აპატურაი ლაშქარავაზე: მას შემდეგ, რაც ბრბომ სცემა, მისი გარდაცვალება შემაშფოთებელია

"ქართველი ჟურნალისტის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება, მას შემდეგ, რაც კვირის დასაწყისში მას ბრბომ სცემა, ღრმად შემაშფოთებელია საქართველოს ყველა მეგობრისთვის - მათ შორის ჩემთვისაც. დემოკრატიებში უმცირესობები დაცულია, მედია დაცულია, სიტყვის თავისუფლება დაცულია. ეს არის ევროატლანტიკური ღირებულებები. არც ერთი ინსტიტუციას ან ორგანიზაციას არაფერი ათავისუფლებს ამ პასუხისმგებლობისგან" - ასე ეხმაურება სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს.

ლექსო ლაშქარავა, რომელიც დღეს დილას საკუთარ ბინაში ოჯახის წევრებს გარდაცვლილი დახვდა, 5 ივლისს, სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის მსხვერპლი გახდა "სირცხვილიას" ოფისთან, სადაც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. მის სხეულს ექსპერტიზა უტარდება.

ამ დროისთვის, ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელი მხოლოდ ორი პირია დაკავებული, ძალადობაში სავარაუდოდ ათობით პირი მონაწილეობდა.

გამოძიება 5 ივლისს მომხდარ ძალადობის ცალკეულ ფაქტებს იძიებს და ორგანიზებული დანაშაულის არსებობის შესაძლებლობაზე არ საუბრობს. 5 ივლისს 55 ადამიანი დაშავდა, მათგან 53 მედიის წარმომადგენელი იყო.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დღეს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე პრემიერ-მინისტრის და მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომა მოითხოვეს. მთავრობას ამ მოთხოვნის შესრულებამდე დრო აქციის მონაწილეებმა 12 ივლისის 12 საათამდე მისცეს.