კახა კუჭავა 5 ივლისის მოვლენებზე: ეს იყო სამარცხვინო და დასაგმობია ყველას მხრიდან

კახა კუჭავა, პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა მიიჩნევს, რომ არ შეიძლება იმ ძალადობრივი ქმედებების გამართლება, რომლებიც 5 ივლისს განვითარდა თბილისში. „არანაირი მაგრამ“, - განაცხადა კახა კუჭავამ, რომლის თქმითაც, მით უმეტეს მიუღებელია რელიგიის სახელით განხორციელებული ძალადობა:

„ჩვენ ისტორიულად, ქვეყანას გვაერთიანებს სიყვარული და ჩვენი რელიგია, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემას. ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, მით უმეტეს, რელიგიის სახელით განხორციელებული ქმედებები, უბრალოდ მიუღებელია. მართლა არ მესმის, 10-10 კაცი რომ ერთს დასდევს, ამას ან კაცობა ჰქვია, ან ვაჟკაცობაში თვლიან, ან ვისი სახელით აკეთებენ ამას“, - განაცხადა კახა კუჭავამ 6 ივლისს, პარლამენტის ბიუროს სხდომის დაწყების წინ. მისი თქმით, განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც ძალადობა ხდება ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე, ადამიანებზე, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ.

„მე მინდა, ამ ადამიანებს ვკითხო - ხვალ მათი შვილები შეიძლება იყვნენ ოპერატორები და ჟურნალისტები და უნდა გაამართლონ მათ შვილებზე ასეთი ქმედება? ეს ყოვლად მიუღებელია. აქ ერთადერთი გამოსავალი და შემდეგი ნაბიჯი არის მკაცრი რეაგირება. იდენტიფიცირება ყველა იმ ადამიანის, ვინც ძალადობაში იღებდა მონაწილეობას. უნდა დაისაჯოს ყველა. სხვანაირად ჩვენ ვერ განვვითარდებით“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

იგი გამოეხმაურა ასევე „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეთა მიერ ევროკავშირის დროშის დაშვების ფაქტს და განაცხადა, რომ ის, რაც გუშინ მოხდა, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება იყო.

ასევე ნახეთ ძალადობა მართლმადიდებლობის სახელით - სად არის ხელისუფლება?

5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილმა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, შსს-ს თანახმად, 55 ადამიანზე იძალადეს. მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია. დაშავებულ ჟურნალისტებს შორის არიან რადიო თავისუფლების წარმომადგენლებიც, თორნიკე მანდარია და დავით ქორიძე.

ასევე ნახეთ დაშავებულია 50-მდე ჟურნალისტი

5 ივლისს მოძალადე, აგრესიული ჯგუფები „ღირსების მარშის“ კონტრაქციაზე დილიდანვე შეიკრიბნენ. მათ აშალეს პარლამენტის წინ გაშლილი კარვები, ჩამოადგეს ევროკავშირის დროშა, დაარბიეს „თბილისი პრაიდის“ ოფისი და ცდილობდნენ „სირცხვილიას“ ოფისში შეჭრასაც. მთელი დღის განმავლობაში ისინი თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყების წინ თქვა, რომ პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა. მოგვიანებით პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფების წახალისებად შეფასდა. „ღირსების მარში“ ორგანიზატორებმა გააუქმეს. მათ კონტრაქციებსა და სიძულვილის ჯგუფების ძალადობას სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული კურსის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი უწოდეს.

ასევე ნახეთ შსს-მ ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით 3 პირი დააკავა