როგორ “აღმოჩნდა” ჩიპი ვაქცინაში

როგორ გადაიქცა ბილ გეიტსის წინასწარმეტყველება სახიფათო შეთქმულების თეორიად

2020 წლის 18 მარტი - მაიკროსოფტის დამფუძნებელი და მსოფლიოში რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანი, ბილ გეიტსი, “რედიტზე” მომხმარებლების კითხვებს პასუხობ. პანდემია ახალი დაწყებულია და ამიტომ კითხვების უმეტესობა სწორედ საფრთხეებსა და გარდაუვალ გლობალურ ცვლილებებს შეეხება.

“რისი შეცვლა მოგვიწევს ბიზნესის ოპერირების მიმართულებით ისე, რომ თან ჩვენი ეკონომიკაც შევინარჩუნოთ და თან სოციალური დისტანციაც დავიცვათ?” - ეკითხება ერთ-ერთი მომხმარებელი ტექნოლოგიების გურუს.

“ქვეყნები ჯერაც არკვევენ, როგორ მოიქცნენ”, - უპასუხებს გეიტსი. - “დროთა განმავლობაში ჩვენ გვექნება რაღაც ციფრული სერტიფიკატები იმისთვის, რომ ვაჩვენოთ, გამოვჯანმრთელდით, ან გავიტესტეთ, ან როდის გავიკეთეთ ვაქცინა და ვინ მიიღო ის”.

მედია-მკვლევრების აზრით, შეთქმულების თეორია სწორედ ამ დიალოგით დაიწყო

2020 წლის სექტემბერი - შეთქმულების თეორიები, რომლის თანახმადაც, კოვიდის ვაქცინებთან ერთად მომაკვდინებელი სათვალთვალო მიკროჩიპებითაც აგვცრიან, სოკოებივით მოედო ინტერნეტს.

პროექტ „ფაქტმეტრის“ მკვლევარი მარიამ წიწიკაშვილი გვეუბნება, რომ სწორედ ამ დროს გამოჩნდნენ ქართველი კონსპიროლოგებიც.

“ჩიპების გარდა წერდნენ, რომ [ვაქცინები] რაღაც ნანოწილაკებს შეიცავს. ზუსტად რას გულისხობს ეს ნანოწილაკები, ჩვენც არ ვიცით. თუმცა მთავარი მესიჯი იყო, რომ ამით გაგვაკონტროლებენ, რაღაცებს დაგვიზიანებენ, დაინახავენ, რას ვაკეთებეთ, როგორ ვაკეთებთ და მთლიანად გაკონტროლდება მსოფლიოს მოსახლეობა”, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.

მიკროჩიპი კანქვეშ - რანაირად?

მედიამკვლევრები ფიქრობენ, რომ შეთქმულების თეორიას დასაბამი სწორედ გეიტსის სიტყვებმა დაუდო, თუმცა მნიშვნელოვანი იყო სხვა გარემოებებიც - მაგალითად ის, რომ ადამიანის კანქვეშ მიკროჩიპის შეყვანა მართლაც შესაძლებელია.

გეიტსთან საჯარო დისკუსიის მომდევნო დღეს შვედურმა ვებგვერდმა “ბიოჰაკინფომ” გამოაქვეყნა სტატია სათაურით “ბილ გეიტსი გამოიყენებს მიკროჩიპის იმპლანტებს კორონავირუსთან საბრძოლველად”. ავტორი ამტკიცებდა, რომ “ციფრულ სერტიფიკატებში” მილიარდერი გულისხმობდა ექსპერიმენტულ ტექნოლოგიას, რომლის შექმნასაც მისი საქველმოქმედო ფონდი წლების განმავლობაში აფინანსებდა.

რაში დასჭირდათ ამ ტექნოლოგიის შემუშავება? ბევრი ქვეყანა ვერ ახერხებს პირადი სამედიცინო მონაცემების სათანადო ბაზის შექმნას. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ თითოეულ ადამიანს კანქვეშ პირადი მონაცემთა ბაზა თუ ექნება, ეს საქმეს გაცილებით გაამარტივებს. ე.წ. “კვანტური წერტილის” კანქვეშ შემოწმებას და ადამიანის სამედიცინო ისტორიის ნახვას ჩვეულებრივი სმარტფონიც ეყოფა.

“ეს მონიშვნა შემუშავებული იყო იმისთვის, რომ ყოფილიყო ვაქცინაციის ჩანაწერი. მას არ შეუძლია არავის გადაადგილების კონტროლი”, - ამბობდა “კვანტურ წერტილზე” მომუშავე მეცნიერი კევინ მაკფლუ ამერიკის პენსილვანიის უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილ ფაქტჩეკერ ორგანიზაციასთან საუბარში - “ამ ტექნოლოგიას შეუძლია მხოლოდ გადასცეს ძალიან მწირი ინფორმაცია ლოკალურად. ინფორმაციის წასაკითხად ნიშანი უნდა იყოს თქვენგან 30 სანტიმეტრის რადიუსში. მიზნობრივი ან ხანგრძლივი თვალთვალი, უბრალოდ, შეუძლებელია რიგი ტექნიკური მიზეზების გამო”.

თავად ბილ გეიტსმა კი განმარტა, რომ ციფრულ სერტიფიკატზე საუბრისას გულისხმობდა ონლაინ-პლატფორმას, რომელიც აშშ-ში კოვიდტესტირებას უფრო მარტივს გახდიდა.

თუმცა ზვავის შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო. სოციალურ ქსელებში ათასობით ანგარიში ილუმინატებთან შეკრულ ბილ გეიტსსა და მის მზაკვრულ გეგმაზე პოსტავდა. როგორც მკვლევრები ვარაუდობენ, კორონა-უარმყოფელები წააქეზა იმანაც, რომ ჯერ კიდევ 2015 წელს ბილ გეიტსი ამბობდა, მორიგი პანდემია გარდაუვალიაო.

კონსპიროლოგიური ვიდეო, რომელსაც ეს მომხმარებელი აზიარებდა, უკვე დაბლოკილია

“ბილ გეითსი ცალსახად ჩემპიონია ამ ნაწილში. ყველაზე მეტად მასთან ხდებოდა ამ თემის დაკავშირება. თუმცა ხანდახან ჟღერს სხვა გვარები, ყველას რომ გაგვიგია: როკფელერი, როტშილდები და ასე შემდეგ…” - ამბობს მარიამ წიწიკაშვილი.

ჩიპები, ვაქცინა და საქართველო

ჩვენი კითხვის პასუხად, მკვლევარი გვეუბნება, საქართველოში ცეცხლზე ნავთი იმანაც დაასხა, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ისედაც ეშინოდა ჩიპების და ჰქონდა შესაბამისი წინასწარგანწყობებიო.

ფსიქოლოგები დიდი ხანია იკვლევენ შეთქმულების თეორიებს და ამ თეორიებით დაინტერესების მიზეზებს. მათი დაკვირვებით, კონსპიროლოგები აქტიურდებიან კრიზისული ვითარების, მაგალითად, ომის ან პანდემიის დროს.

ადამიანი მიდრეკილია ეძებოს იმის ახსნა, რაც არ ესმის. კრიზისული ვითარება კი მისთვის ხშირად დამატებითი სტიმული ხდება - ივარაუდეს ამსტერდამისა და კენტის უნივერსიტეტის პროფესორებმა 2017 წლის კვლევაში.

2018 წელს ჩატარებულმა კვლევამ “აქ რაღაცა ხდება” დაადასტურა კიდევ ერთი ჰიპოთეზა - წინასწარგანწყობები ასუსტებს ადამიანის რაციონალური აზროვნებისა და კრიტიკული კითხვების დასმის უნარს, ანუ მარტივად რომ ითქვას, ჩვენ ვიჯერებთ იმას, რაც გვინდა, რომ დავიჯეროთ.

საქართველოს მოსახლეობის ნაწილისთვის “ჩიპი” სალანძღავ სიტყვად მაშინ გადაიქცა, როდესაც დაიწყო ID ბარათების გაცემა. სანამ ვაქცინებსა და ჩიპებზე განგაშს ატეხდნენ, ეკლესიის მესვეურები ეწინააღმდეგებოდნენ ID ბარათებში ჩიპების არსებობასაც. სასულიერო პირები მოუწოდებდნენ მრევლს, არ აეღოთ ისინი. დასავლეთი ექსპერიმენტებს ატარებს ადამიანებზე და ამ ბარათებით ჩვენი გაკონტროლება სურს - ეს იყო მათი მთავარი გზავნილი.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მივმართოთ მთავრობას, შეიქმნას ალტერნატიული საბუთები, რომელშიც არ იქნება ჩიპი და რიცხვი 666”, - აცხადებდა მეუფე იობი 2012 წლის დასაწყისში.

2013 წელი. ჰომოფობიური პოსტერი “ჩიპიზაციის” წინააღმდეგ

მარიამ წიწიკაშვილის აზრით, მსგავსმა განცხადებებმა თავისი დაღი დაასვა საზოგადოებას.

“ის საქმიანობა, რასაც ისინი ეწევიან, წლებია ემსახურება და ასუსტებს საქართველოს მოქალაქეების იმუნიტეტს მსგავსი სულელური დეზინფორმაციის მიმართ. წლების განმავლობაში როცა ეუბნები, იქ რაღაც საშინელება და ეშმაკი ზისო, შეიძლება ბოლომდე არ დაიჯეროს, მაგრამ მას უკვე ეჭვებს უქმნის და გონებაში ელექება, რომ შეიძლება მართლა რაღაც საშინელება იყოს შიგნით. ეს შემდეგ, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდ შედეგებს იწვევს”, - გვეუბნება იგი.

მარიამი აცხადებს, კიდევ ერთი ძალა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ჩიპებით აშინებს, კრემლიაო. ამის თქმის საფუძველს აძლევს ის, რომ ქართველი ანტივაქსერი ინფლუენსერების (დიახ, ასეთებიც არსებობენ) პოსტები ზიარდება პრორუსული გამოცემების ფეისბუქ-გვერდებზე (თვალსაზრისი, ნიუსფრონტი და სხვები).

“რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მიზანი არის ის, რომ შემოიტანოს გაურკვევლობა, დაბნეულობა და ხელი შეუშალოს ქვეყნის განვითარებას. ამდენად, კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციაც იყო ძალიან ხელსაყრელი საკითხი მათთვის, რომ მათ შორის ამ მიმართულებით დაესუსტებინათ ჩვენი ქვეყანა”, - ამბობს მვკვლევარი.

***

კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობას ახლა უკვე “ინფოდემიაც” ემუქრება. WHO-ს წარმომადგენლების აზრით, აუცილებელია, ამ საფრთხეს სახელმწიფოებმა ორგანიზებული პასუხი გასცენ, რაც გულისხმობს ხელისუფლებების თანამშრომლობას მედიასა და სხვა აქტორებთან.

დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ინფოდემიის გადამკიდე, ადამიანები მართლაც უფრო ორჭოფობენ, აიცრან თუ არა.

მარიამ წიწიკაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რეაგირება დააგვიანა. ახლა ადამიანებმა არ იციან, რომ ვაქცინა არ ავნებთ, სახელმწიფო კი სათანადოდ არ გაისარჯა საიმისოდ, რათა ეს სცოდნოდათ.

“სექტემბერში დაიწყეს ანტივაქსერებმა ამ გზავნილების გავრცელება და სექტემბრიდან მარტის ჩათვლით ხმა არ ამოუღია, სამწუხაროდ, არც სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტს, არც ncdc-ს და არც სხვა რელევანტურ ორგანიზაციებს... შედეგად მივიღეთ ის, რომ დაველოდეთ ვაქცინის შემოსვლას და 7-8 თვე მივეცით ანტივაქსერებს, რომ მათ ემუშავათ პროაქტიურად საზოგადოებრივ აზრზე. ამ დროს სახელმწიფო იყო გაჩუმებული იმ მოტივით, რომ, აი, ვაქცინები არ მაქვს და ჯერ ხომ არ დავიწყებ ვაქცინებზე საუბარსო”, - გვითხრა მკვლევარმა.

NDI-ს მიერ მარტში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 59 % აცრას არ აპირებს, 48 % კი არ ენდობა ვაქცინის ხარისხს.