საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა „საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის“ განცხადება, სადაც ნათქვამია: „მოგიწოდებთ ყველა ბავშვს, განსაკუთრებით 18 წლამდე ასაკისას“, 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე გამოხვიდეთო.
განცხადება პირველ პირში, ბავშვების სახელითაა დაწერილი და ასე იწყება „ჩვენც, ბავშვები, რუსთაველზე გამოვალთ!“. ბავშვების სახელითაა დაწერილი ეს ტექსტიც: „მუდმივად ისმის კითხვები: ნუთუ ზნეობა არაფერს ნიშნავს? ნუთუ ხალხის აზრი ფეხქვეშ უნდა გათელონ? ჩვენ ხომ არ ვუშლით, ვისაც უნდა და როგორც უნდა, ისე იცხოვრონ პირადი ცხოვრებით, მაგრამ თავის გაუკუღმართებულ ურთიერთობებს თავს რატომ გვახვევენ?!“
მანამდე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება და მოსახლეობა 5 ივლისს "ღირსების მარშის" "მშვიდობიანად გასაპროტესტებლად" მოიწვია.
ჰომოფობისაა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღეს, 2013 წლის 17 მაისს ერთხელ უკვე შეიკრიბნენ სასულიერო პირები და მათი მხარდამჭერები. ამ დღეს ლგბტ თემის მხარდამჭერებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.