დღეს ლექსო ლაშქარავას დაკრძალავენ - რა არ უნდა გამოგრჩეს 13 ივლისს

შსს ლექსო ლაშქარავაზე: შესაძლოა გარდაიცვალა ზედოზირებით, სისხლში აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერებები

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეზე მისი გარდაცვალებიდან მესამე ბრიფინგი გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ შუალედური ქიმიური ექსპერტიზის მიხედვით, მის სისხლში აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება და შესაძლოა გარდაცვალების მიზეზი იყოს ზედოზირება. უწყების თქმით, 2 დღეში 200-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე ისაუბრეს გარდაცვალებამდე ლექსო ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტზე. ითქვა, რომ მან ნარკოტიკული ნივთიერებები ფონიჭალაში იყიდა - ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენას მოწმეთა ჩვენებებით ადასტურებს შსს. უწყების მტკიცებით, ლაშქარავამ და მისმა თანხლებმა მეგობარმა შეძენილი ნარკოტიკი ორთაჭალაში, ტყის მასივში მოიხმარეს, სადაც ლაშქარავა შეუძლოდ გახდა, თუმცა მოგვიანებით შინ დაბრუნდა.

შსს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში ირიბად მიანიშნებდა, რომ ის სავარაუდოდ წამალდამოკიდებული იყო. პირველივე ბრიფინგზე ითქვა, რომ ის ფონიჭალაში იმყოფებოდა, რამაც ვერსიები მაშინვე გააჩინა სოციალურ ქსელში. ამის პარალელურად უკვე დაწყებული იყო „ტვ პირველის“ ოპერატორის მისამართით ონლაინ დისკრედიტაციის კამპანია სხვადასხვა მიმართულებით.

ლექსო ლაშქარავას საქმეზე „ტვ პირველმა“ დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე დაიქირავა. მან რადიო თავისუფლებასთან ბოლო კომენტარში გუშინ საღამოს, აღნიშნა, რომ რაიმეს თქმა რთულია, სანამ თავის ტვინის ჰისტოლოგიური კვლევის შედეგი არ იქნება.

„გვამის სახის ჰაბიტუსი, გამომეტყველება, შეშუპება, მკვეთრი ციანოზი და ე.წ. ქაფნარევი თეთრი სითხე ტუჩთან, მიუთითებს ფილტვების შეშუპებაზე, სუნთქვის მწვავე უკმარისობაზე“, - ამბობს ექსპერტი.

წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დღეს ლექსო ლაშქარავას დაკრძალავენ

„ტვ პირველის“ ოპერატორს ლექსო ლაშქარავას დღეს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ. „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გუშინ პარლამენტთან აქციაზე მოუწოდა ხალხს, რომ დაკრძალვაზე მივიდნენ. გამოსვენება 3 საათზეა დაგეგმილი.

„ტვ პირველის“ ოპერატორის კოლეგები შსს-ის ინფორმაციას შესაძლო ზედოზირების შესახებ ცილისწამებას უწოდებენ. „მკვლელებო“ - ამ შეძახილებით შეხვდნენ დემონსტრანტები უწყების განცხადებას გუშინ. შემდეგ კი პროტესტმა პარლამენტიდან „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლა.

ადგილზე მისულ აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება, მას მერე, რაც აქტივისტებმა „ოცნების“ ოფისს კვერცხები დაუშინეს და საღებავებით წარწერების გაკეთება სცადეს. დაკავებულია 12 პირი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დაპირისპირებაა პარლამენტის შიგნით და გარეთ

გუშინ შუადღისას პარლამენტის შიგნით და გარეთ დაპირისპირება იყო. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობის გადადგომის მოთხოვნით შეკრებილი მედიამენეჯერები პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს. როგორც ისინი ამბობენ, მმართველი პარტიის წევრებისთვის რამდენიმე კითხვის დასმა სურდათ.

მედიამენეჯერების ნაწილმა პარლამენტის შენობასა და სხდომათა დარბაზში შესვლაც შეძლო. ამის შემდეგ დაპირისპირება სხდომათა დარბაზში დაიწყო. ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ პარლამენტის დეპუტატებიც.

მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელს ვატო წერეთელს ძალით დაატოვებინეს პარლამენტის შენობა. მანდატურის წარმომადგენლებმა მას საშვის წარდგენა სთხოვეს და იძულებით გაიყვანეს საკანონმდებლო ორგანოდან.

პარლამენტის დარბაზში დაწყებული ხმაურის შემდეგ ოპოზიციის ნაწილმა სხვა ხერხის მიმართვა გადაწყვიტა. ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, ოპოზიცია მთავრობის გადასაყენებლად პროცედურებს დაიწყებს. ამის შესახებ მან პარლამენტის სხდომათა დარბაზის პროტესტის ნიშნად დატოვების შემდეგ განაცხადა.

ამ თემაზე ასევე ნახე:

პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლე უვადოდ დანიშნა

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 9 კანდიდატიდან 6 აირჩია. კენჭისყრა პარლამენტში 12 ივლისს ჩატარდა, რომელსაც ოპოზიციის 66 დეპუტატიდან მხოლოდ 6 ესწრებოდა.

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები გახდნენ:

  • გოჩა აბუსერიძე: 79 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი;
  • გიორგი გოგიაშვილი: 79 - მომხრე, 4 - წინააღმდეგი;
  • ლევან თევზაძე: 77 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
  • რევაზ ნადარაია: 77 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
  • ბიძინა სტურუა: 78 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
  • ლაშა ქოჩიაშვილი: 79 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი.

მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესს განუდგა ოპოზიცია. მასში ჩართვაზე უარი განაცხადა სახალხო დამცველმაც.

წაიკითხე მეტი.

„უმრავლესობის დიქტატურა“- საქართველო სახიფათო გზაგასაყარზე?

12 ივლისს გამოჩნდა, რომ ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, მოძალადეების მიერ სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ ხელისუფლების პოზიცია უცვლელი დატოვა.

ორშაბათს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაიმეორა და გაამძაფრა 5 ივლისს გაკეთებული განცხადებები, რომლებიც იურისტების, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების დიდმა ნაწილმა, მაშინაც კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ და ძალადობის წამახალისებლად მიიჩნია.

ღარიბაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ არასდროს თვლიდა მიზანშეწონილად „თბილისი პრაიდის“ რუსთაველის გამზირზე ჩატარებას; რომ მთავრობა ამ მხრივ მოქალაქეების 95%-ის სურვილს ემორჩილებოდა, ამიერიდანაც ასე იქნება და დასრულდა დრო, როცა უმცირესობის „ძალადობრივი ხელწერით ნებისმიერ გადაწყვეტილებას ღებულობდნენ საქართველოში“.

პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებები სახალხო დამცველისთვის იმის დასტურია, რომ სწორედ პრემიერის ნების შესაბამისად, „5 ივლისს არ ყოფილიყო სათანადო რაოდენობით პოლიცია ორგანიზებული“, შეგნებულად არ მოხდა მოძალადეთა თავდასხმების შეჩერება.

პრემიერის განცხადებებში სახიფათო სიმპტომებს ხედავენ იურისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც. დამთხვევები - მოძალადეებთან და განსხვავებები - დასავლეთთან ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებებში. წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.