"მიუხედავად საფრთხეებისა, იმ სივრცეში ყველა ძალიან ბედნიერად და თავისუფლად გრძნობდა თავს" - აქცია "თავისუფლებისთვის"

მდუმარე აქციაზე, "თავისუფლებისთვის", 6 ივლისს პარლამენტის წინ რამდენიმე ათასი მოქალაქე, წინა დღით მომხდარი ძალადობრივი თავდასხმებისა და ამ ძალადობაზე სახელმწიფოს არაეფექტური პასუხის გასაპროტესტებლად შეიკრიბა. "თავისუფლებისთვის" აქციაზე ლგბტ+ თემის აქტივისტებიც მივიდნენ, რომელთაც წინა დღით "ღირსების აღლუმის" ჩატარების საშუალება არ მიეცათ. პარალელურად, პარლამენტის მიმდებარედ, კონტრაქციაზე შეიკრიბნენ ჰომოფობიურად განწყობილი ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც პოლიციის გამყოფი კორდონის გარღვევას ცდილობდნენ.

6 ივლისი, 2021 წელი, თბილისი - გამყოფი რკინის ჯებირებისა და პოლიციის კორდონის ორივე მხარე, რადიო თავისუფლების ფოტორეპორტაჟში:

თბილისი პრაიდის მხარდამჭერები

"თავისუფლებისთვის" აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ 20:00-დან დაიწყეს შეკრება. მათ შორის იყვნენ „თბილისი პრაიდის“ და სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებიც.

მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტი სალომე ბარკერი აქციაზე ევროკავშირის დროშით მოვიდა.

“მიუხედავად გარედან მომართული საფრთხეებისა, იმ სივრცეში ყველა ძალიან ბედნიერად და თავისუფლად გრძნობდა თავს" - უთხრა რადიო თავისფულებას თბილისი პრაიდის აქტივისტმა ანა სუბელიანმა.

"სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს - სოლიდარობა თბილისი პრაიდს"

„მე არ ვთვლი რომ ამ აქციამ თბილისი პრაიდი ჩაანაცვლა“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ლგბტ+ აქტივისტმა ბარტ ნიკოლო ღვინიაშვილმა. „მე იქ მივედი მივედი რომ ჟურნალისტებისთვის სოლიდარობა გამომეცხადებინა და ძალადობის წინააღმდეგ რომ დავმდგარიყავი.“

ბარტ ნიკოლო ღვინიაშვილი

„ეს არ იყო პრაიდის ჩანაცვლება, მაგრამ ერთგვარი კომპენსაცია იყო არშემდგარი ღირსების მარშის. ყველაზე მეტად ეს იყო იმის გამოხატვა, რომ იქ შეკრებილი ადამიანები არ მისცემდნენ სახელმწიფოს უფლებას, ფეხქვეშ გაეთელა ლიბერალური ღირებულებები და ადამიანის უფლებები.“ - უთხრა ანა სუბელიანმა რადიო თავისუფლებას.

თბილისი პრაიდის აქტივისტები გიორგი თაბაგარი და ანა სუბელიანი

„პირველ რიგში ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ბრაზის ჩვენება, ამიტომ შევიკრიბეთ. ასევე გვინდოდა გამოგვეხატა რომ, შეიძლება წავიქეცით, მაგრამ მალევე წამოვდექით ფეხზე.“ - გიორგი თაბაგარი, თბილისი პრაიდის აქტივისტი.

შებინდების შემდეგ რუსთაველის გამზირზე განათება დიდი ხნის განმავლობაში არ ანთებულა. ერთ-ერთმა აქტივისტმა სხვებს მოუწოდა, სივრცე ტელეფონებით გაენათებინათ.

თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა, წინა დღით ძალადობრივი ჯგუფების მიერ აღმართული რკინის ჯვრის ფონზე, ცისარტყელას ფერების დროშა გაშალეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. ლევან ბერიანიძემ, თანასწორობის მოძრაობის წარმომადგენელმა თქვა, რომ მართალია ღირსების მარში 5 ივლისს ვერ გაიმართა, მაგრამ მეორე დღეს სოლიდარობის აქციამ აჩვენა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არ ემხრობა ძალადობას.

აქციის მონაცილეებმა პრაიდის დროშა გაშალეს

საღამოს თავისფულების მოედნის მხარეს შეკრებილმა სიძულვილის ჯგუფებმა აქციის მიმართულებით ასაფეთქებლის სროლა დაიწყეს. მოქალაქეები რკინის ჯებირებთან მყოფ პოლიციას თხოვდნენ, მათი უსაფრთხოებისთვის მოძალადე ჯგუფების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოეყენათ.

ასაფეთქებლის გარდა, ისროდნენ კვერცხებს, პლასტმასის და შუშის ბოთლებს, იშვიათად, ქვებსაც.

კონტრაქციის მონაწილეებს შორის იყო არაერთი სასულიერო პირიც.

პოლიციის კორდონთან გამოჩნდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე. ამ კადრში ის "თავისუფლებისთვის" აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, გიორგი მჟავანაძეს ესაუბრება.

„ორივე მხრიდან „ორკები“ იყვნენ და ვათანხმებდით უსაფრთხო გზებს ხალხის გასვლასთან დაკავშირებით.“ - უთხრა გიორგი მჟავანაძემ რადიო თავისუფლებას.

პოლიცია პერიოდულად აკავებდა კონტრაქციის მონაწილე ცალკეულ პირებს, რომლებიც ახერხებდნენ კორდონის გარღვევას და აგრესიით გამოირჩეოდნენ. 7 ივლისს გავრცელებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, 6 ივლისს პარლამენტის წინ გამართული აქციის საწინააღმდეგოდ შეკრებილი მოქალაქეების ნაწილის პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს.

"არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები წინააღმდეგობას უწევდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ისროდნენ სხვადასხვა ნივთს, რის შედეგადაც სამმა სამართალდამცველმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.“ - ნათქვამია განცხადებაში.

სულ პოლიციამ 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა. მათგან დროებითი მოთავსების იზოლატორში მხოლოდ 32 დარჩა, დანარჩენი კი ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს.

კონტრაქციის ერთერთი ორგანიზატორი, გურამ ფალავანდიშვილი, შეურაცხყოფას აყენებდა "თავისუფლებისთვის" აქციის მონაწილეებს.

გურამ ფალავანდიშვილი კონტრაქციაზე

23:00-სკენ "თავისუფლებისთვის" აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ტერიტორიის დატოვება უკანა მხრიდან, ზედა ქუჩებით დაიწყეს. ამ დროს გამოჩნდა სპეცდანიშულების რაზმიც. პარლამენტის წინა ტერიტორიის დაცლის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ძალადობრივმა ჯგუფებმა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს და პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა 5 ივლისის მსგავსად, კვლავ ჩამოხსნეს, დახიეს და დაწვა სცადეს.

აქციის ბოლოს ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა

რამდენიმე დაპირისპირება იყო აქციის დაშლის შემდეგაც, როცა "თავისუფლებისთვის" შეკრებილი ადამიანები ზედა ქუჩებით ტოვებდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას. სპეცდანიშნულების რაზმები ვითარების განმუხტვაში არ ჩართულან.