5 ივლისს, ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ზაზა ჭაავა მისთვის წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და სასამართლო სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართა საქალაქო სასამართლოში, ამბობს, რომ ჟურნალისტებს მოტოციკლით არა განზრახ, არამედ მისი მწყობრიდან გამოსვლის გამო დაეჯახა. სასამართლოზე მან ასევე ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე ისაუბრა და თქვა, რომ არ აქვს მარცხენა ხელი და აწუხებს ერთი ფეხიც, რომლითაც გადაადგილება უჭირს. მოტოციკლი კი, რომლითაც ჟურნალისტებს დაეჯახა, სამუშაოდ ჭირდება და "ოჯახს ამით არჩენს".
"ტრანსპორტმა მიმტყუვნა, ახალი გადმოწყობილი მქონდა მარჯვენა ხელზე (მარცხენა ხელი არ აქვს)… მივდიოდი იმისთვის, რომ მოძღვარი დავინახე, მინდოდა მისთვის პური მიმეტანა… გამექცა მოტოციკლი, ბოლოს ხელი გამეშვა, ვიგინებოდი და ვყვიროდი - ამის დედა… - მივხვდი, რო ვერ ვაჩერებდი. ამ შევარდნის დროს ოპერატორი წიხლებით შემომახტა… თუ თვლიან ეს ხალხო, რომ მე ვიძალადე და ასე მწირავენ, გამწირონ… საზოგადოებას ბოდიშს მოვუხდი…” - თქვა ზაზა ჭაავამ სასამართლო სხდომაზე, სადაც მისთვის და ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული სხვა ორი პირის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ. პროკურატურა სამივე ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვდა, ზაზა ჭაავას ადვოკატი 2 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებას. სასამართლომ სამივე პირს პატიმრობა შეუფარდა და წინასასამართლო სხდომა 2 სექტემბრისთვის დანიშნა.
"დედის მხრიდან, მამის მხრიდან არ არსებობს ჩემს ოჯახში რომ ვინმე იყოს ნასამართლევი… ქართველი ვარ და აფხაზეთიდან ვარ დევნილი, იმდენი სიახლი გვინახავს გადმოსვლისას, ამის მიუხედავად მშობლებმა ისე გამზარდეს… მე მრცხვენია რომ ჩემზე სასამართლო ტარდება… კიდევ ერთხელ ვიტყვი ჩემს ჯიშში და ჯილაგში არ არსებობს [ნასამართლევი]… საქართველოს ვუზრდი 4 შვილს. [მინდა] გოგოები გაიზარდნონ პატიოსნები და გაამრავლონ საქართველო, ბიჭებს ვასწავლი, რომ ჯარი მოიხადონ და ქვეყნის სადარაჯოზე დადგნენ… ამას არ ვამბობ აფერისტულად… მე ახალწლებამდე მომოვიდა ავარია და გამიტყდა მოტოციკლი, რითაც ვარჩენ ოჯახს… ჟურნალისტების მიმართ დადებითად ვარ, ჩემმა მეუღლემაც ჟურნალისტიკა დაამთავრა, მაგრამ ოთხი შვილის გამო დიასახლისობს…" - თქვა ზაზა ჭაავამ სასამართლო სხდომაზე.
"მაესტროს" გავრცელებულ კადრებში ჩანს, რეალურად რას ამბობდა და რას აკეთებდა ჭაავა 5 ივლისის აქციაზე.
პროკურატურამ „პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა მიერ მედიის მიმართ ძალადობის ფაქტებზე 3 პირს, ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძესა და მურად დევლარიშვილს ბრალდება 6 ივლისს წარუდგინა.
უწყების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით გასამართი აქციის პარალელურად, მოწინააღმდეგე ჯგუფის მიერ მიმდინარე აქციაზე, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და ,,ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს, განახორციელეს მათ მიმართ პროფესიული ნიშნით დევნა და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. კერძოდ, ბრალდებულები ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის, გამოცემა „ტაბულას“ და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, აიძულებდნენ შეეწყვიტათ პროფესიული საქმიანობა, არ გადაეღოთ და არ გაევრცელებინათ მათ მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების ამსახველი მასალა.
დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით წარედგინათ. მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბოლო მონაცემებით, ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნის, ჯგუფური ძალადობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ სულ 15 პირია დაკავებული, მათგან ბრალი 8 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 25 პირი, მათ შორის 19 ჟურნალისტი და ოპერატორი.
ასევე ნახეთ არ დაგიცვეს თუ ვერ? - კიდევ რას ეკითხებოდნენ დაშავებულ ჟურნალისტებს გამოკითხვაზე?5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ გამოსულმა მოძალადე ჯგუფებმა თბილისის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი თავდასხმები მოაწყვეს აქტივისტების ოფისებსა და მედიის წარმომადგენლებზე. დაშავებული 55 ადამიანიდან 53 მედიის წარმომადგენელია. მათ შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც.