შსს-მ ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით სამი პირი დააკავა. დაკავებულებს საგამოძიებო უწყება "მთავარი არხის", "ტაბულას", "რუსთავი 2-ისა" და "ნიუპოსტის" ჟურნალისტებზე თავდასხმას ედავება.

"[დაკავებულებმა] "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება", - აცხადებენ შსს-ში.

ამ საქმეზე გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა) და 126-ე მუხლის 1 ნაწილით (ძალადობა) გრძელდება.

"მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა, ასევე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა დაკავების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები", - აცხადებენ შსს-ში.

გუშინ დილიდან თბილისის ქუჩებში სიძულვილის ჯგუფებმა დაიწყეს შეკრება. მანამდე საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და მოქალაქეებს შეკრებისკენ მოუწოდა.

"აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია", - აღნიშნული იყო განცხადებაში.

დაანონსებული "მშვიდობიანი პროტესტი" ძალადობრივ აქციად მალევე გადაიქცა. კონტრაქციის მონაწილეები სცემდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 55 პირზე იძალადეს, მათ შორის 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.

სიძულვილის ჯგუფებმა "თბილისი პრაიდის" ოფისშიც შეაღწიეს, სცადეს "სირცხვილიას" ოფისის დარბევაც.