5 ივლისს ხეთაგუროვის ქუჩაზე დაჭრილი პოლონელი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და იგი მკურნალობას ალადაშვილის კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობს. როგორც რადიო თავისუფლებას მისმა მკურნალმა ექიმმა, შალვა გიუაშვილმა უთხრა, პაციენტს რამდენიმე დღე სჭირდება კლინიკიდან გასაწერად.
„გულმკერდის ჭრილობები ჰქონდა მრავლობითი. ნაკვეთი ჭრილობები გულმკერდის არეში. მათ შორის ერთი შემავალი პლევრის ღრუში. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. გართულება ჯერჯერობით არ არის, ფილტვი გაშლილია და სჭირდება რამოდენიმე დღე, რომ სახლში გავწეროთ“, - განმარტავს ექიმი.
პოლონელი ტურისტის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 5 ივლისს დააკავა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოჯახის წევრები განმარტავენ, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აღენიშნება. ტელეკომპანია "ფორმულამ" კი თვითმხილველებზე დაყრდნობით დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მიზეზად ჰომოფობიური განწყობები დაასახელა. ტელეკომპანიის თანახმად, მოქალაქის თქმით მოძალადეებმა დაჭრეს ტურისტი, რომელსაც საყურე ეკეთა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. შსს-ის განმარტებით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს.
პროკურატურამ პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება 6 ივლისს ხულიგნური ქვენა გრძნობით ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის წარუდგინა. საგამოძიებო ორგანოს თანახმად, ბრალდებულის შერაცხადობის დადგენის მიზნით გამოძიების მიმდინარეობისას დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.