კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებას მის მიერ ინიცირებულ ოსტატთა რეესტრში ჩარიცხული ოსტატები წარუდგინა. ამ ეტაპზე ოსტატთა რეესტრში მოსახვედრად დაინტერესება 250-მდე ოსტატმა გამოხატა, გასაუბრება 63-მა გაიარა, 34-ს კი კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ ძეგლთა დაცვის სისტემაში დასაქმების რეკომენდაცია მიეცა.
"დღეს არაერთ იმ ადამიანს, რომელიც ჩემს ამ ინიციატივას უყურებდა ეჭვით, დაუდგა რეალობის წინაშე დადგომის დღე, იმიტომ რომ თქვენს წინაშე არიან ოსტატები. პირველი ოსტატები, ვინც აქ არიან ჩემთან ერთად, ვინც ჩაირიცხა ოსტატთა რეესტრში. თავიდან იყო ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემს მოწოდებას, საქართველოში მოქმედი ოსტატები, ვინც ძეგლთა დაცვის სისტემამ არ შეითვისა დღემდე, არავინ არ გამოეხმაურებოდა, შედეგი დადგა სრულიად სხვაგვარი. მე მინდა რწმენისათვის და ინიციატივის ხელშეწყობისათვის პირველ რიგში პროფესიონალ არქიტექტორ რესტავრატორს და ღვაწლმოსილ ადამიანს, ბატონ ტარიელ კიპაროიძეს გადავუხადო მადლობა, ვინც დაიჯერა და ხელს მიწყობდა იმაში, რომ დღევანდელი დღე დამდგარიყო", - თქვა მინისტრმა წულუკიანმა სპეციალურად ამ თემაზე გამართულ ბრიფინგზე კულტურის სამინისტროში.
არქიტექტორი ტარიელ კიპაროიძე, რომელსაც მინისტრმა მადლობა გადაუხადა, ბოლო წლებში თბილისის განვითარების ფონდთან ერთად მუშაობდა თბილისში ნარიყალას ციხე-სიმაგრის რეაბილიტაციის პროექტზე. ის იყო იმ კომისიის წევრი კულტურის სამინისტროში, რომელიც ოსტატებს არჩევდა რეესტრში მოსახვედრად. მის გარდა კომისიაში შედიოდნენ:
- მერაბ ბოჭოიძე (არქიტექტორ-რესტავრატორი);
- გოგოთურ მისრიაშვილი (არქიტექტორ-რესტავრატორი);
- ნიკოლოზ ზაზუნიშვილი (არქიტექტორ-რესტავრატორი);
- ნოდარ მინდორაშვილი (არქიტექტორ-რესტავრატორი).
- სპარტაკ ჯვარიძე (სამუშაოთა მწარმოებელი, რესტავრატორი);
- გიორგი ციციშვილი (არქიტექტორი);
- დავით ჯინჭარაძე (არქიტექტორი);
- ლაშა შარტავა (არქიტექტორი).
რაც შეეხება თავად ოსტატთა რეესტრს, მასში ამ დროისთვის ჩარიცხულ კირითხუროთა, ქვითხუროთა, ხითხუროთა და სხვა სპეციალისტებს, მათი სია ასე გამოიყურება:
- აბრამიშვილი თენგიზ - მოქანდაკე, ქვითხურო;
- ალავერდაშვილი სიმონ - ქვითხურო;
- არსენაძე არჩილ - კირითხურო;
- ბერიძე ვახტანგ - ქვასა და ხეზე მომუშავე;
- გაბისკირია ირაკლი - ქვითხურო;
- გაფრინდაშვილი გია - ქვითხურო;
- გიგაური პაატა - მოქანდაკე, ქვითხურო;
- გოგიძე არჩილ - მეთუნუქე;
- გოგიძე ონისე - მეთუნუქე;
- გოგრიჭიანი ვახტანგ - ხითხურო;
- გრიგალაშვილი ბადრი - ხითხურო, მეთუნუქე;
- დენოსაშვილი მუხრან - მეთუნუქე;
- ზავრაშვილი ნუგზარ - მოქანდაკე;
- ზაზაძე გიორგი - ქვითხურო;
- თევზაძე ნიკოლოზ - ქვითხურო, ხითხურო;
- იოსელიანი ანატოლი - ქვის ოსტატური დამუშავება ქარხნულად;
- კაცაძე გიორგი - ქვითხურო, კალატოზი;
- კვარაცხელია გიორგი - ქვითხურო;
- კვარაცხელია დავითი - ქვითხურო;
- კვარაცხელია ზაალი - კირითხურო;
- კვიწინაძე ჯუმბერ - მეთუნუქე;
- მარუქაშვილი ირაკლი - ქვითხურო;
- მარუქაშვილი გელა - კირითხურო;
- მარუქაშვილი ტატო - ქვითხურო;
- მექუდიშვილი ზურაბი - კირითხურო;
- მექუდიშვილი გიორგი - კირითხურო, მეთუნუქე;
- მურადაშვილი კახაბერ - კირითხურო;
- საღლიანი ზეზვა - ხითხურო;
- ფაიქრიძე რომან - ქვითხურო,ხითხურო,(ტაძრები);
- ჩალაძე ზაქრო - ქვითხურო;
- ჩოხელი გივი - მოქანდაკე;
- ჯვარიძე თორნიკე - ქვითხურო;
- ჯვარიძე გელა - ქვითხურო.
- ჯეჯელავა რამაზ - ხატმკვეთი, ხის ოსტატი.
რეესტრში აღრიცხული ოსტატები დამატებით პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ და ერთწლიანი პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში - სერტიფიკატს.
ასევე ნახეთ გადაყრილი კულტურული მემკვიდრეობა - ზაქარია ქუცნაშვილი ახლად ნაყიდ შენობებს არემონტებსოსტატების რეესტრის შექმნის ინიციატივით, კულტურის მინისტრი 2021 წლის მარტში გამოვიდა. 2022 წლიდან ამუშავდება ოსტატების სერტიფიცირების სისტემა. სამინისტრო ამ პროექტით მიზნად ისახავს, რომ 2022 წლის 1 მაისიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის უფლება ჰქონდეთ მხოლოდ იმ სპეციალისტებს, რომელთაც ექნებათ სერტიფიკატით დადასტურებული პროფესიული უნარები.
ასევე ნახეთ ისტორიული ძეგლების რემონტი: "რა გაინტერესებთ, მე ვარ ის კაცი, ვინც ეგ გააკეთა!"