საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კლინიკა "ნიუ-ჰოსპიტალში" მყოფი დაშავებული ჟურნალისტები მოინახულა. დღეს მოძალადე ჯგუფების აქციაზე, რომელიც თბილისის რამდენიმე ქუჩაზე სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებებში გამოიხატა, მედიის 40-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც დაშავდნენ.
„ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია! ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი, ეს არ არის არც ქართული ტრადიციები, არც სარწმუნოება და არც ის მომავალი, რომელიც ჩვენ ამ ქვეყნისთვის გვინდა.
ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ დაპირისპირებით ვერაფერს მივაღწევთ. მე რომ ვსაუბრობდი პოლიტიკურ დაპირისპირებაზე - ეს არ არის დაპირისპირების ერთადერთი ფორმა.
დღეს რაც ვნახეთ, ეს არის საზოგადოებრივი დაპირისპირება. ჩვენ ეს ახლო წარსულში უკვე გავიარეთ, აღარ გვინდა, რომ მეორედ გავიაროთ და აუცილებელია, გონს მოვიდეთ და შევიგნოთ, რომ როცა ამ ქვეყნის მომავალსა და გაერთიანებაზე ვლაპარაკობთ, ეს ყველაფერი არ მოხდება, თუ არ ვისწავლით ერთი-მეორის მოსმენასა და ერთად ცხოვრებას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ასევე ნახეთ საქართველოს პრეზიდენტი გმობს დღეს განვითარებულ მოვლენებს: ძალადობა მიუღებელია!"თბილისი პრაიდის" მიერ დღეს, 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარში" მოძალადე ჯგუფების მასშტაბური აგრესიის გამო გაუქმდა. დილას მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ღირსების მარშის" რუსთაველის გამზირზე ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.