კლუბ „ხიდიდან“ პოლიციის ცოცხალი კორდონის გავლით გამოიყვანეს „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში გამართული კინოჩვენების დამსწრეები. მოქალაქეთა ნაწილი პოლიციის მიკროავტობუსებით გაარიდეს ტერიტორიას. საქარველოში აკრედიტებული რამდენიმე დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებსაც ამავე გზის გავლა მოუხდა, დიპლომატიურ ავტომანქანამდე მისასვლელად.
ვახუშტის ხიდთან შეკრებილი ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლები ღონისძიების წინააღმდეგ პროტესტს სულ უფრო მწვავედ გამოხატავდნენ. შსს-ს პრესსამსახურმა ოფიციალურად დაგვიდასტურა 20 პირის დაკავება. მათ შსს ედავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე და 173-ე მუხლების დარღვევას, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
თამაზ სოზაშვილი და ანა სუბელიანი, რომლებიც მონაწილეობენ „პრაიდ კვირეულის“ ორგანიზებაში, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამ ეტაპისთვის პოლიციის მუშაობას დადებითად აფასებენ.
„ახლანდელი მდგომარეობა პრინციპულად განსხვავებულია წინა წლების პრაქტიკისგან, ეს არ არის ყვითელი მარშრუტკებით გაყვანა. მონაწილეების უმეტესობა გავიდა ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევის გარეშე, ზოგი საკუთარი მანქანით იყო მოსული, ზოგი ტაქსის საშუალებით გავიდა, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც გარკვეულ ტერიტორიამდე მეტროებამდე [გადაიყვანენ], რომ თავად გაეგრძელებიათ სვლა. ეს არის სურვილის მიხედვით. ეს არ არის ის, რასაც წინა წლებში ჰქონდა ადგილი. მე ვფიქრობ, რომ ამ დრომდე, რაც გაკეთდა, არის მართლაც უპრეცედენტო შემთხვევა. მთავარია, რომ ღონისძიება დასრულდა წარმატებით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი მშვიდობით მივიდეს და მარტივად“, - გვითხრა თამაზ სოზაშვილმა და დაამატა - „ამ დრომდე დადებითად შევაფასებ [პოლიციის მუშაობას]. მუდმივად ჩვენთან კომუნიკაცია ჰქონდათ, პატარა გამოწვევები ნამდვილად იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, იმდენად რამდენადაც ღონისძიება შედგა, რაღაც მნიშვნელოვან ექსცესებს ადგილი არ ჰქონია, კი, დადებითად შევაფასებ“.
ანა სუბელიანი: „პრაიდ კვირეულის“ პირველი დღე შედგა. ყველა ადამიანი, როდესაც მშვიდობით დაბინავდება საკუთარ ლოკაციაზე, სადაც მიდის, მერე კიდევ უფრო დარწმუნებით ვიტყვით. ჯერჯერობით მაინც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ შედგა, თან ძალიან წარმატებით. უდიდესი მხარდაჭერა ვიგრძენი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგანაც, თემისგანაც, მხარდამჭერებისგანაც, რომლებიც მრავლად იყვნენ აქ. ძალიან ამაღელვებელი საღამო გამოვიდა, ძალიან ემოციური და იმედი გვაქვს, რომ იგივეს თქმა შეგვეძლება კვირეულის ბოლოს, რომ კვირეული შედგა წარმატებით“.
ანა სუბელიანი ლაპარაკობს დიპლომატების როლის შესახებ, რომლებიც კინოჩვენებას ესწრებოდნენ. „მხოლოდ ელჩების ყოფნა ჩვენს ღონისძიებაზე არ უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ ჩვენ დაგვიცვან. ისედაც უნდა იცავდნენ ჩვენს უფლებებს. თუმცა ამ მოცემულობაში ჩვენი პარტნიოპრების მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ისინი „ღირსების მარშშიც“ მიიღებენ მონაწილეობას, დააფიქსირებენ თავინთ მხარდაჭერას ლგბტ-ქვიარ თემის და მთლიანად ქართული საზოგადოების მიმართ“, - აღნიშნა მან.
ასევე ნახეთ ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს კვერცხი მოარტყეს„პრაიდ კვირეული“ თბილისში 1 ივლისს გაიხსნა. ის მოაიცავს დოკუმენტური ფილმის ჩვენებას და ქვიარ მუსიკალურ ფესტივალს. კვირეული 5 ივლისს, ღირსების მარშით დასრულდება - ლგბტქ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ.
პრაიდის ორგანიზატორების პარალელურად მობილიზებულნი არიან საქართველოში არსებული პრორუსი, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები - ისინი ცდილობენ ხელი შეუშალონ პრაიდის ჩატარებას.