გოგონა ყარაბაღიდან: ცხოვრება დევნილთა ბანაკში

წიგნი, რომელშიც აზერბაიჯანელმა მწერალმა, ბლოგერმა და ჟურნალისტმა გუნელ მოვლუდმა ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ გაჩენილ, მრავალათასიან დევნილთა ბანაკში ცხოვრება აღწერა, ამ ბანაკისკენ, თაკარა მზეში, მტვრიან გზაზე მიმავალი 12 წლის გოგოს ამბით იწყება.

ეს გოგო თავად გუნელია, რომელმაც ჯერ არ იცის, რომ ომის მსხვერპლებით სავსე კარვების ქალაქში, ტალახსა და უწყლობაში, სიღარიბესა და დამცირებაში 14 წელს გაატარებს.

დევნილთა ბანაკი, სადაც გუნელ მოვლუდი და მისი ოჯახი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ

გუნელ მოვლუდმა, როგორც ავტორმა, ამ წიგნში არავინ დაინდო - წლების შემდეგ მან ზედმიწევნით აღწერა ბანაკის სასტიკი ცხოვრება, ომის ყველაზე მძიმე შედეგები, რაც, როგორც თავად ამბობს, სრულ სიყრუესა და დანარჩენი მსოფლიოს უყურადღებობაში ჩაიკარგა.

ის, რომელიც წლების შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გახდა იძულებული თავისი სამშობლო დაეტოვებინა, ჯერ თავის ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, შემდეგ კი თავშესაფარი ნორვეგიაში ითხოვა და ბოლო რამდენიმე წელია იქ ცხოვრობს და წერს.

გუნელ მოვლუდი თბილისში

„გოგონა ყარაბაღიდან“ ჯერ მხოლოდ რუსულ და ინგლისურ ენებზეა ნათარგმნი. გუნელს იმედი აქვს, რომ მას ქართველი მკითხველიც მალე წაიკითხავს მშობლიურ ენაზე.

მანამდე კი ჩვენ ვსაუბრობთ ყარაბაღის პირველ ომზე, უსასრულო ცხოვრებაზე კარვების ქალაქში, ომში ქალების გამოცდასა და იმ სირთულეებზე, რომლებიც გუნელ მოვლუდმა, რთულად, მაგრამ მაინც გადალახა.

გუნელ, რატომ გადაწყვიტე ამ წიგნის დაწერა ახლა - ხშირად მწერლებს ამისთვის სიბერემდე სჭირდებათ ხოლმე დრო, რომ თავს გადახდენილ მძიმე ამბებზე ასე ღიად ილაპარაკონ.

არ მეგულება მწერალი, ვინც არ დააფასებდა და გამოიყენებდა ამ შანსს და ასეთ ძლიერ, მდიდარ ცხოვრებისეულ მასალას ლიტერატურად არ აქცევდა. რა თქმა უნდა, მქონდა წყენაც, რადგან ჩვენი ამბავი - ყარაბაღის პირველი ომის ლტოლვილთა ისტორია იგნორირებული იყო, არავის მივაჩნდით იმის ღირსად, რომ ჩვენზე ვინმეს რამე დაეწერა. ამიტომ, როდესაც ახალგაზრდა მეამბოხე პოეტობის პერიოდმა გამიარა და პროზაიკოსი გავხდი, გადავწყვიტე, რომ ერთ-ერთი, რისი მოყოლაც მინდოდა, სწორედ ამ ხალხის ამბავი იყო, ვინც თოთხმეტი წელი კარვების ქალაქში გაატარა. ამ ხალხის თავგადასავალი ღირდა დასაწერად.

რა მოხდა ამ წიგნის გამოქვეყნების შემდეგ? როგორ შეხვდა მას მკითხველი?

წიგნს ძალიან წინააღმდეგობრივი გამოხმაურება მოჰყვა. უმეტესობამ მკაცრად გამაკრიტიკა ორი მიზეზის გამო. რატომ არ ვახსენე წიგნში სიტყვა "მტერი" და რატომ დავწერე, რომ „ჩვენ გავხდით დევნილები სომხების გამო“.

მეორე მიზეზი, რის გამოც ძალიან გამაკრიტიკეს იყო ის, რომ მათი აზრით, ეს რომანი აზერბაიჯანელი კაცის იმიჯს ლახავს და ანადგურებს.

წიგნს "ფემინისტურ მანიფესტიც" უწოდეს. ხოლო ჩემმა ნათესავებმა, უმეტესობამ, ჩემთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა. ცხადია, იყო ადეკვატური რეაქციებიც - ვინც მიიჩნევდა, რომ ეს წიგნი, ყარაბაღელი დევნილების შესახებ უნდა დაწერილიყო.

ჩემთვის ამ წიგნის მთავარი ღირსება მაინც ომის სისასტიკის ასე გაბედულად აღწერა და მასში ქალების როლის ჩვენებაა. როგორია შენი აზრით „ქალების ომი“?

ქალი - ომის „უბრალო, შავი მუშაა“. ომში ის არავინ არის. ომში, გმირი, დამცველი, მხსნელი - ყველა ეს პრეტენზიული ეპითეტი მხოლოდ მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი. კაცია ომის ცენტრში, ის არის ომის ვარსკვლავი. ის არის გამარჯვებული, ის მეომარია. ქალი კი ცარიელი ადგილი. თუკი ომში ყველაზე რომანტიკული პათოსი კაცებს ეხებათ, ქალს ყოველდღიური, დამღლელი, საყოფაცხოვრებო ტვირთი აწევს ზურგზე.

როდესაც მამაკაცები "გმირულად" ესვრიან ერთმანეთს, ქალები ამ ტყვიებს გაურბიან ბავშვებით ხელში. ისინი ტყვიების ქვეშ აჭმევენ ბავშვებს. მათ უნდა იზრუნონ ყველაფერზე, რასაც მშვიდობიან დროს, ჩვეულებრივ, კაცები აკეთებენ ხოლმე.

ომში, იმისთვის, რომ მტერს ატკინონ, ქალებზე ძალადობენ, ისინი ტყვეობაში აჰყავთ, მათ აშიმშილებენ, სცემენ. მაშინაც კი, როდესაც ტყვეების საკითხი დგება, გაუპატიურებულ ქალებზე არავინ ფიქრობს, უფრო მეტად სწყალობენ მათ მამებს, ძმებს, ქმრებს, რადგან რაღაც „ღირსება“ უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე, ვიდრე თავად ამ ქალების სიცოცხლე.

შენ ახსენე, რომ მაშინ მსოფლიო ვერ ხედავდა ამ ბანაკებს. რას გულისხმობ კონკრეტულად, რატომ გქონდა ასეთი შეგრძნება?

როდესაც ყარაბაღის მეორე ომი დაიწყო, მსოფლიო პრესაში უამრავი ინფორმაცია გავრცელდა ამ ომის დევნილების შესახებ. ჩვენ დავინახეთ მათი ტრაგედია და ამ ყველაფერმა თანაგრძნობის ძლიერი გრძნობაც გამოიწვია.

მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა პირველი ომის დროს. მსოფლიომ არაფერი იცოდა ჩვენზე. ჩვენც არანაირი შანსი არ გვქონდა ამ ტრაგედიაზე გველაპარაკა. არ არსებობდა სოციალური ქსელები, არ არსებობდა სამოქალაქო ჟურნალისტიკა. დღესაც, ეს ადამიანები რჩებიან ყარაბაღის პირველი ომის დევნილებად და მათი ბედის შესახებ ისევ არავინ არაფერი იცის. ჩემი წიგნი კი სწორედ ამის გამოსწორების მცდელობაა - ის მათზე ყვება, მათი მძიმე ცხოვრების ყოფით დეტალებზე.

გუნელ, შენ ამ წიგნის წარდგენისას თბილისში, ახსენე სიტყვები „მორალური დეგრადაცია - ალბათ, როდესაც ასეთ მძიმე პირობებში ცხოვრობ 14 წელი ან მეტი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ მაინც რას გულისხმობ ამ სიტყვებში?

ვფიქრობ, ამას კარგად ხსნის და აღწერს ერთი მონაკვეთი ამ წიგნიდან. კარვების ქალაქში მცხოვრები ადამიანები ნახევრად მშივრები იყვნენ. მათ არაადამიანურ პირობებში უწევდათ ცხოვრება. მინიმალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად საჭირო უმარტივესი ნივთების მოპოვება დიდი ნერვების წყვეტის და დიდი შრომის შედეგად ხერხდებოდა. ეს მორალურად ანგრევდა ადამიანებს, მათ სასტიკებს ხდიდა. ამ ბრაზს ისინი მერე სხვებზე ანთხევდნენ, მეზობლებზე, ოჯახის წევრებზე. ინტიმურობის არარსებობა განაპირობებდა იმას, რომ ადამიანებმა დაკარგეს ტაქტის გრძნობა, სიღარიბე მათ აიძულებდა ერთი კილო ბრინჯისთვის გაყიდულიყვნენ. ვინც უფრო ძლიერი იყო, ის მარტოხელა ქალებს აუპატიურებდა. ბიჭებზეც ძალადობდნენ. ჩემი ძმა შეესწრო ერთ ასეთ ფაქტს.

როდესაც ამ წიგნს ვწერდი და თავს ვაიძულებდი ამ ყველაფრის გახსენებას, უცებ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ახლა მეჩვენებოდა ასე საშინლად. იმ დროს კი ეს იყო ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, ნორმა, ჩვეულებრივი ამბავი.

დღეს როგორ ფიქრობ, რა გავლენა მოახდინა ბანაკის ცხოვრებამ შენზე?

ეს გავლენაც არ არის ცალსახა. ერთის მხრივ, მე დავკარგე რწმენა ხალხისადმი, მათი კარგი თვისებებისადმი, მას შემდეგ რაც დავინახე, როგორები შეიძლება იყვნენ ისინი მძიმე ცხოვრებების დროს, მაგრამ მეორეს მხრივ, ბანაკში ცხოვრება ჩემთვის მაინც მდიდარი გამოცდილება იყო.

ვისწავლე გადარჩენა, გავიგე როგორ უნდა გავუმკლავდე სირთულეებს, ერთგვარ ომის კრიზის-მენეჯერად ვიქეცი თითქოს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემთვის როგორც მწერლისთვის მაინც იყო ეს უნიკალური შესაძლებლობა, საკუთარი თვალით დამენახა ყველაფერი და ვყოფილიყავი ამ მოვლენების მონაწილე.

ნაწყვეტი რომანიდან

ყარაბაღისთვის ომი დღემდე გრძელდება. დღეს ისევ არიან დევნილები - როგორ აფასებთ იქ მომხდარ მოვლენებს?

ჩემი აზრით, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ხდება დევნილი, რომელი ერის შვილი. ეს საშინელებაა ყველა შემთხვევაში. ისევ გაჩნდნენ ახალი შეშინებული, ტრავმირებული ბავშვები. ახალი ადამიანები, რომელთა სიცოცხლე ომმა დაანგრია. ახალგაზრდების ახალი თაობა, რომლებიც კიდევ მტრობენ ერთმანეთს. მე ახლა მხოლოდ იმედგაცრუებას ვგრძნობ, რომ ამ გიგანტური პოლიტიკური პროცესის წინააღმდეგ ვერაფერს გავხდებით.

შენ ამ რომანში მხოლოდ სხვებზე კი არა, შენი ოჯახის წევრებზეც საკმაოდ მკაცრად წერ. კერძოდ, მამაზე. როგორ შეხვდნენ ამას თავად შენი გმირები?

დედას რომანიდან ამონარიდები წაუკითხეს და მან თქვა: „ყველაფერი სწორია, ყველაფერი ასე იყო, მაგრამ ამაოდ დაწერაო“. ჩემი დეიდა, ულდუზ კასუმი, მწერალია. მას ესმოდა ჩემი, როგორც მწერლის, მაგრამ როგორც მამიდამ, როგორც მამაჩემის დამ, არ მაპატია ის ნაწილი, რომელიც მის ძმას ეხებოდა. არ ვიცი ეს რამდენად კარგია ან ცუდი, მაგრამ ამ რომანის პერსონაჟთა უმეტესობა ცხოვრებას ისევ ისე აგრძელებს. მართალია, ისინი აღარ ცხოვრობენ კარვებში, მაგრამ ცხოვრობენ იგივე ნაცრისფერი, მოსაწყენი, უპერსპექტივო ცხოვრებით. ამ ბანაკიდან მხოლოდ მე ვარ, ვინც შეძლო ჩემი ბედის შეცვლა.

ისევ მინდა ომის მსხვერპლ ქალების თემას დავუბრუნდე, რომლებმაც ვერაფერი თქვეს და როგორც შენც ამბობ, არც მათი ესმოდა არავის. რამდენიმე ფაქტორი შეგიძლია მითხრა რატომაც ფიქრობ, რომ ისინი უფრო იყვნენ მსხვერპლნი, ვიდრე კაცები.

წიგნში არის ერთი მონაკვეთი, სადაც აღწერილია განსხვავება ბანაკში გოგონების და ვაჟების ცხოვრებას შორის. აუტანელი სიცხის დროს ბიჭებს შეეძლოთ ტანსაცმლის გახდა და მდინარეში ბანაობა. მათ შეეძლოთ ცარიელ კარვებში შეკრება და გართობა, შეეძლოთ თევზაობა, მეგობრებთან ერთად სადმე წასვლა. და ისინი სრულიად თავისუფალნი იყვნენ ყოველდღიური ცხოვრებისგან.

გოგონებს კი აკრძალული ჰქონდათ ყველაფერი, რაც ბიჭებისთვის იყო ნებადართული. გოგოებს უნდა მოეტანათ წყალი, ემუშავათ მინდორში, მათ ასევე უნდა დაეცვათ ოჯახის ღირსება. დაეცვათ თავიანთი სხეული, როგორც ოჯახის საკუთრება.

კაცებს შეეძლოთ უბრალოდ ენერვიულათ და არაფერი ეკეთებინათ. მათ ხომ საკუთარი მიწები დაკარგეს და ღირსება შეელახათ. ქალებს ეს ფუფუნება არ ჰქონდათ, მათ, ავადმყოფობის დროსაც კი უნდა ერეცხათ, ეწმინდათ, მინდვრებში ბამბა ეკრიფათ და ოჯახისთვის საზრდო მოეპოვებინათ.

გუნელ მოვლუდი თბილისის წიგნის ფესტივალზე საკუთარი წიგნის წარდგენისას

აზერბაიჯანში როგორ შეხვდნენ ამ წიგნს?

საინტერესოა, რომ წიგნის შესახებ ათობით მიმოხილვის გამოქვეყნების მიუხედავად, ხელისუფლება დუმილით შეხვდა მას. საზოგადოებაზე კი, როგორც ზემოთაც ვთქვი, ბევრს ეს არ მოეწონა. განსაკუთრებით ის, რაც რაც აზერბაიჯანელ კაცებზეა დაწერილი.

რა გინდა რომ ამ წიგნს მოჰყვეს, რა შეცვალოს ან გამოიწვიოს?

ოთხმოცდაათიან წლებში სიტყვას „დევნილი“, ბაქოში ძალიან უარყოფითი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ სიტყვაზე ყველა იჭმუხნებოდა. როდესაც ესმოდათ ეს სიტყვა, მათ წარმოედგინათ ადამიანები, რომლებიც მათ ქალაქში შეიჭრნენ, დაანგრიეს დედაქალაქის ჰარმონია და სიმშვიდე, შეიჭრნენ დაუმთავრებელ სახლებში. რომ ისინი იყვნენ ძალიან ნაგლები, რადგან შეეძლოთ მეზობლის კარზე მიკაკუნება, ტელეფონზე დარეკვის თხოვნა ან ორი ცალი კარტოფილის სესხება.

დედაქალაქის მოსახლეობას არ სურდა გაეგო, რომ ეს ხალხი აღმოჩნდა დედაქალაქში არა იმიტომ, რომ იქაურობა თაფლით იყო გაჟღენთილი, არამედ იმიტომ, რომ ისინი მშობლიური ტერიტორიიდან გააძევეს, რომ ეს ხალხი უხეში კი არ იყო, უბრალოდ გაშლილ სივრცეებში ცხოვრებას იყო მიჩვეული და ხმამაღლა ლაპარაკს. მათ სხვანაირი ცხოვრება არ ჰქონდათ ნანახი.

ჩემს წიგნში, მე ვეცადე, როგორც კინოში, ისე მეჩვენებინა მათი ცხოვრება ძალიან მცირე დეტალებში. ამან გამოიწვია ემპათია. ამ რომანის დაწერის მიზანიც ამ ემპათიის გამოწვევა იყო. მე ვეცადე ადამიანების კეთილშობილური თვისებებიც მეჩვენებინა და ისიც, რომ ომის დროს, ინგრევა არა მხოლოდ ქალაქები, უბნები და სახლები, არამედ ჩვენ, ადამიანებიც ვიშლებით.

წიგნში ერთი პასაჟი გაქვს, როცა ბანაკს ტოვებ, გადადიხართ ქალაქში, ახალ სახლში, და იქ ზიხარ ცივ იატაკზე და ტირი, რადგან თავს ბედნიერად ვერ გრძნობ და სასოწარკვეთილების გრძნობას ვერ უმკლავსები - ეს შეგრძნება დიდხანს გაგყვა?

ამ გრძნობამ არასოდეს მივუტოვებივარ. ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი განიცადა, ვეღარასოდეს შეძლებს იყოს სრულყოფილად ბედნიერი, თუნდაც ათასი სახლი ჰქონდეს.

შენ რამ გადაგარჩინა გუნელ და რამ მიგაღწევინა წარმატებას?

იმ წლებში, როგორც წიგნშია მითითებული, ბანაკში მასწავლებელი დები ცხოვრობდნენ, რომელთაც შეძლეს სოფლიდან წიგნების წამოღება. ისინი მაძლევდნენ ამ წიგნებს წასაკითხად და ამან გადამარჩინა. გადამარჩინა მოსაწყენი და სასტიკი ცხოვრებისდან, გარშემო არსებული უხეშობისგან, აგრესიისაგან, სიღარიბისგან. ეს წიგნები მასწავლიდნენ სხვა ცხოვრებაზე ოცნებას. იმისათვის, რომ ადამიანმა იოცნებოს რამეზე, ჯერ ინფორმაცია უნდა ჰქონდეს და ამ წიგნებმა მე ამ ინფორმაციით მომამარაგა. მათ მომცეს ძალა მეოცნება და მე ავისრულე ჩემი ოცნება. გავხდი ის, ვინც მსურდა. მწერალი, მოგზაური, უბოროტო ადამიანი. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ყველაზე არაადამიანურ სიტუაციებშიც კი, ხელოვნებასა და ლიტერატურას შეუძლია ადამიანების სულების გადარჩენა.