ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ბელარუსის მთავრობას დაავალა, შეზღუდოს გერმანიიდან რუსეთსა და ჩინეთში მიმავალი საქონლის ტრანზიტი. ამის შესახებ მან განაცხადა თათბირზე, რომელიც სანქციებით გათვალისწინებული ზომების წინაღმდეგ მოქმედებას ეხებოდა, იტყობინება სააგენტო BelTA.
ბელარუსის ლიდერი ამგვარად ცდილობს აჩვენოს ევროპის ქვეყნებს, „რა არის ბელარუსი“ და აიძულოს ისინი, დაფიქრდნენ „მანამდე, სანამ ეკონომიკურ იარაღს მოჰკიდებდნენ ხელს“. „ჩვენ ვიცნობთ მათ. ჩვენ გამოცდილება გვაქვს. გახსოვთ Skoda, Nivea და ა.შ.? ჩვენ მათ ვუთხარით: ბიჭებო, გმადლობთ, ნახვამდის. პირველი: არცერთი ნაბიჯი ბელარუსის ბაზარზე, მეორე: არცერთი ნაბიჯი არც ბელარუსის გავლით“.
ლუკაშენკამ ევროპას საქონლის ფინეთისა და უკრაინის გავლით მიწოდება შესთავაზა. მან ბელარუსის მთავრობასა და ეროვნულ ბანკს დაავალა, ყურადღებით ადევნონ თვალყური ქვეყანაში უცხოური კომპანიების მუშაობას: „თუკი ვინმეს არ ესმის ჩვენი და ბრძოლა დაიწყო ბელარუსის სახელმწიფოს წინააღმდეგ, თქვენ მოგეხსენებათ, როგორ უნდა მოექცეთ მათ“.
ევროკავშირმა და აშშ-მა უკვე სანქციების ოთხი პაკეტი დაუწესეს ლუკაშენკას რეჟიმს. ამის მიზეზია ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის რეპრესიული პოლიტიკა. შეზღუდვები შეეხო კალიუმის, ნავთობისა და საბანკო სექტორებს. მთლიანობაში სანქციები გავრცელდა 166 ადამიანსა და 15 დაწესებულებაზე.