სალომე ასათიანის პოდკასტი
Your browser doesn’t support HTML5
„მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი ფილოსოფიური პრობლემა არსებობს: თვითმკვლელობა. გადაწყვიტო, ეს ცხოვრება ღირს თუ არა იმად, რომ ბოლომდე გალიო, იგივეა, რაც ძირითად ფილოსოფიურ კითხვას გასცე პასუხი. დანარჩენი ... ამასთან შედარებით არაფერია, მხოლოდ თამაშია. მთავარი პასუხის პოვნაა“.
ამ სიტყვებით იწყება ფრანგი მწერლის, ესეისტის, ჟურნალისტის და დრამატურგის, ალბერ კამიუს 1942 წლის ფილოსოფიური ესე „სიზიფეს მითი“. ძალიან უკომპრომისო და, ლიტერატურის კრიტიკოსების ირონიანარევი შეფასებით, ძალიან ფრანგული შეკითხვით - „რატომ არ უნდა მოვიკლა თავი ამაღამ?“ ცხოვრებას, არსებობას მნიშვნელობა და საზრისი არ აქვს, მასში ტკივილი და დანაკარგი გარდაუვალია - ჩვენ კი მუდმივად ვცდილობთ ჩვენს არსებობას მნიშვნელობა მოვუძებნოთ, უპასუხო კითხვებს პასუხები ვუპოვოთ. როგორც ბერძნული მითის გმირი სიზიფე, რომელსაც ღმერთები მიუსჯიან უსასრულო, უაზრო პროცესს - მთაზე ლოდის ატანას, რომელიც მწვერვალის მიღწევისას აუცილებლად ისევ ქვემოთ ჩაგორდება - ადამიანიც უსასრულოდ ცდილობს შეებრძოლოს ცხოვრების აბსურდულობას. თუმცა, თავისთავად ამ აბსურდულობის დანახვა, მისი აღიარება, უკვე დიდი საქმეა, მნიშვნელოვანი მორალური ძალისხმევაა. ერთადერთი, რაც ადამიანებს შეგვიძლია, ისაა, რომ აბსურდის გაცნობიერების მიუხედავად, და სწორედ ამ აბსურდულობის პირისპირ, ცხოვრება გავაგრძელოთ. მიუხედავად იმისა, რომ ლოდი ყოველთვის ჩაგორდება ქვემოთ, ადამიანისთვის მწვერვალების დასაპყრობად მხოლოდ ბრძოლაც საკმარისია.
„სიზიფეს მითის“ გამოქვეყნებისას კამიუ 29 წლისა იყო. მისი ეს ტექსტი ახალგაზრდული ვნებით, ენერგიით, სიმწვავით ფეთქავს - და ალბათ ამიტომაცაა, რომ მსოფლიოს გარშემო შფოთიანი თინეიჯერები დღემდე გატაცებით კითხულობენ ამ ესეს, და კიდევ უფრო მეტად კამიუს პირველ რომანს, ასევე 1942 წელს დაბეჭდილ „უცხოს“ - თავისი აპათიური, საზოგადოებრივი ნორმებისგან და წესრიგისგან გაუცხოებული, ენიგმატური და დაუვიწყარი პერსონაჟით, მერსოთი.
თუმცა კამიუ, ცხადია, ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ გაუცხოებული თინეიჯერების საყვარელი მწერალი. როგორც თავისი ტექსტებით, ისე პოლიტიკური და მორალური პოზიციებით და კიდევ უფრო მეტად თავისი ბიოგრაფიით, ის თანამედროვე ლიტერატურის უნიკალურ ფიგურად რჩება.
„ასათიანის კუთხის“ დღევანდელ ეპიზოდში კამიუს უნიკალურობაზე ბევრს ვილაპარაკებთ. დღეს გავიხსენებთ ქალაქ ალჟირის უღარიბეს უბანში, მუშათა კლასის ოჯახში - მისივე სიტყვებით, „სიღარიბის და სინათლის სამყაროში“- გაზრდილ ფრანგ ბიჭს, რომელიც მეოცე საუკუნის ევროპული კულტურის შეუცვლელი ხმა გახდა, არა მხოლოდ როგორც ნიჭიერი, მგრძნობიარე, გონიერი მწერალი, არამედ როგორც უმწვავეს პოლიტიკურ, მორალურ და ფილოსოფიურ საკითხებზე ხმამაღლა და მღელვარედ მოფიქრალი ინტელექტუალი - ადამიანი, რომლის გონებაც საკუთარ თავს აკვირდება, როგორც თავად კამიუ განსაზღვრავდა „ინტელექტუალის“ ცნებას. გავიხსენებთ 1960 წლის 4 იანვარს, 46 წლის ასაკში, საფრანგეთში ავტოავარიაში დაღუპულ ამ ავტორს, რომელმაც თავისი ფიქრიანი და ელეგანტური ცხოვრებით დიდი ტრაექტორია განვლო - როცა მას სიკვდილამდე სამი წლით ადრე ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა, ამ ცნობის შემცველი დეპეშა მეზობელმა გააცნო დედამისს, კატრინს, რომელმაც კითხვა არ იცოდა და პირველ მსოფლიო ომში ქმრის დაკარგვის შემდეგ ლაპარაკი თითქმის სრულად შეეწყვიტა.
ვილაპარაკებთ კამიუს მორალურ და პოლიტიკურ პოზიციებზე - მისი, ერთ დროს კომუნისტური პარტიის წევრის კრიტიკულ დამოკიდებულებაზე საბჭოეთის რეპრესიების მიმართ, მის განწირულ ძალისხმევაზე კოლონიურ ალჟირში თანაცხოვრების ფორმები მოეძებნა ფრანგებისთვის და არაბებისთვის, მის აქტიურ და შეუცვლელ როლზე ანტინაცისტურ ფრონტში, გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის პერიოდში.
და, ცხადია, შევეხებით მთავარს - აბსურდს, ამბოხს და მდუმარებას - რომლებიც მთავარი იდეებია კამიუს მთელი შემოქმედებისთვის. ამაში ჩვენი სტუმარი, რობერტ ზარეცკი დაგვეხმარება - კამიუს ცხოვრების და ნააზრევის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტიანი მკვლევარი, რომელიც ამჟამად თანამედროვე ევროპის ინტელექტუალური ისტორიის პროფესორია ჰიუსტონის უნივერსიტეტში.
ეპიზოდის მსვლელობისას წავიკითხავთ ნაწყვეტებს „სიზიფეს მითიდან“, „უცხოდან“, კამიუს ფილოსოფიური ტექსტიდან „ამბოხებული ადამიანი“ და მისი 1947 წლის რომანიდან „შავი ჭირი“ - რომელიც, ჩვენი ამჟამინდელი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბესტსელერი გახდა, კარანტინში გამოკეტილმა ადამიანებმა ამ წიგნში თავიანთი შიშების და იზოლაციის ბევრი პარალელი იპოვეს. ჩვენი სტუმარი, რომელიც კამიუს შესახებ ორი მნიშვნელოვანი გამოკვლევის ავტორია, მოგვიყვება კამიუს შემოქმედების სხვადასხვა ფაზაზე - „აბსურდის ციკლზე“, „ამბოხების ციკლზე“ და მისი ნაადრევი სიკვდილის გამო შეწყვეტილ „სიყვარულის ციკლზე“, რომლის დაუსრულებელი რომანის, „პირველი ადამიანის“ ხელნაწერი ავარიის ადგილას, ტალახში იპოვეს. რობერტ ზარეცკი ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ იცვლებოდა კამიუს პასუხი აბსურდის იდეასთან მიმართებით, აგვიხსნის, რას გამოხატავს კამიუსთვის ემბლემატური ფრაზები - „წარმოვიდგინოთ, რომ სიზიფე ბედნიერია“ და „მე წინააღმდეგობას ვწევ - მაშასადამე, ჩვენ ვარსებობთ“, და მოგვიყვება კამიუსთვის ემოციურად ძალიან მტკივნეულ გამოცდილებაზე - მწვავე და საჯარო კონფლიქტზე თავის ახლო მეგობართან, იმ პერიოდის საფრანგეთის ინტელექტუალური ცხოვრების ცენტრალურ ფიგურასთან, ჟან-პოლ სარტრთან.
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, კამიუმ თავისი ლიტერატურული მიზნები ასე აღწერა: „მსურს დავწერო წიგნი, რომლის ღერძი იქნება დედის კეთილშობილური მდუმარება, და ერთი კაცის მცდელობა როგორმე აღმოაჩინოს სამართალი, ან სიყვარული, რომელიც ამ მდუმარებასთან იქნება თანხვედრაში“. კამიუს ეს იდუმალი სიტყვები, გვეუბნება რობერტ ზარეცკი ეპიზოდის ბოლოს, მის ფენომენს შესაძლოა კიდევ სხვა სიღრმით გვიხსნიდეს. აქ კამიუ ღიად ლაპარაკობს დედის სახეზე, რომელიც მის მთელს შემოქმედებას აჩრდილივით გასდევს თან, და მდუმარებაზე, რომელიც მას განსაკუთრებული სიფაქიზით ესმოდა. რადგან აბსურდი, გვეუბნება კამიუ, თავისთავად არ არსებობს, ის ცხოვრებაში განცდილი რეალობაა - იმ უფსკრულიდან წარმოშობილი რეალობა, რომელიც არსებობის საზრისის ძიების პროცესში მყოფ ადამიანებს სწორედ მდუმარებაში მყოფი სამყაროსგან გვაშორებს.