მეუფე შიო: რამდენჯერაც იქნება მცდელობა, ერი იმდენჯერ გამთლიანდება

პატრიარქის თანამოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო გამოდის წინადადებით, რომ რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ცნება კანონმდებლობაში ჩაიწეროს.

პატრიარქის თანამოსაყდრემ, 5 ივლისს, მას შემდეგ, რაც პრაიდის კვირეულის მოწინააღმდეგე ჰომოფობიურმა ჯგუფებმა იერიში მიიტანეს ჟურნალისტებზე, ხოლო პრაიდის ორგანიზატორებს "ღირსების მარშის" ჩატარების საშუალება არ მისცეს, ქაშვეთში ჩატარებული წირვის შემდეგ განაცხადა:

"ჩვენს ერს აქვს განსაცდელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე განსაცდელი, რომლის მომსწრეც დღეს ვართ. ამას ჩვენ ვხედავთ როგორც მთელს მსოფლიოში, ისე ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ცნებების აღრევა. ცდილობენ, სოდომურ ცოდვას უწოდონ სიკეთე და ღირსება, და ღონისძიება, რომელიც დღეს იყო დაგეგმილი, ასე იწოდება - ე.წ. ღირსების მარში, ამას ჩვენი ერი და ეკლესია ვერასდროს შეეგუება. ეს არის დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართულია, რომ ერი დააშორეს ღმერთს, ქრისტეს, ჩვენს ტრადიციებს, ეკლესიას და მოხდეს ერის გადაგვარება. ამიტომ ვართ დღეს ასე შემართულნი და გაერთიანებულნი".

მეუფე შიომ ასევე განაცხადა, რომ რამდენჯერაც იქნება მცდელობა „მსგავსი ღონისძიების ჩატარების“, იმდენჯერ „ერი ყოველთვის გამთლიანდება ამის წინააღმდეგ“.

პატრიარქის თანამოსაყდრემ 5 ივლისს თბილისში მომხდარს „გადაცდომა“ და „არაკორექტული ქმედებები“ უწოდა და განაცხადა, რომ „დაზიანდა რამდენიმე ადამიანი“:

„ჩვენ ვემიჯნებით ძალადობას, მაგრამ ვაფრთხილებდით ამ ღონისძიების ორგანიზატორებს. ხელისუფლებაც აფრთხილებდა მათ. ეს არის ძალადობა ჩვენს სულიერებაზე“.

ბოლო მონაცემებით, რუსთაველზე შეკრებილმა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა 50-მდე ჟურნალისტს მიაყენეს დაზიანება და შეუშალეს ხელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.

პრაიდის კვირეულში დაგეგმილი „ღირსების მარში“ აღარ გამართულა. მაღალი საფრთხის გამო ორგანიზატორებმა მის ჩატარებაზე უარი თქვეს.

"თბილისი პრაიდი" წელს კიდევ ერთხელ ცდილობდა საქართველოში "ღირსების მარშის" გამართვას. ხელისუფლების წარმომადგენლების ძირითადი ნაწილი აცხადებდა, რომ მარშის გამართვა მიზანშეუწონელი იყო. ხელისუფლებასთან ერთად საპატრიარქომაც გაავრცელა განცხადება და კონტრაქცია დააანონსა.