გუშინ დაკავებულ სიძულვილის ჯგუფის წევრს სასამართლომ 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

გუშინ დაკავებულ პირს სასამართლომ 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ჯერ სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 8 პირიდან მხოლოდ ერთის საქმეზე იმსჯელა.

პაატა გურჩიანის პატიმრობის განჩინება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მას პოლიცია დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავებოდა.

შსს-ს ცნობით, ძალადობის მსხვერპლი გახდა 55 ადამიანი, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია. პოლიციამ ძალადობის ფაქტებში მონაწილე 8 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით. არ კონკრეტდება, რომელ ინციდენტებში მონაწილეობდნენ დაკავებული პირები.

ასევე ნახეთ შსს: ადმინისტრაციული წესით დავაკავეთ 8 პირი, დღეს ჯამში 55 ადამიანზე იძალადეს

დაკავებულებს საგამოძიებო უწყება "მთავარი არხის", "ტაბულას", "რუსთავი 2-ისა" და "ნიუპოსტის" ჟურნალისტებზე თავდასხმას ედავება.

"[დაკავებულებმა] „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება", - აცხადებენ შსს-ში.

გუშინ დილიდან თბილისის ქუჩებში სიძულვილის ჯგუფებმა დაიწყეს შეკრება. დაანონსებული "მშვიდობიანი პროტესტი" ძალადობრივ აქციად მალევე გადაიქცა. კონტრაქციის მონაწილეები სცემდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 55 პირზე იძალადეს, მათ შორის 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.