გამყრელიძე: ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში

ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 13 ივლისის სხდომის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ ქვეყანა დიდი ალბათობით კორონავირუსის გავრცელების მეოთხე ტალღაში შეიძლება შევიდეს:

„ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, როდესაც ჩვენ, დიდი ალბათობით, შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება. კორონავირუსმა არ იცის არც პოზიცია, არც ოპოზიცია, ერთიანად აზიანებს ყველას და მიაქვს ძალიან ბევრი სიცოცხლე, სამწუხაროდ. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას მეტი სოლიდარობისკენ და მეტი ყურადღებისკენ, რომ როგორმე ერთად ყოფნით შევაკავოთ ინფექცია და სამშვიდობოზე გავიდეთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წინაშე სამი რეკომენდაციით წარდგა. ესენია: ვაქცინაციის ინტენსიფიცირება, ტესტირების კიდევ უფრო მეტად გაფართოება და არსებული რეკომენდაციებისა და შეზღუდვების სრულად დაცვა.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 11 პაციენტი. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ განახლებული მონაცემებით, გამოვლენილია კორონავირუსის 1862 ახალი შემთხვევა, 619-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 379 673 შემთხვევა. მათგან 360 558 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5 479 ადამიანი. სულ აცრილია 310 332 პირი.