საქართველოს პრეზიდენტი გმობს დღეს განვითარებულ მოვლენებს: ძალადობა მიუღებელია!

Georgia -- Salome ZurabiShvili, president of Georgia and Volodymyr Zelensky, president of Ukraine.

საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს და გმობს დღეს განვითარებულ მოვლენებს.

"ყველას აქვს უფლება გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი!

მოვუწოდებ ყველას, იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში და რადიკალური ქმედებებით ხელი არ შეუწყოს ძალადობის პროვოცირებას.

მიუღებელია მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისებში შეჭრა და მათზე თავდასხმები.

მოვუწოდებ ყველას თავშეკავებისკენ და შესაბამის ორგანოებს კი, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისა და ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების აღკვეთისაკენ!

მიუღებელია ყველანაირი წაქეზება, რაც ხელს უწყობს რადიკალურ ქმედებებს, საზოგადოების პოლარიზაციას, აღვივებს დაპირისპირებას, აზიანებს ქვეყანას, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სტაბილურობას!" - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად

"თბილისი პრაიდის" მიერ დღეს, 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარში" მოძალადე ჯგუფების მასშტაბური აგრესიის გამო გაუქმდა. დილას მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ღირსების მარშის" რუსთაველის გამზირზე ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

5 ივლისს დილიდან სასულიერო პირები საპატრიარქოს ორგანიზებით და მოძალადე ჯგუფები თბილისის სხვადასხვა ნაწილში თავს ესხმიან მედიას - დაშავებულთა შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც.