ხელისუფლება გბლოკავთ კრიტიკისთვის

ათობით ადამიანი წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურმა ფეისბუკგვერდმა წაშალა მათი კრიტიკული კომენტარები, ზოგის ავტორი კი დაბლოკა კიდეც. იურისტებს და აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ ეს არაკონსტიტუციური ქმედებაა. მათი აზრით, სასამართლო დავის შემთხვევაში, მოქალაქეებს აქვთ შანსი, მოუგონ პრემიერ-მინისტრს.

პრემიერ-მინისტრის ამ პოსტზე, რომელიც დარეკლამირებულია, სულ მცირე ათობით კრიტიკული კომენტარი აღარ ჩანს. ანუ გვერდის ადმინისტრაცია, ერთი მხრივ, ცდილობს გაზრდოს პოსტის აუდიტორია, მეორე მხრივ კი შლის არასასურველ რეაქციებს

„სამწუხაროდ, პრემიერმა გადაწყვიტა, რომ კრიტიკული აზრი არ მოისმინოს და გამოსავალი ნახა ანგარიშების დაბლოკვასა და ჩვენი კომენტარების წაშლაში. ამით იქმნის ილუზიას, რომ კრიტიკა მის მიმართ არ არსებობს. ეს არის მთელი მისი იდეა”, - ეუბნება „რადიო თავისუფლებას” ანა აბაშიძე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტია.

ანა ერთ-ერთია იმ ათეულობით მოქალაქეს შორის, ვინც მოყვა ღარიბაშვილის გვერდის მიერ მოწყობილ „წმენდაში”. იგი გვეუბნება, რომ საჯარო მოხელის მიერ ნებისმიერი, თუნდაც უხამსი კომენტარების წაშლა და მოქალაქეების დაბლოკვა ცალსახად ზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას.

ანა აბაშიძე

მით უმეტეს მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ ვერ დაიცვა ჟურნალისტები და ქვიარ აქტივისტები სიძულვილის ჯგუფებისგან, და განსაკუთრებით ტვ „პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ.

„უხამსი კომენტარიც კი დაცულია გამოხატვის თავისუფლებით, თუ ის პოლიტიკურ შინაარსს ატარებს. ასე რომ, ამ პერიოდში ყველა კრიტიკა, რომელიც მიმართულია პრემიერზე, აბსოლუტურად პოლიტიკური დატვირთვისაა და, შესაბამისად, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით”, - აცხადებს ანა.

იურისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ ეს შემთხვევა ნათლად აჩვენებს - სახელმწიფოს მეთაური და ის პირები, რომელთაც აბარიათ მისი ოფიციალური გვერდის მართვა, ვერ იაზრებენ საკუთარ პასუხისმგებლობას.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წევრისთვის, გიორგი გოცირიძისთვის პრემიერის ფეისბუკგვერდზე კომენტარის წაშლა იგივეა, რაც მთავრობის ადმინისტრაციაში გაგზავნილი წერილობითი განცხადების დახევა.

გიორგი გოცირიძე

„ამით პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ შეუზღუდა მოქალაქეებს ადამინისტრაციულ ორგანოსთან წვდომისა და განცხადებით მიმართვის შესაძლებლობა. რაც, პრინციპში, ამავდროულად, კონსტიტუციით აღიარებული უფლებაა, - ეუბნება იურისტი რადიო თავისუფლებას, - რეალურად, მისი ფეისბუკგვერდის ადმინისტრაცია საქართველოს მოქალაქეებს ართმევს იმის შანსს, რომ თავისი ხმა, საჩივარი, წუხილი მიაწვდინონ ხელისუფლებას”.

პასუხი კრიტიკოსებს - დაბლოკვა

ხელისუფლების წარმომადგენლები ციფრულ სივრცეში არასასურველ ხმებს პირველად არ ახშობენ. ბოლო წლებში, სხვადასხვა საჯარო მოხელემ არაერთი მოქალაქე დაბლოკა. რამდენიმემ სასამართლოს მიმართა.

  • 2018 წელს, სანამ ირაკლი ღარიბაშვილის გვერდზე დაბლოკავდნენ, ქვიარ-აქტივისტი თამაზ სოზაშვილი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს მწვავედ აკრიტიკებდა. როგორც პირადად, ისე ფეისბუკზეც.

თამაზ სოზაშვილი

ბევრ სხვა საკითხთან ერთად, აქტივისტი აპროტესტებდა სახელმწიფოს მიერ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის, 17 მაისის არაღნიშვნას. ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ სოფო კილაძის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე წვდომა აღარ აქვს.

„რომელ ამბავზე იყო, ზუსტად არ მახსოვს. ისე მოხდა, რომ რომელიღაც ჯერზე, რაღაც რომ დავუკომენტარე, ეგრევე დამბლოკა”, - ამბობს თამაზი.

  • მოძრაობა „სირცხვილიას” წევრი მარიამ დოლიძე პარლამენტის ორ ყოფილ თავმჯდომარეს ჰყავს დაბლოკილი. არ ახსოვს ზუსტად, რის გამო აითვალწუნა არჩილ თალაკვაძის სოცმედიამენეჯერმა, თუმცა ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის გვერდის ადმინისტრატორმა იგი აგვისტოს ომთან დაკავშირებული კრიტიკის გამო დაბლოკა.

„[კობახიძე] 2008 წლის ომზე საუბრობდა და კომენტარის შინაარსი მქონდა ისეთი, სამარცხვინოა-თქო ეს განცხადება. ამ ნაცების და ქოცების ჩხუბს გადააყოლეთ სახელმწიფოს ერთობა-თქო”, - ეუბნება მარიამ დოლიძე რადიო თავისუფლებას.

დღეს აღმოაჩინა, რომ აღარც ირაკლი ღარიბაშვილის გვერდზე აქვს წვდომა. გარდა ამისა, შესვლას ვერც „ქართული ოცნების” ოფიციალურ გვერდზე ახერხებს.

„ამათ მოშთობილი ვყავარ. იმათთან [თალაკვაძესთან და კობახიძესთან] როგორ ვარ, იცი? შევდივარ გვერდზე და დატოვებული მაქვს მხოლოდ გაზიარების ფუნქცია. ვერ ვაკომენტარებ და რეაქციას ვარ ვაძლევ”, - ჰყვება მარიამი.

  • 2019 წლის თებერვალში არასამთავრობო ორგანიზაციის, „მმართველობის მონიტორინგის ცენტრის” თანადამფუძნებელი, გიორგი ნონიაშვილი იუსტიციის სამინისტროსგან პასუხს მოითხოვდა - უწყება არ უხდიდა განაცდურ ხელფასს ყოფილ თანამშრომელს, თამაზ ახობაძეს, იმისდა მიუხედავად, რომ სასამართლომ ამის გაკეთება დაავალა.

„ჩემი აზრი დავაფიქსირე და დავაკომენტარე, რაც სრულიად გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდებოდა და არანაირად სიტყვიერ შეურაცხყოფას არ მოიცავდა. იუსტიციის სამინისტრომ კომენტარი წამიშალა და დამბლოკა”, - გვიყვება იგი.

პრეცედენტის გარეშე

სამივე ადამიანმა საკუთარი სიმართლის გატანა სასამართლოში სცადა. სამივე შემთხვევაში იურისტები ამტკიცებდნენ, რომ სახელმწიფომ მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება შეზღუდა. თუმცა, სხვადასხვა მიზეზით, სასამართლო განხილვა ბოლომდე ვერცერთხელ ვერ მივიდა.

მარიამ დოლიძემ ირაკლი კობახიძეს კი უჩივლა, მაგრამ ამას მალევე „გავრილოვის ღამე” მოჰყვა, პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა და, შესაბამისად, აღარც მოპასუხე მხარე არსებობდა.

განსხვავებულად განვითარდა მოვლენები თამაზ სოზაშვილის შემთხვევაში. განხილვამდე ცოტა ხნით ადრე, სოფო კილაძის ოფიციალურ გვერდზე წვდომა მას აღუდგინეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ აღარ არსებობდა დავის საგანი.

იგივე ბედი ეწია გიორგი ნონიაშვილის სარჩელსაც. მისი თქმით, სახელმწიფომ ეფექტიან გზას მიაგნო საიმისოდ, რათა სასამართლომ ვერ მიიღოს პრეცედენტული გადაწყვეტილება.

„შედეგი არის ის, რომ სახელმწიფომ იპოვა მარტივი სამართლებრივი გამოსავალი - როცა გაუსაჩივრებ იმას, რომ გბლოკავენ სოციალურ ქსელებში, მას შეუძლია, სასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე ბლოკი აგხსნას და სასამართლომ პოტენციურად ვეღარ დაინახოს დავის გაგრძელების საფუძველი”.

გამარჯვების შანსი

იურისტებსა და აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაშიც, მოქალაქეებს შეუძლიათ, უჩივლონ სახელმწიფოს.

თამაზ სოზაშვილისა და მარიამ დოლიძის ინტერესებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” იცავდა. მისი იურისტის, ედო მარიკაშვილის თქმით, იმისთვის, რომ ციფრულ სივრცეში კრიტიკული აზრი ვეღარ ჩაიხშოს, მნიშვნელოვანია, სასამართლომ თქვას - ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე საჯარო პირის მიერ მოქალაქის დაბლოკვა არღვევს მის გამოხატვის თავისუფლებას.

Georgia -- Eduard Marikashvili.

მართალია, ხელისუფლებამ უკვე იცის, რა უნდა მოუხერხოს მსგავს სარჩელებს, თუმცა ედო მარიკაშვილს მიაჩნია, რომ მოქალაქეებს სახელმწიფოს დამარცხების შანსი ჯერ კიდევ აქვთ.

„არის ასეთი წარმოება, რომელსაც უფლების დარღვევის აღიარებითი სარჩელი ჰქვია. თუკი ერთხელ დაგერღვა უფლება, შეიძლება აღიარებითი სარჩელით მოითხოვო, რომ სასამართლომ გიღიაროს შენი უფლების დარღვევა. სამართლებრივი შედეგები ამას ვერ ექნება, [სასამართლო] ვერ დაავალებს ვინმეს, რომ აგხსნას ბლოკი, მაგრამ, სამაგიეროდ, იარსებებს სამართლებრივი შემაჯამებითი დოკუმენტი. ესეთი ტაქტიკაც შეიძლება იქნეს გამოყენებული”, - გვეუბნება იურისტი.

იგი იხსენებს, რომ მსოფლიოში უკვე იყო შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს მეთაურმა მსგავსი სასამართლო დავა წააგო. 2019 წელს აშშ-ის ფედერალუმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ ჰქონდა საკუთარ Twitter-ზე კრიტიკული კომენტარების დაბლოკვის უფლება. მოსამართლის თქმით, ეს არაკონსტიტუციური ქმედება იყო.