შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ 5 ივლისს პოლონელი ტურისტის დაჭრა პრაიდის ღონისძიებას არ უკავშირდება. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
"არანაირი კავშირი ამ ფაქტს პრაიდთან დაკავშირებით არ აქვს. ეს იყო ჩვეულებრივი შემთხვევა, რომელიც მოხდა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე. დაპირისპირებას არ ჰქონია ადგილი. მიეჭრა ის ერთი პირი და მოახდინა სხვა ადგილზე ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
პოლონელ ტურისტზე თავდასხმაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა. გიორგი ხმალაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს იმსჯელა.
პოლონეთიდან ჩამოსული ტურისტი თბილისის ცენტრალურ ნაწილში 5 ივლისს დაჭრეს. ბოლო მონაცემებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. შსს-ს განმარტებით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს.
პროკურატურამ პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება 6 ივლისს ხულიგნური ქვენა გრძნობით ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის წარუდგინა.