გარდაიცვალა ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ "სირცხვილიას" ოფისის დარბევისას მათგან ძალადობის მსხვერპლი გახდა. ინფორმაციას ადასტურებენ მისი კოლეგები.
გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია - მიმდინარეობს ექსპერტიზა.
ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ორი პირი, თორნიკე დავლაშერიძე და აკაკი ნაკაშიძე. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. პროკურატურის ვერსიით, ისინი ხელებით და ფეხებით, ასევე ბლაგვი საგნებით გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს და ამ გზით შეუშალეს ხელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში. ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად ლექსოს სახის ძვლები ჰქონდა დამსხვრეული და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია ძალადობის ფაქტის გახსენებისას "ფორმულას" ეთერში ჰყვება, რომ მათზე 20-მდე ადამიანი ძალადობდა, მათ შორის, სასულიერო პირი. როცა ძალადობრივი ჯგუფები "სირცხვილიას" ოფისს არბევდნენ და მედიაზე ძალადობდნენ, თვალშისაცემი იყო სამართალდამცველების სიმწირე.
ასევე ნახეთ დაშავებულია 50-მდე ჟურნალისტი ასევე ნახეთ რას ჰყვებიან დაშავებული ჟურნალისტები