საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშის ხელახლა აღმართვის ფაქტს:
„ევროკავშირის დროშა კვლავ დაუბრუნდა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ თავის კუთვნილ ადგილს, როგორც ქართველი ხალხის ისტორიული და უალტერნატივო არჩევანის სიმბოლო.
ქართული კულტურა ყოველთვის იდგა ევროპულ ღირებულებებზე და ამასთან, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან ბევრი გააკეთა ევროპასთან პოლიტიკურ-ეკონომიკურად დაახლოებისთვის. თავის მხრივ, ევროკავშირის როლი ფასდაუდებელია საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარების, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში“, - წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მისი თქმით, სრულიად მიუღებელია ის ძალადობრივი ქმედებები, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ხდებოდა საქართველოს დედაქალაქში:
„მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ, მედიის წარმომადგენლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმას. დარწმუნებული ვარ, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს კანონის წინაშე.
საქართველო, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული ფასეულობების სახელმწიფო, მუდმივად იდგება ჩვენი საერთო ღირებულებების სადარაჯოზე“, - წერს დავით ზალკალიანი „ფეისბუკში“.
გასული 2 დღის განმავლობაში პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ორჯერ ჩამოგლეჯის ფაქტზე მან ზოგადი კომენტარი მისცა ტელეკომპანია „მთავარ არხსაც“.
„მიუღებელია ყველაფერი, რაც გუშინ ვიხილეთ. ეს ძალადობა მკაცრად დასაგმობია, რა თქმა უნდა, და ვინც კი ჩაიდინა დანაშაული, ყველამ უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი. სამართალდამცავი სტრუქტურები იმოქმედებენ შესაბამისად და ყველა დაისჯება, ვინც ჩაიდინა დანაშაული“, - უთხრა დავით ზალკალიანმა „მთავარ არხს“ კითხვაზე, რატომ ვერ შეძლო სახელმწიფომ დროშის ჩამოგლეჯის ფაქტების აღკვეთა და რატომ არ ჰქონდა მას სათანადო რეაგირება პირველივე შემთხვევაზე.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ჰომოფობიურად განწყობილმა ძალადობრივმა ჯგუფებმა 6 ივლისს პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა მას შემდეგ ჩამოხსნეს, რაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილისა და "თბილისი პრაიდის" მხარდამჭერების მდუმარე აქციის დასრულების შემდეგ.
ასევე ნახეთ ძალადობრივმა ჯგუფებმა კვლავ ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშაევროკავშირის დროშა ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისსაც ჩამოხსნეს.
5 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ფაქტები და სახელმწიფოს არაეფექტიანი მუშაობა 6 ივლისს მდუმარე აქციით გააპროტესტეს მოქალაქეებმა პარლამენტის წინ. სიძულვილის ჯგუფებმა კვლავ გამართეს კონტრაქცია, იძალადეს პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებზე. სამართალდამცველებმა მედია და აქციის მონაწილეები "უსაფრთხო დერეფნებით" გაიყვანეს ტერიტორიიდან აქციის დასასრულს, რუსთაველის გამზირი კი მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს.
ასევე ნახეთ პარლამენტთან ჩამოგლეჯილი ევროკავშირის დროშა კახა კუჭავამ აღმართა