აშშ-ის ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებით, დაძაბულობის პერიოდში პრემიერ-მინისტრმა უნდა ითამაშოს წამყვანი როლი სიტუაციის განსამუხტად, თუმცა, მისი თქმით, წინა დღეებში ჩვენ ეს ვერ დავინახეთ, რაც სამწუხაროა.
"5 ივლისი ძალიან სევდიანი დღე იყო საქართველოსთვის. იმედგაცრუებულები ვართ, რომ მიღებული ცოდნა და აღჭურვილობა არ იყო გამოყენებული, როცა ცხადი გახდა, რომ ამ ხალხში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ძალადობდნენ.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში უმრავლესობა არ ემხრობა ძალადობას, არანაირ სიტუაციაში, მით უმეტეს, ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიან მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე, რომლებიც თავიანთ სამუშაოს ასრულებენ. ამიტომ ნამდვილად ვფიქრობთ, რომ ეს იყო იმედგამაცრუებელი დღე. ბევრმა გააკეთა კომენტარი, ბევრისთვის იყო გასაკვირი, რომ საქართველომ, ქვეყანამ, რომელიც ცნობილია ადამიანის უფლებათა დაცვითა და ტოლერანტობით, უკან გადადგა ნაბიჯი ამ ღირებულებებისგან.
რა თქმა უნდა, ჩვენ მოველით, რომ პრემიერ-მინისტრმა უნდა ითამაშოს წამყვანი როლი იმ სიტუაციის დასამშვიდებლად, სადაც ძალადობას იყენებენ და დაგმოს ძალადობა საქართველოს მოქალაქეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ ვნახეთ მისი წამყვანი როლი ძალადობის აღკვეთაში", - თქვა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა გურიაში ყოფნისას.
5 ივლისს ჰომოფობიური, სიძულვილის ჯგუფების წარმომადგენლებმა დაარბიეს "თბილისი პრაიდის" და "სირცხვილიას" ოფისები, თავს დაესხნენ მედიას - დაშავდა 53 ჟურნალისტი. პრემიერ-მინისტრმა 5 ივლისის დილას, როცა მოძალადე ჯგუფები უკვე იკრიბებოდნენ და "თბილისი პრაიდის" ფარგლებში დაგეგმილი "ღირსების მარში" ჯერ არ იყო გაუქმებული, თქვა, რომ მის ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: 5 ივლისს მედიაზე ძალადობამ დააზიანა ეკლესიის მიერ დაგეგმილი მშვიდობიანი ლოცვის დემონსტრაცია და მთავრობა ასევე ნახეთ 5 ივლისი - როგორ დაირღვა კონსტიტუცია, რას იძიებს შსს და რა რჩება გამოუძიებელი