შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს "TV პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საკუთარი ვერსიის საზოგადოებისთვის მიწოდებას. უწყებაში ჩანიშნულ ახალ ბრიფინკზე კრიმინალური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კიდევ ერთი მინიშნება გააკეთა ნარკომოხმარებაზე და თქვა, რომ ლაშქარავა სახლში "სავარაუდოდ არაფხიზელ" მდგოამრეობაში დაბრუნდა.
"ფონიჭალიდან მოდის ორთაჭალაში და მოგვიანებით 19:41 წუთზე ბრუნდება ფონიჭალაში, საიდანაც გადაადგილდება დედა ენის ბაღის მიმართულებით, სადაც დაჰყო გარკვეული პერიოდი, ხოლო 00:10 საათზე ბრუნდება საბურთალოს ტერიტორიაზე საკუთარი სახლში, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარებაში", - თქვა კრიმინალური დეპარტამენტის უფროსმა, მაუკა ჭელიძემ.
იმის მიუხედავად, რომ კრიმინალური პოლიციის უფროსი მამუკა ჭელიძე კვლავ აცხადებდა, რომ არ უნდოდა წინასწარ რაიმე ვერსია გაეჟღერებინა, მაინც გააკეთა აქცენტი "ფონიჭალაზე". საქართველოში ყველაზე ხშირად სპეცოპერაციები ნარკოგამსაღებლების დასაკავებლად სწორედ ფონიჭალაში ტარდება ხოლმე.
"კითხვას რაც შეეხება არაფხიზელ მდგომარეობას, ჯობია კადრები თქვენ თვითონ შეაფასოთ... ჩვენ ამით, როგორც პირველ ბრიფინგში ვთქვით, კონკრეტული ვერსიის გაჟღერებისგან თავს შევიკავებთ, ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ", - დასძინა მან.
ასევე ნახეთ შსს-მ საგანგებო ბრიფინგი გამართა და ლექსო ლაშქარავას ნარკომომხმარებლობაზე მიანიშნა
5 ივლისს, როცა თბილისის ცენტრალურ გამზირზე "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, ეს ადგილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა დაიკავეს. პოლიციელების თვალწინ სცემდნენ ჟურნალისტებს. როგორც ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები ამბობენ, იმდენად მცირე რაოდენობის სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული, რომ სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ დაიცავდნენ ჟურნალისტების უსაფრთხოებას.
ამავე დღეს ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი და სცადეს "სირცხვილიას" ოფისში შეჭრა. "TV პირველის" გადამღებ ჯგუფს სწორედ "სირცხვილიას" ოფისთან გაუსწორდნენ სიძულვილის ჯგუფები. სწორედ აქ მიიღო მძიმე დაზიანებები ოპერატორმა ლექსო ლაშქარავა, რომელიც დღეს დილით სახლში გარდაცვლილი იპოვეს.