავლეთის მიერ დაწესებული მკაცრი ეკონომიკური სანქციების გამო, სულ უფრო მეტად ხდება რუსეთზე დამოკიდებული.

2021 წლის განმავლობაში მეოთხე პირადი შეხვედრისას ლუკაშენკამ მადლობა გადაუხადა პუტინს „რუსეთის მხრიდან ძალიან სერიოზული ფინანსური დახმარებისთვის“ და აღნიშნა, რომ ბელარუსი „პატიოსნად ცდილობს კრედიტებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას“. პუტინმა ბელარუსს თავის მხრივ „საიმედო და სტაბილური პარტნიორი“ უწოდა.

ბელარუსის ეკონომიკა, რომელიც დიდ სიძნელეებს აწყდება კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში, გასულ თვეში ევროკავშირის მხრიდან მორიგი სანქციების ქვეშ აღმოჩნდა.

წაიკითხე მეტი.

„თავისუფლებას აქვს თავისი ფასი და ახლა ამ ფასს ვიხდით“ - ინტერვიუ ირაკლი აბსანძესთან

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე შსს-მ გუშინ, 12 ივლისს, ძალის გამოყენებით „ქართული ოცნების” ოფისის წინ საპროტესტო აქციაზე დააკავა, ორიოდე საათის შემდეგ კი გაათავისუფლა. აღმოჩნდა, რომ დაკავებისას ჟურნალისტს ხელი მოტყდა.

ირაკლი აბსანძე რადიო თავისუფლებასთან დაკავების დეტალებს იხსენებს.

რადიო თავისუფლება: პირველ რიგში, ირაკლი, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა?

ირაკლი აბსანძე: იმპლანტი უნდა ჩამიდგან, მარცხენა ხელი მაქვს მოტეხილი. როდესაც ექიმმა კადრები ნახა, ის მომენტიც კი დაიჭირა, როცა ხელი მომტეხეს. ბოლოს, როცა ასფალტზე დამაგდეს და დამახტა ორი კაცი, მაშინ მომტყდა. ხვალ ოპერაცია უნდა გავიკეთო. 6 კვირა ხელს ვერ მოვიხმარ და კიდევ 6 თვე რეაბილიტაცია დამჭირდება.

რ.თ.: შეგიძლიათ დეტალურად გაიხსენოთ თქვენი დაკავება?

ი.ა.: აქციაზე ვიყავით მე და კორა [ძაღლი - რ.თ.]. კორდონის იმ მხარეს გადასვლას ვცდილობდი, სადაც ბევრი ჩემი კოლეგაც იყო. რატომ გაღიზიანდნენ, არ ვიცი. მომესმა, დააკავეთო და უცებ [პოლიციელები] აგრესიულები გახდნენ. ჩამსვეს მანქანაში ხელებგადაგრეხილი. ხელი უკვე მოტეხილი მქონდა. პოლიციელს ვუთხარი, მტკივა-მეთქი, მაგრამ პოლიციელი, რომელიც ჩემ გვერდით იჯდა, იცინოდა, დამცინოდა, თან ხელბორკილს უფრო უჭერდა და უფრო მეტ ტკივილს მაყენებდა მიზანმიმართულად, ეს ნამდვილად შემიძლია ვთქვა. არაფერს არ ამბობდა, რადგან კამერა ჩართული იყო.

ჟურნალისტის აზრით, იყო თუ არა ეს მიზანმიმართული ანგარიშსწორება ხელისუფლების მხრიდან? წაიკითხე ვრცლად აქ.