ირაკლი კობახიძის თქმით, "ვითარების მართვა რთულია ობიექტური გარემოებების გამო"

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დღეს თბილისში არსებული ვითარების მართვა რთულია. ასე გამოეხმაურა ის სიძულვილის ჯგუფების ძალადობის ფაქტებს.

"გვესმის, რომ ვითარების მართვა რთულია ობიექტური გარემოებების, მათ შორის აქციის მონაწილეთა რაოდენობის გამო. თუმცა სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ, გააკეთონ მაქსიმუმი ძალადობის აღსაკვეთად და ვითარების დეესკალაციისთვის", - თქვა მან.

ამავე საკითხზე ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვას კობახიძემ ასე უპასუხა:

"რამდენი პოლიციელი უნდა გამოსულიყო, რომ 10 ათასი კაცი, თუ რამდენიც არის, ემართა?.. თქვენ გახსოვთ, 1000 კაცი უტევდა პარლამენტის შენობას და იქაც კი ჭირდა რეაგირება... მასაზე როცა არის საუბარი, იქ რთულია რეაგირება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც არის ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანები არიან გამოსულები... ოპერაცია იყო სწორად დაგეგმილი... იგივე რომ მოხდეს მომავალ წელს, იქაც იგივე საფრთხე და რისკი იქნება... იქნება იგივე რისკი, თუ ქუჩაში გამოვა 10 ათასი ადამიანი... როდესაც ხედავ, რომ მომეტებული რისკები, პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედო და რაღაც ნაბიჯებისგან უნდა შეიკავო თავი, რაც არ გააკეთეს, სამწუხაროდ, პრაიდის ორგანიზატორებმა"...

პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

დღეს ძალადობრივმა ჯგუფებმა 15-ზე მეტი ჟურნალისტს სცემეს. დაშავებულებს შორის არის რადიო თავისუფლების გადამღები ჯგუფი. გარდა ამისა, ძალადობრივი ჯგუფის წევრები შეიჭრნენ "თბილისი პრაიდის" ოფისში და სცადეს "სირცხვილიას" ოფისის დარბევა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გმობს სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებს, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, "დაიცვან წესრიგი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ნებისმიერ თემაზე პროტესტი გამოხატონ კანონის ფარგლებში".

"თბილისი პრაიდი" წელს კიდევ ერთხელ ცდილობდა საქართველოში "ღირსების მარშის" გამართვას. ხელისუფლების წარმომადგენლების ძირითადი ნაწილი აცხადებდა, რომ მარშის გამართვა მიზანშეუწონელია. ხელისუფლებასთან ერთად საპატრიარქომაც გაავრცელა განცხადება და კონტრაქცია დააანონსა.