სიძულვილის ჯგუფები "თბილისი პრაიდის" ოფისში შეიჭრნენ

სიძულვილის ჯგუფები, რომლებიც დღეს დილიდან თბილისის ქუჩებში გადაადგილდებიან, "თბილისი პრაიდის" ოფისში შეიჭრნენ. მათ ლგბტ დროშები ჩამოხსნეს.

ამ დროს ოფისში არავინ იმყოფებოდა.

სიძულვილის ჯგუფები "სირცხვილიას" ოფისთანაც იყვნენ მისულები და იქ შესვლას ცდილობდნენ. იმის მიუხედავად, რომ ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილდებიან, მათ ირგვლივ მხოლოდ რამდენიმე პოლიციელია.

შსს არ ავრცელებს ინფორმაციას დაკავებულების შესახებ.

"თბილისი პრაიდი" წელს კიდევ ერთხელ ცდილობს საქართველოში "ღირსების მარშის" გამართვას. ხელისუფლების წარმომადგენლების ძირითადი ნაწილი აცხადებს, რომ მარშის გამართვა მიზანშეუწონელია. ხელისუფლებასთან ერთად საპატრიარქომაც გაავრცელა განცხადება და კონტრაქცია დააანონსა. აქციის ძალადობრივი მონაწილეები დღეს დილიდან უკვე შეიკრიბნენ და თავს დაესხნენ ჟურნალისტებს.