დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის კვლავაც დაძაბულობაა შავ ზღვაში მომხდარი ინციდენტის გამო

დიდი ბრიტანეთის სამხედრო ხომალდი HMS Defender-ი ოდესის პორტთან.

დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის კვლავაც დაძაბულობაა გასულ კვირაში შავ ზღვაში მომხდარი ინციდენტის გამო, როცა ბრიტანეთის სამხედრო ხომალდმა ახლოს ჩაუარა უკრაინის კუთვნილ და რუსეთის მიერ 2014 წელს ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 30 ივნისს ყოველწლიურ სატელევიზიო პროგრამა „პირდაპირ ხაზში“, რომელშიც ის მოსახლეობის შეკითხვებს სცემდა პასუხს, გაიმეორა, რომ რუსეთის ერთ-ერთმა სამხედრო გემმა გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელა და სამხედრო თვითმფრინავებმა ბომბები ჩამოყარეს ბრიტანეთის სამხედრო ხომალდის, HMS Defender-ის გზაზე, რათა ეიძულებინათ ის, დაეტოვებინა ყირიმის მახლობელი წყლები, რომელსაც მოსკოვი თავისად მიიჩნევს.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ბრიტანული ხომალდის მხრიდან რაიმე დარღვევა, პრემიერ-მინისტრმა ჯონსონმა კი განაცხადა, რომ HMS Defender-ი საზღვაო ნავიგაციის საერთაშორისო წესებით მოქმედებდა. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი და მისი აკვატორია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ უკრაინის ტერიტორიადაა აღიარებული.

უკრაინის შემდეგ ბრიტანული სამხედრო გემი HMS Defender-ი საქართველოს, ბათუმს ეწვია, შემდეგ კი დაბრუნდება უკრაინის აკვატორიაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო წვრთნებში Sea Breeze 2021-ში მონაწილეობისთვის, რომელიც 28 ივნისს დაიწყო.

Sea Breeze 2021-ის ორგანიზატორები არიან აშშ-ის მეექვსე ფლოტი და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები. წვრთნაში, რომლის მიზანია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცება, მონაწილეობს ნატოს წევრი და პარტნიორი 32 ქვეყანა, მათ შორის საქართველო. სწავლება Sea Breeze უკვე ოცი წელია ტარდება, თუმცა, ამდენი მონაწილე მას არასდროს ჰყოლია. სწავლებაში ჩართულია 5 000 სამხედრო, 32 გემი, 40 საფრენი აპარატი და სპეცდანიშნულების და მყვინთავების 18 რაზმი.

ინციდენტი მოხდა რუსეთსა და ნიდერლანდს შორისაც. ნიდერლანდის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთი დაადანაშაულა შავ ზღვაში, ნიდერლანდის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემისთვის საფრთხის შექმნაში. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 ივნისს, ნიდერლანდის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემ Evertsen-ს, რომელიც შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში იმყოფებოდა, სახიფათო მანძილზე მიუახლოვდნენ რუსული ავიაგამანადგურებლები და გემზე შეტევის იმიტაცია მოაწყვეს.