თბილისში, პარლამენტთან დაიწყო აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით

თბილისში, პარლამენტის შენობასთან დაიწყო აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გარდაიცვალა 5 ივლისს მოძალადე ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. პრემიერ-მინისტრმა დღეს თქვა, რომ გადადგომას არ აპირებს.

ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისის დილას ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი, 5 ივლისს, სიძულვილის ჯგფების მხრიდან სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა მაშინ, როცა "სირცხვილიას" ოფისთან გადაღებაზე იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო სიკვდილის მიზეზების დამდგენი ექსპერტიზის პასუხის მიღებამდე მიანიშნებს მის კავშირს ნარკოტიკებთან, ინტერნეტში გარდაცვლილის დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება განსაკუთრებული კატეგორიის პირადი ინფორმაცია მის შესახებ.