ინგა გრიგოლია: იზიარებ კი არა, პრემიერს მინდა მივმართო, აიღე პასუხისმგებლობა და გადადექი

"TV პირველის" მენეჯმენტის წარმომადგენელი და ტოქშოუს წამყვანი, ინგა გრიგოლია ამბობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს. მან პრემიერს ტელეეთერიდან მიმართა.

"იმდენი არ ქნათ, ხალხო, რომ ქვეყანაში თავისუფალი მედია მართლა გაქრეს... ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ ეს იყო ხელისუფლების დაგეგმილი სპეცოპერაცია ჟურნალისტების წინააღმდეგ, მე არ მეპარება ეჭვი, არ მეპარება. ეს რომ ხელისუფლების დაგეგმილი არ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა, პრევენციისთვის ხო ყველაფერს გააკეთებდნენ - სპეცრაზმს ხო გამოიყვანდნენ...

ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ ამ წვერიანებს თუ უწვეროებს, არ ვიცი, რა ვუწოდო, ამ არაადამიანებს ხელისუფლებასთან აქვთ კავშირი. ვის სჭირდება, ხალხო, თქვენი სამძიმარი?! რაღაცა ენის მოჩლექა, რომ იზიარებ TV პირველის... იზიარებ კი არა, პრემიერს მინდა მივმართო, აიღე პასუხისმგებლობა და გადადექი. როგორც ქვეყნის პრემიერმა, აიღე პასუხისმგებლობა და გადადექი... თუ ვინმე პოლიტიკოსი მეტყვის, რომ ამ ტრაგედიის ფონზე, ჩვენ ისევ იგივე პრემიერი გვყავს, რომელმაც წააქეზა იმ დილით [ხალხი]... რა ექსპერტიზის პასუხიც არ უნდა დაიდოს... თქვენ რამე ხო არ გეშლებათ? ვინ შეჭამს თქვენ შეკერილს?..

თუ მცემენ აქციაზე, დამაზიანებენ, ძვლებს ჩამიმტვრევენ, თვალს ამომთხრიან და კარგი, იმ მომენტში გადავრჩი და მერე სახლში წავედი და დარდისგან გამისკდეს გული, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?!. ძვალის გატეხვაა მიზეზი, თუ ადამიანს ღირსება აქვს, ხალხო... ღირსება აქვს, ხალხო! იცით თქვენ რა არის?! სახლში შენს თავთან მარტო რომ დარჩები და რომ ხედავ კადრებში, როგორ გცემენ და ეს რო გახრჩობს, ეს არის ღირსება..." - თქვა ინგა გრიგოლიამ.

ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი "წარმოუდგენელ ტრაგედიას" უწოდებს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას

"TV პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი დღეს დილით დედამ სახლში იპოვა. ლექსო ლაშქარავას, რამდენიმე დღის წინ - 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის რამდენიმე დღე საავადმყოფოშიც მკურნალობდა.

ამ დროისთვის ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელი მხოლოდ ორი პირია დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მირანდა ბაღათურია, ჟურნალისტი, რომელიც თან ახლდა ლექსოს ძალადობრივი თავდასხმის დროს, ჰყვება, რომ მათი თავდამსხმელების რაოდენობა 20 მაინც იყო. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.