ირაკლი ანთაძე ერგნეთის შეხვედრის შემდეგ: გახელაძის გათავისუფლების შესაძლებლობები გამოიკვეთა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ მის მთავარ თემაზე ისაუბრა. მისი თქმით, ზაზა გახელაძის გათავისუფლების საქმეში, გარკვეული შესაძლებლობები გაჩნდა.

"ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხზე იკვეთება გარკვეული შესაძლებლობები, ამაზე შედგა ინტენსიური დისკუსია, მაგრამ სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, პროცესები რომ არ დავაზიანო. რაც შეეხება ოჯახს, მათთან გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია და ეს კომუნიკაცია იქნება შენარჩუნებული", - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მან ასევე თქვა, რომ ქართულმა მხარემ გააპროტესტა ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან გააქტიურებული "ბორდერიზაციის" პროცესი. რაც შეეხება ახალგორის იზოლაციას, აფხაზეთისგან განსხვავებით, სადაც გზა გაიხსნა, ახალგორის მიმართულებით პროგრესი არ არის. 2019 წლის სექტემბრის შემდეგ ოკუპირებული დაბა ჩაკეტილია. ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა სექტემბრამდე აღარ გაიმართება.

11 ივლისს 1 წელი გახდა, რაც ზაზა გახელაძე დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. მისმა ოჯახის წევრებმა მხოლოდ ერთხელ შეძლეს მოენახულებინათ ცხინვალის ციხეში წითელი ჯვრის ჩართულობით.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს.