15-ზე მეტი ჟურნალისტის ცემის საქმეზე არავინაა დაკავებული

დღეს დილიდან სიძულვილის ჯგუფებმა 15-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს. იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი შემთხვევიდან რამდენიმე საათიც არის გასული, ჯერ არავინ დაუკავებიათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში მსგავსი ინფორმაცია არ აქვთ.

ნაცემ ჟურნალისტებს შორის არიან: "რადიო თავისუფლების", "პირველი არხის", "რუსთავი 2"-ის, "ნეტგაზეთის", On.ge-ის, "TV პირველის" და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები. მათ სიტყვიერთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. დამტვრეულია მედიასაშუალებების ტექნიკაც.

სიძულვილის ჯგუფები "თბილისი პრაიდის" ოფისში შეიჭრენენ და "სირცხვილიას" ოფისთანაც იყვნენ მისულები და იქ შესვლას ცდილობდნენ. ქალაქში რადიო თავისუფლების გადამღებმა ჯგუფმა ვერ შენიშნა საპოლიციო ტექნიკა, რომელსაც შსს აქციის მონაწილეების დასაშლელად იყენებს და ამას ძალადობით ამართლებს ხოლმე.

სიძულვილის ჯგუფების მხრიდან ძალადობის გააქტიურებამდე გავრცელდა საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ არამიზანშეწონილია მარშის გამართვა.

"თბილისი პრაიდი" წელს კიდევ ერთხელ ცდილობს საქართველოში "ღირსების მარშის" გამართვას. ხელისუფლების წარმომადგენლების ძირითადი ნაწილი აცხადებს, რომ მარშის გამართვა მიზანშეუწონელია. ხელისუფლებასთან ერთად საპატრიარქომაც გაავრცელა განცხადება და კონტრაქცია დააანონსა.