ჰომოფობიური და რადიკალი ჯგუფები არა მხოლოდ ლგბტქ აქტივისტების, დასავლური ღირებულებების, დიპლომატიური კორპუსის და საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ ილაშქრებენ და ინაწილებენ ადგილს რუსთაველის გამზირზე, საიდანაც ეფექტურად შეუშლიან ხელს ღირსების მარშის ჩატარებას.
რას აპირებენ ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები
თბილისი პრაიდი 1 ივლისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაიმართება - ღირსების მარში რუსთაველის გამზირზე 5-შია დაგეგმილი. 4 ივლისიდან რუსთაველის მეტროსთან გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები გაშლიან კარავს, 5 ივლისს, დილის 10 საათიდან “Alt ინფოს” მხარდამჭერები შეიკრიბებიან ქაშუეთის უკან, 9 აპრილის ბაღში, 12 საათზე კი ლევან ვასაძე აპირებს რუსთაველის ძეგლთან გამაგრებას. მობილიზაციას აცხადებენ და მრევლს გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებენ სასულიერო პირებიც.
“5 ივლისს ის კი არ წყდება, 10 ავადმყოფი რუსთაველზე გაივლის თუ არა. 5 ივლისს წყდება, ამ ქვეყანაში ვისი წესები მოქმედებს. მოღალატე პოლიტიკური პარტიების, ენჯეოების, მედიასაშუალებების და რაც მთავარია, მათი უცხოელი პატრონების თუ ჩვენი. ისინი ჩვენ მოძალადეებს გვეძახიან და დიახ, მე ვარ მოძალადე. მე შემიძლია და ვაპირებს საკუთარი ღირებულებების მათ შორის ძალით დაცვას. თუ ჩემი შვილი ამათი შექმნილი ჯოჯოხეთის პირობებში უნდა გაიზარდოს, მე მზად ვარ, ძალით ვიმოქმედო ამის წინააღმდეგ” - მიმართვის ავტორი ანტილიბერალური ონლაინმედია “Alt ინფოს” წამყვანი და ორგანიზაცია “ალტერნატივა საქართველოსთვის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურაბ მახარაძეა.
ეს არ არის ძალადობის შემცველი ერთადერთი მოწოდება, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა - შინაგან საქმეთა სამინისტრო არ პასუხობს რადიო თავისუფლების კითხვას, რა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს უწყება ღირსების მარშის დროს ძალადობის აღსაკვეთად და აქტივისტების უსაფრთხოებისთვის. ძალადობრივ ჯგუფებს კი აქვთ იმედი, რომ თუკი ისინი მოსახლეობის დიდი რაოდენობის გამოყვანას შეძლებენ პრაიდის საწინააღმდეგოდ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო და ასევე, ზოგადად სახელმწიფო ანგარიშს გაუწევს და მათ წინააღმდეგ ძალას არ იხმარს. განსაკუთრებული დაცვის გარანტად ჰომოფობიურ გაერთიანებებს მათ კონტრაქციაში სასულიერო პირების მონაწილეობა მიაჩნიათ. სასულიერო პირების ნაწილი ღიად მოუწოდებს მრევლს, გამოვიდეს 5 ივლისს გარეთ, ნაწილი კი თვითონ გამოთქვამს მზაობას, დადგეს ძალადობრივი ჯგუფების გვერდით.
“როგორც ვიცი, სასულიერო პირები ყველა რაიონიდან მოდიან, რათა როგორმე ლგბტ პრაიდს წინ აღუდგნენ”, – თქვა 29 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე თელეთის ხარების ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ბასილ იაშაღაშვილმა.
“შეიძლება, ვიღაც მივიდეს, მათ პლაკატი წაართვას, შეიძლება, ვიღაცამ არ წაართვას და ისე იდგეს აქციაზე. გარყვნილების პლაკატი რომ უკავია ადამიანს, ვიღაც მივა და წაართმევს ისე, რომ არ სცემს და დაარტყამს, ვფიქრობ, ეს ძალადობა არაა” - ასე წარმოუდგენია სასულიერო პირს ღირსების მარშის წინააღმდეგობა.
თელეთის ტაძრის წინამძღვარი არ არის ერთადერთი სასულიერო პირი, რომელიც პრაიდის წინააღმდეგია. 29 ივნისს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ “მსგავსი აქტივობებით ლგბტქ+ ინტერესების დაცვა კი არ ხდება, არამედ ხელი ეწყობა მცირე ნაწილისათვის გარკვეული დივიდენდების მიღებას, ხალხში კი ამ ჯგუფისადმი აგრესიის ხელოვნურად გაჩენას.”
ასევე ნახეთ ჯაღმაიძე ცდილობს პანსიონზე „პროპაგანდისტული შტურმი" პრაიდის კვირეულთან დააკავშიროსრას ფიქრობენ პოლიტიკოსები ღირსების მარშზე
ხელისუფლება ღიად ამბობს, რომ “მიზანშეწონილად არ მიიჩნევს” ღირსების მარშის ჩატარებას “სრული კონტექსტის გათვალისწინებით.” მკაფიოდ ლგბტქ პირების მხარდაჭერას ერიდება ოპოზიციის ნაწილიც: ალეკო ელისაშვილი თვლის, რომ პრაიდი “ზიზღის ტალღის აგორების” გარდა არაფერს ემსახურება, მამუკა ხაზარაძე კი უსაფრთხოების საფრთხეს ხედავს გამოხატვის უფლების რეალიზებაში.
პოლიტიკოსების ნაწილი ოპოზიციიდან ფიქრობს, რომ ღირსების მარშის უსაფრთხოებისთვის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ღია მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება. რომან გოცირიძემ პრეზიდენტს თხოვა პრაიდში მონაწილეობა, ხათუნა სამნიძე კი პარლამენტში ითხოვდა შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას პრაიდის უსააფრთხოების საკითხებზე მსჯელობისთვის.
სანამ ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი ფრთხილ და მოზომილ განცხადებებს აკეთებს და ამ განცხადებებით ვითარების დაძაბვის მიზეზად ლგბტქ აქტივისტებს სახავს, ნაციონალისტური და ჰომოფობიური ჯგუფები მოძალადე ჯგუფის წევრებმა საპროტესტო აქცია უცხოელი დიპლომატების წინააღმდეგაც მოაწყვეს.
გურამ ფალავანდიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და სხვა ჰომოფობიურად განწყობილი, პრორუსი აქტორები დღეს ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ითხოვდნენ ელჩების “პერსონა ნონ გრატად” გამოცხადებას. ამერიკის ელჩმა 29 ივნისს იმედი გამოთქვა, იმედი რომ პრაიდი მშვიდობიან ვითარებაში ჩაივლიდა, ევროპარლამენტის 30-მა დეპუტატმა კი რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს გამოუგზავნა წერილი, სადაც შეახსენა ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება.
30 ივნისს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და დიპლომატიურმა მისიებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, "დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება საქართველოში ყველა ადამიანისთვის, გამონაკლისის გარეშე და უზრუნველყოს ამ ღონისძიებების ჩატარება უსაფრთხო გარემოში."
"საჯარო შეკრებები მოქმედი დემოკრატიის საფუძველია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ წინა მოწოდებას საქართველოს მთავრობის, პოლიტიკური, სამოქალაქო და რელიგიური ლიდერების მისამართით, რომ შეებრძოლონ ყველანაირ დისკრიმინაციასა და ცრურწმენებს და მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ძალადობის აღსაკვეთად და პატივისცემასა და თანაგრძნობაზე დაფუძნებული საჯარო დისკურსის გასამართად" - ნათქვამია მათ განცხადებაში.
Your browser doesn’t support HTML5
საელჩოებს და უცხოელ პარტნიორებს 29 ივნისს მიმართა საპატრიარქომაც და თხოვა, თავი შეეკავებინათ თბილისი პრაიდის მხარდაჭერისა და მისი წახალისებისკენ, საქართველოს ხელისუფლებას კი მოუწოდა, ადეკვატურად შეაფასოს არსებული ვითარება. ეკლესია თხოვს მთავრობას “აარიდოს ქვეყანას დესტაბილიზაცია, საზოგადოებრივ ცხოვრებას კი გარდაუვალი შფოთი.”
სასულიერო პირები აქტიურად არიან ჩართული ღირსების მარშის საწინააღმდეგო მოძრაობაში. არაერთი მღვდელმთავარი და მღვდელი თვლის რომ მათი მრევლი უნდა იყოს რუსთაველის გამზირზე და ხელი შეუშალოს მშვიდობიან მსვლელობას.
პრორუსული ჯგუფები თბილისი პრაიდის წინ ავრცელებენ დეზინფორმაციულ გზავნილებსაც იმის შესახებ, რომ საქართველოში უმცირესობის უფლებების დაცვა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების ხელისშემშლელი გარემოება გახდება ქვეყნისთვის. “ერთობა, რაობა, იმედის” ლიდერი, ლევან ვასაძე ამტკიცებს, რომ პრაიდი შელახავს ქართველი ერის ღირსებას და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების წინააღმდეგ გალაშქრება იქნება, რაც რეგიონში საქართველოს რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს. ის ყველა ეროვნებისა და რელიგიის ადამიანს მოუწოდებს, “არ გაატეხინოს ხერხემალში საქართველოს ზნეობრივი კოდი ქვეყნის ტრადიციების მტრებს”. ლევან ვასაძე მხარდამჭერებს ურჩევს “ხელი არ დაარტყან პერვერტებს”, მაგრამ დაპირისპირების ადგილიდან გაიყვანონ, სამართალდამცველებს კი მოუწოდებს, არ მოიქცნენ კანონის შესაბამისად და “არ გამოესარჩლონ უზნეობის ზეიმს საქართველოში.”
ასევე ნახეთ „ახლა“ და „ყველა“ და არა „ახლა ამის დროს არ არის“ - ვისია ბრძოლა თავისუფლებისთვის?ღირსების მარშის მონაწილეები კი ამბობენ, რომ ქვიარ ადამიანებს ჭირდებათ, ხმამაღლა ისაუბრონ მათ პრობლემებზე. მათთვის მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, თანამოქალაქეებს და სახელწმიფოს გააგონონ მათი ხმა და ამიტომაც გამოდიან სოლიდარობისთვის.
პრაიდის მონაწილეები სახელწმიფოსგან ითხოვენ:
- უზრუნველყოს ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება;
- Შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება თანასწორი გარემოს შესაქმნელად, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად;
- უზრუნველყოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჯეროვანი გამოძიება და დაიცვას სამართლიანობის პრინციპი;
- დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა.