ისინი ამბობდნენ, რომ საქართველოს პარლამენტის ადგილას ადრე ეკლესია იყო - სავარაუდოდ, ალექსანდრე ნეველის ტაძარს გულისხმობდნენ, რომელიც იქ 1930 წლამდე იდგა - ამიტომ ჯვარი სწორედაც რომ აქ უნდა აღმართულიყო. „ჯვრის ძალა გადაარჩენს საქართველოს”- ლოცვა ამ სიტყვებით დაამთავრეს აქციის მონაწილეებმა და რკინის, სამ მეტრზე მაღალი, კონსტრუქცია პარლამენტის კიბეებამდე მიიტანეს.
ჯვრის დადგმას ევროკავშირის დროშის ჩამოხევა მოჰყვა, რის შემდეგაც რადიკალურმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ იცეკვეს.
ამის შემდეგ რკინის ჯვართან გადაღებული არაერთი ფოტო გავრცელდა, სადაც მოძალადე ჯგუფების წევრები კონსტრუქციასთან ამაყად პოზირებენ.
რადიკალური ჯგუფები, რომლებიც 5 ივლისის განმავლობაში პარლამენტის წინა ტერიტორიას იკავებდნენ, ამ ჯვარს არა მხოლოდ სიწმინდედ, არამედ გამარჯვების სიმბოლოდ აღიქვამენ. ამავე ჯგუფების წარმომადგენლებმა დაარბიეს „თბილისი პრაიდისა“ და „სირცხვილიას“ ოფისები და 53 ჟურნალისტზე იძალადეს.
უნებართვო მონუმენტი თუ აზრის გამოხატვა?
წმინდა ნინოს ჯვარი არც პარლამენტის წინ გაშლილი კარავია და არც პლაკატი, რომელსაც აკეცავ - ეს საჯარო სივრცეში თვითნებურად აღმართული, წინასწარ ჩამოსხმული მონუმენტია, რომელიც მოძალადე ჯგუფებმა საგულდაგულოდ, ჭანჭიკებით დაამაგრეს. ჯვრის სიმაღლე დაახლოებით 3,5 მეტრია, სიგანე - 1,5.
Your browser doesn’t support HTML5
რადიო თავისუფლების ვიდეოში ჩანს, რომ საკმაოდ მძიმე კონსტრუქციას რამდენიმე ადამიანი ეჭიდება ადგილამდე მისატანად. პოლიცია საერთოდ არ ერევა პროცესში.
წარსულში პოლიციას გაცილებით უფრო მცირე ქმედებებისთვისაც დაუკავებია აქციის მონაწილეები. მაგალითად, „ქართული ოცნების“ ოფისთან აქტივისტი ალექსანდრე მილორავა დააკავეს, რადგან კარს სტიკერი დააკრა. შუშანა მაცაბერიძე კი უბრალოდ იდგა ელენე ხოშტარიას გვერდით, როცა ის პულვერიზატორით, დროებით კედელზე აკეთებდა წარწერას - მოგვიანებით მის ოქმში ჩაიწერა, რომ კედელზე თვითონ წერდა.
ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ კონსტრუქციის აღმართვა „იერსახის დამახინჯების” მუხლში არ ჯდება, მაგრამ უნებართვოდ ცალსახად უკანონოა მიწაში კონსტრუქციის მყარად ჩამაგრება, განსაკუთრებით ისეთი ადმინისტრაციული მნიშვნელობის შენობასთან, როგორიცაა საქართველოს პარლამენტი. ორგანო, რომელმაც დემონტაჟი უნდა განახორციელოს, თბილისის მერიაა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გვანცა საკანელაშვილი ამბობს, რომ ჯვრის აღმართვა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება და, შესაბამისად, კანონიერია.
„თუმცა, ამასთან ერთად, ხაზს გავუსვამთ, რომ ჩვენი [საია-ს] ვარაუდით ნებისმიერი სხვა კონფესიის ნიშნის დემონტაჟს სახელმწიფო მაშინვე განახორციელებდა”.
ლოცვა და მუქარა
რკინის ჯვარი 5 ივლისის შემდეგ უკვე რამდენჯერმე გახდა რადიკალური ჯგუფების მხრიდან მუქარის მიზეზი.
6 ივლისს, „თავისუფლებისთვის” აქციაზე, პარლამენტის წინ შეკრებილნი წინა დღის ძალადობას აპროტესტებდნენ. ამ აქციაზე გაშლილ პრაიდის დროშას წინა დღეს დამონტაჟებული ჯვარი ჰქონდა ფონად. ამან განსაკუთრებით გააღიზიანა რადიკალური ჯგუფები, რომელთა აგრესიისგან „თავისუფლებისთვის” შეკრებილ ხალხს პოლიციის კორდონი და რკინის ჯებირები იცავდა. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ზურა მახარაძე, ულტრამემარჯვენე ალტ-ინფოს დამფუძნებელი, პოლიციის უფროსს ვაჟა სირაძეს მოთხოვნას უყენებს, „ჯვრის წინ ლგბტ დროშის ფრიალი შეწყდეს”. ის პოლიციას 10 წუთს აძლევს იმისთვის, რომ მოთხოვნა ადრესატამდე მიიტანოს და ჰპირდება, რომ ამ ათი წუთის განმავლობაში „არაფერი მოხდება”.
8 ივლისს მოქალაქეების ჯგუფმა დაგეგმა აქცია ჯვრის დემონტაჟის მოთხოვნით. ორგანიზატორებს აქცია-პერფორმანსით სურდათ გაეპროტესტებინათ უნებართვოდ აღმართული კონსტრუქცია. ჯვართან სამგლოვიარო ყვავილების მიტანით „სახელმწიფოს უმოქმედობის პანაშვიდის” გადახდას აპირებდნენ. ნატა ფერაძემ, აქციის ორგანიზატორმა, რადიო თავისუფლებას უთხრა:
„სრულიად დაუშვებელია - კანონითაც და მორალური თვალსაზრისითაც, სეკულარულ სახელმწიფოში მაინცდამაინც ერთი კონფესიის [სიმბოლოს] აღმართვა, როცა ეს კონფესია ძალადობს და ჰომოფობიას ღაღადებს. ჯანსაღ საზოგადოებაში ეს კონსტრუქცია არ უნდა იდგეს. დავგეგმეთ აქცია, სადაც აგრესია იყო ნული - უბრალოდ უნდა მიგვეტანა ყვავილები სეკულარული სახელმწიფოს “პანაშვიდზე”, სახელმწიფოს მოვთხოვდით, რომ აეღო ეს ჯვარი, რაც არის კანონიერი მოთხოვნა”.
აქცია მოძალადე ჯგუფების მუქარის გამო გაუქმდა. ულტრამემარჯვენე დაჯგუფება ალტ-ინფომ თავის მხარდაჭერებს მოუწოდა კონტრაქციაზე შეკრებილიყვნენ. ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეოში ისინი ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ რელიგიური ომია გამოცხადებული და ადამიანებს, რომლებიც ჯვრის აღებას მოითხოვენ, „სერიოზული არეულობა უნდათ”.
„ეს ხალხი ვერ ხვდება, რა პროცესებს ეჯახება. [...] თუ ამ ჯვარს ხელი დაედება ან ნებისმიერი ფორმით შეურაცხყოფა მოხდება, მე ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ“, - ამბობს რადიკალური ჯგუფის ალტ-ინფოს სატელევიზიო გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი, გიორგი ქარდავა.
„ეს ჯვარი არის ჩვენი გამარჯვების სიმბოლო”, - თქვა „ქართული მარშის“ წევრმა, ბექა ვარდოსანიძემ იმავე დღეს ფეისბუკჩართვაში.
ნატა ფერაძეს მოუწია, დღეს ტელეფონი გამოერთო, რადგან მთელი დღეა შეურაცხმყოფელ და სიცოცხლის მუქარის შემცველ ზარებს და ტექსტებს იღებს. სამართალდამცავებს არ მიმართა - ამბობს, რომ მათი იმედი არ აქვს.
დღეს კი, 9 ივლისს, კონტრაქციის ნაცვლად, ჯვართან პარაკლისი აღევლინა. ქადაგება პირდაპირ ეთერში ალტ-ინფომ გააშუქა. პარაკლისს ზურაბ მახარაძის გამოსვლა მოჰყვა, სადაც ულტრამემარჯვენემ თქვა, რომ შეკრებას კონკრეტული მიზანი აქვს - ჯვრის დაცვის გარდა, ისინი ითხოვენ საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის, ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას.
ასევე ნახეთ პარლამენტთან აქცია-პარაკლისი გაიმართა ჯვარის დაცვის მოტივითჯვარს არავინ შეეხოს, ამას არ მოვითმენთ - ასეთია 5 ივლისს, ძალადობრივ ქმედებებში ჩართული აქციის მონაწილეების გზავნილი, რომლებიც ჯვრის ქვეშ ახალ-ახალ მოთხოვნებს უყენებენ ხელისუფლებას.
რას აკეთებს სახელმწიფო
მოძალადე ჯგუფების მიერ უნებართვოდ აღმართული ჯვარი უკვე ოთხი დღეა, პარლამენტის წინ დგას. მერია დემონტაჟს არ ჩქარობს.
„ჯერ კიდევ ვმსჯელობთ ამ საკითხზე და როგორც კი გვექნება გადაწყვეტილება, შეგატყობინებთ”, - უპასუხეს რადიო თავისუფლებას მერიაში.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „მთავარ არხს” უთხრა, რომ ჯვრის მოხსნა-გადატანის საკითხზე ამჟამად საპატრიარქო მსჯელობს.
საპატრიარქოს პრესსამსახური კომენტარისგან თავს იკავებს. ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), რომელიც „რიონის ხეობის მცველებს” თებერვალში ჯვრის სავალ ნაწილზე აღმართვისთვის აკრიტიკებდა, 5 ივლისის აქციებში თავად მონაწილეობდა და, როგორც „ფორმულას” ჟურნალისტი იხსენებს, მასზე ძალადობასაც ბიძგი მისცა.
ოპოზიციის დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ თბილისის მერს, კახა კალაძეს წერილი გაუგზავნა.
„მე გავუგზავნე სადეპუტატო შეკითხვა, სადაც პირდაპირ ვეკითხები, ჯვრის ფორმის რკინის კონსტრუქციის დამონტაჟებაზე არის თუ არა გაცემული ნებართვა და ასეთის არსებობის შემთხვევაში ასლი გამოგვიგზავნოს, ხოლო თუ ნებართვა არ არსებობს, არის თუ არა განხილული როგორც უკანონო მშენებლობა და რა ზომებს მიიღებს მერია?“ - უთხრა მან რადიო თავისუფლებას. ხათუნა სამნიძის შეკითხვაც ამ დრომდე უპასუხოდ რჩება.
ასევე ნახეთ ირაკლი ქადაგიშვილი: მიმაჩნია, რომ ჯვარი და ევროკავშირის დროშა ძალიან კარგი შეხამებაა„იძაბებით ჯვრის დანახვაზე? - მაშინ არ მახსოვხართ შეწუხებული, როცა თვეების განმავლობაში აქ ცარიელი კარვები და სააკაშვილის დაბრუნების კომიკური ბანერი იდგა“, - უპასუხა ჯვარზე ჟურნალისტების კითხვას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ. მან განაცხადა, რომ საკითხი ძალიან მალე „სრულიად ნორმალურად, კანონმდებლობის ფარგლებში იქნება გადაწყვეტილი და პარლამენტის წინ ტერიტორია დაუბრუნდება ისეთ ფორმას, როგორსაც ჩვენი ქვეყანა და კონსტიტუციური ინსტიტუტი - საქართველოს პარლამენტი იმსახურებს“.
ასევე ნახეთ არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებს: იძაბებით ჯვრის დანახვაზე? აქედან სენსაციას ნუ ქმნით ზურაბ მახარაძემ კი დღეს, 9 ივლისს, ჯვრის დასაცავად გამართულ აქციაზე თქვა, რომ „ჯვარი ქართველმა ერმა დადგა როგორც სიწმინდის სიმბოლო და კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და დაიცვას ეს სიწმინდე”.