„პრაიდს“ საქართველოს მუსლიმთა სამმართველო და „თბილისის დიდი სინაგოგაც“ დაუპირისპირდნენ

საქართველოს საპატრიარქოს შემდეგ „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო განცხადებები გამოაქვეყნეს სხვა კონფესიების წარმომადგენლებმაც.

„თბილისის დიდი სინაგოგის“ „ფეისბუკის“ გვერდზე 4 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, ვთხოვთ ხელისუფლებას, არ დაუშვას „პრაიდის“ ჩატარებაო.

„საქართველოში ლგბტ ადამიანები არასდროს განიცდიდნენ დევნას თავიანთი ცხოვრების წესის გამო და მსგავსი „პრაიდები“ მიზნად ისახავს არა ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას, არამედ ფინანსური სარგებლის მიღებას, ორგანიზატორთა მცირე ჯგუფის სასარგებლოდ“, - ნათქვამია განცხადებაში.

იმავე ფრაზას იმეორებს „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოც“, რომელმაც თითქმის იდენტური განცხადება გაავრცელა საკუთარ საიტზე, იმ განსხვავებით, რომ ფრაზა „ჩვენ საქართველოს ებრაელები და სხვა რელიგიების წარმომადგენელნი“ ჩანაცვლებულია ფრაზით „ჩვენ, საქართველოს მუსლიმები, სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენელნი და ჩვენი მორწმუნენი“.

ორივე ორგანიზაციის განცხადებაშია მოცემული პასაჟი: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლება, პატივს ვცემთ ადამიანის გამოხატვის თავისუფლებასაც, მაგრამ როდესაც საუბარია ე.წ. ლგბტქ+ პრაიდის ჩატარებაზე, საქმე გვაქვს არა გამოხატვასთან, არამედ გარკვეული ჯგუფის მიერ საკუთარი ინტიმური ცხოვრების საჯარო პროპაგანდასთან და სხვებისთვის ამის თავსმოხვევასთან. ის რასაც გეგმავენ ე.წ. "პრაიდის" ორგანიზატორები, შეუთავსებელია ჩვენი მორალისათვის და წინააღმდეგობაში მოდის ერთობლივი თანაცხოვრებით ჩამოყალიბებულ ფასეულობებთან. ჩვენ უზნეობას ზნეობად ვერ შევრაცხავთ და ვერც ამის მცდელობას შევეგუებით“.